ბრძანება N 26409
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26409
01 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (წარმომ. მის.:----- )
2025 წლის 3 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 სექტემბრის, 10 ოქტომბრის და 14 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები N 82, N 86 და N 95) განიხილა შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ) N 138006/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს N EL292637, N EL292640, 2025 წლის 21 აგვისტოს N EL293370 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 14 აგვისტოს N EL77777/8 (N 006-8), N EL77777/10 (N 006-10) საგადასახადო მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად დათვლილი ყუთების რაოდენობა დაემთხვა კამერალურ ნაშთს, თუმცა მებაჟე ოფიცრებმა ჩათვალეს, რომ 1052 კოლოფი სიგარეტი (-----) უკანონოდ იქნა განკარგული ხოლო 1000 კოლოფი სიგარეტი (-----) მიიჩნიეს არადეკლარირებულად.
დადეკლარირებული სიგარეტების სახეობების ფასი არის იდენტური. ნაწილი ტვირთი გადაიყიდა საწყობში და შემდგომ გავიდა რეექსპორტის პროცედურის დეკლარაციით, რა დროსაც სატვირთო ავტომობილში ჩატვირთვისას აირია სახეობები და შეცდომით იქნა ჩატვირთული 2 ყუთი სიგარეტი -----, ხოლო 2 ყუთი იდენტური ფასის მქონე სიგარეტი დარჩა საწყობში. იმის გამო, რომ 1000 კოლოფი რელურად დანაკლისს არ წარმოადგენს, არამედ რეექსპორტის დეკლარაციაში იქნა არასწორი მონაცემები ასახული, აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაითვალოს უკანონო განკარგვად. გაურკვევლობას აქვს ადგილი ასევე 71 კოლოფი სიგარეტის (-----) დანაკლისთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს N EL292637, N EL292640, N EL293370 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას.
მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საურავის დარიცხვისას (2025 წლის 14 აგვისტოს N EL77777/8 (N 006-8) და N EL77777/10 (N 006-10) საგადასახადო მოთხოვნები) არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილი 3 წლიანი ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 15 ივლისის N 15938 ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 15 ივლისიდან - 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. -----, ----- მდებარე, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობისთვის ( ----- ) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაზეც მიმდინარე წლის 11 აგვისტოს შედგა „შპს ----- (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობისთვის ( ----- ) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი N -----“.
სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.
საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლიდან შერჩევით დათვალიერდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი, მათ შორის, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც მოქცეული იყო საბაჟო საწყობის პროცედურაში და აღნიშნულ საბაჟო საწყობში ინახებოდა N ----- ( ----- ) და N ----- ( ----- ) საქონლის საბაჟო დეკლარაციებით.
– N ----- ( ----- ) საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის „-----“ დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 71 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 216 000 კოლოფი; საწყობის მიერ წარმოდგენილი რაოდენობა 215 929 კოლოფი).
– N ----- ( ----- ) საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის „ ----- “ დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 1 052 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 250 000 კოლოფი; საწყობის მიერ წარმოდგენილი რაოდენობა 248 948 კოლოფი). აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დათვალიერების დროს, ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული ფილტრიანი სიგარეტი „ ----- “ – 500 კოლოფი და ფილტრიანი სიგარეტი „ ----- “ – 500 კოლოფი.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 12 აგვისტოს შედგენილ იქნა N EL292637 და N EL292640 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „ ------ “ (ს/ნ ------ ), შპს „------“ (ს/ნ -----) ერთად, სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 413.85 ლარისა და 5955.56 ლარის ოდენობით. ასევე შედგენილ იქნა N EL293370 (21.08.2025) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ), შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ) ერთად, სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 310 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
2025 წლის 14 აგვისტოს გამოიცა N EL77777/8 და N EL77777/10 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ), შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ) ერთად, სოლიდარულად დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა გადამხდელის მონაწილეობით ჩაინიშნა 2025 წლის 26 სექტემბერს 10:15 სთ-ზე. შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა მომჩივანთან კომუნიკაცია და მოწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლი მიუთითებს, რომ თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია საბაჟო საწყობის მფლობელისა და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის სოლიდარული პასუხისმგებლობა, კერძოდ, ისინი ვალდებულნი არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე საკანონმდებლო აქტის 253-ემუხლის მიხედით, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, სადავო საგადასახადო მოთხოვნებით წარმოშობილ საბაჟო ვალდებულებაზე სოლიდარულად დარიცხული თანხებიც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ არადეკლარირებულად მიჩნეული ფილტრიანი სიგარეტები წარმოადგენს N ----- ( ----- ) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონლის ნაწილს, რომელიც ტვირთის გადაყიდვის შემდგომ შეცდომით დარჩა საბაჟო საწყობში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საბაჟო საწყობის შემოწმებისას საბაჟო დეპარტამენტის N 15938 ბრძანებით დამტკიცებულმა სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციით, რომლის მიხედვით ფილტრიანი სიგარეტები „-----“ და „-----“ არ უნდა ყოფილიყო შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობში.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ საურავი დარიცხულია დეკლარაციების რეგისტრაციის თარიღიდან და დარიცხვა არ შეწყდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილი ვადის - 3 წლის გასვლის შემდგომ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავისა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს N EL292637, N EL292640, N EL293370 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლიდან შერჩევით დათვალიერდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი, მათ შორის, მომჩივანის კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც მოქცეული იყო საბაჟო საწყობის პროცედურაში და აღნიშნულ საბაჟო საწყობში ინახებოდა საქონლის საბაჟო დეკლარაციებით. საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის დათვალიერებისას დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის მიერ წარმოდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობა 71 კოლოფით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ნაშთთან შედარებით (პროგრამული ნაშთი 216 000 კოლოფი; საწყობის მიერ წარმოდგენილი რაოდენობა 215 929 კოლოფი). ასევე გამოვლინდა არადეკლარირებული ფილტრიანი სიგარეტი 500 კოლოფი და ფილტრიანი სიგარეტი 500 კოლოფი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 12 აგვისტოს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 413.85 ლარისა და 5955.56 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დარიცხული საურავის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, დამატებით შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172; 168;