რეინვესტირების ფარგლებში განხორციელებული რემონტი N 0509

0509 რეინვესტირების ფარგლებში განხორციელებული რემონტი - (ძალადაკარგული) 22.09.2015
№ დოკუმენტი 0509
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეინვესტირების ფარგლებში განხორციელებული რემონტი N 0509

ფაქტობრივი გარემოებები

· სამედიცინო დაწესებულებამ 2013 კალენდარული წლის განმავლობაში მიიღო ფინანსური და საგადასახადო მოგება, 150 000 ლარის ოდენობით, რომელიც გამოყო შემდგომ წლებში რეინვესტირებისთვის და შესაბამისად არ დაბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელმა საკუთრებაში არსებულ ძირითად საშუალებებს რეინვესტირების ფარგლებში, ჩაუტარა არა ექსპლუატაციასთან დაკავშირებული, არამედ მისი ამოსავალი (თავდაპირველი, ნორმატიული) მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით რემონტი.

შეფასება

· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

· რეინვესტირებად მიიჩნევა ძირითადი საშუალების რემონტი, თუ რემონტის შედეგად იზრდება ძირითადი საშუალების ამოსავალი (თავდაპირველი, ნორმატიული) მწარმოებლურობა, ხოლო ძირითადი საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რემონტის ხარჯები, რომელიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღსადგენად ან შესანარჩუნებლად, რეინვესტირებად არ განიხილება. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში პირმა საკუთრებაში არსებულ ძირითად საშუალებებს რემონტი ჩაუტარა მისი ამოსავალი (თავდაპირველი, ნორმატიული) მწარმოებლურობის გაზრდის მიზნით, საგადასახადო შეღავათით სარგებლობა მართლზომიერია.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით