ბრძანება N 17379

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.07.2024
№ დოკუმენტი 17379
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17379

24 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --- ის (ს/ნ ---)

(მის.:---) 2024 წლის 19 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 და 18 ივლისის სხდომებზე (ოქმი №72 და №78) განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ --- ) 2024 წლის 19 ივნისის №90266/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №007- 92 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. აცხადებს, რომ შემმოწმებელს მიეწოდა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ბაზა - ორისის ასლი. აღრიცხვა, მიმდინარეობდა კანონმდებლობის დაცვით და რეალიზებული საქონლის შეპირისპირება ხდებოდა შეძენილ საქონელთან, რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ზედმეტობა/დანაკლისი არ გამოვლენილა. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციას ნაშთები მიაწოდა ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან, რომელიც შედარებულ იქნა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და მოხდა მათი იდენტიფიცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვლინდებოდა ზედმეტობა/დანაკლისი.

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დაანგარიშებულ საქონლის თვითღირებულებას და ფასნამატს. აცხადებს, რომ აღნიშნული შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული.

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სმფ-ების ნაშთების ცვლილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3464 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ --- ის (ს/ნ --- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო 24 ივლისი 2024 N 17379 შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 14 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 16 მაისის №11360 ბრძანება და ამავე თარიღის №007-92 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 118 949 ლარი, მათ შორის, გადასახადი 66 150 ლარი, ჯარიმა 27 873 ლარი, საურავი 24 926 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ --- ის საქმიანობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექსტილის შემოტანა ჩინეთიდან და ადგილობრივი რეალიზაცია. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში --- ს ტერიტორიაზე. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს წლების შესაბამისად 7-8%-ს, ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 1 180 502 ლარს. მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეალიზაციის დოკუმენტაციაში სრულად ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის შესყიდულ საქონელთან იდენტიფიცირება. მეწარმესთან 2024 წლის 18 მარტის ბრძანებით ჩატარებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი. ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ:

შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ურთიერთშეპირისპირებით დადგენილ იქნა სმფ-ების თვითღირებულება (საწყის ნაშთს+შეძენები-საბოლოო ნაშთი), რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი და განისაზღვრა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ოდენობა. შედეგად, მეწარმეს სალდირებულად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხევდით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და რეალიზაციის დოკუმენტაციაში სრულად ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის შესყიდულ საქონელთან იდენტიფიცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ შემოწმებით არასწორად არის გაანგარიშებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და ფასნამატი. აცხადებს, რომ გადამხდელს №--- სასაქონლო ზედნადებით 2022 წლის 17 ნოემბერს გაწერილი აქვს ლოგინის საბანი, სასაქონლო კოდით 161000071, რომლის ნაშთი ბუღალტრულად არ ფიქსირდება. შემმოწმებელმა თვითღირებულების გასაანგარიშებლად გამოიყენა არა წინა პერიოდებში, 2020 წლის 13 ოქტომბრის A--- საბაჟო დეკლარაციით, შეძენილი ზუსტად იგივე სასაქონლო კოდით შეძენილი საბნის თვითღირებულება, არამედ იაფი თვითღირებულების საბნის ფასი. აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომაა გამოყენებული რამდენიმე დასახელების საქონლის შემთხვევაშიც, რითაც შემცირდა დანარჩენი საქონლის საშუალო თვითღირებულება და გაიზარდა საშუალო ფასნამატი.

მიუხედავად იმისა, რომ ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი შესაბამისობაშია სალაროს ჩეკებით რეალიზებული საქონლის ფასნამატთან, შემოწმების მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასნამატი გავრცელებულ იქნა ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციით, შემოწმებით არასწორად მოხდა წლის დასაწყისში და წლის ბოლოს ნაშთების ცვლილება. მიუთითებს, რომ 2023 წლის პირველი იანვრისათვის შემოწმებით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 209 456 ლარს, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე შეძენილია 277 378 ლარის სმფ, რაც დასტურდება შემოწმების სამუშაო ფაილით, ამასთან, სმფ-ების ინვენტარიზაციამდე საქონლის შეძენა არ მომხდარა. აცხადებს, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციამდე რეალიზაციამ შეადგინა 478 707 ლარი, შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატის (36.5%) გამოყენებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 350 701 ლარს, შესაბამისად, ინვენტარიზაციის დღისათვის საქონლის ნაშთი უნდა ყოფილიყო 136 133 ლარი, ინვენტარიზაციით კი ფიქსირდება 329 404 ლარის საქონელი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოხსენებულის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშების და სმფ-ების ნაშთების ცვლილების ნაწილში), ამასთან, საწარმოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე არ გაავრცელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ --- ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშების და სმფ-ების ნაშთების ცვლილების ნაწილში), ამასთან, საწარმოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე არ გაავრცელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დაანგარიშებულ საქონლის თვითღირებულებას და ფასნამატს.

 გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სმფ-ების ნაშთების ცვლილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ურთიერთშეპირისპირებით დადგენილ იქნა სმფ-ების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი და განისაზღვრა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავლის ოდენობა, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ოდენობა. შედეგად, მეწარმეს სალდირებულად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, ამასთან, საწარმოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე არ გაავრცელოს შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 105; 145.