გადაწყვეტილება №19519/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19519/2/2023
07 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19519/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №069-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7627 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 101 412 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 117
დღგ - 37 393
საშემოსავლო გადასახადი - 23 724
ჯარიმა - 29 912
საურავი - 10 383
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 4 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2020 წლის 10 აპრილს. ამასთან, 2020 წლის პირველი იანვრიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სათბობი მასალებით (დაპობილი შეშით) ვაჭრობა, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით (სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის საწვავი ხის მასალის (შეშის) მიწოდება). ასევე, უფიქსირდებოდა სასმელი წყლის, ღვინის ბოთლების, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების (მ.შ. მინერალური) შეძენა/რეალიზაცია, თუმცა მათგან მხოლოდ ნაწილი იყო დოკუმენტურად რეალიზებული, დანარჩენის რეალიზაცია აღრიცხული არ ყოფილა.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აღრიცხავდა შემოსავლებს და ხარჯებს. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდში არ აწარმოებდა აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს (მათ შორის ელექტრონულად). შემოწმებით შეუძლებელი იყო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის კონტროლი - მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამისად, სააღრიცხვო ინფორმაციით დაბეგვრის ობიექტი გარკვეულ შემთხვევებში ვერ დგინდებოდა.
გადამხდელის განმარტებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გააჩნდა სასაწყობე ფართი და შესაბამისად, არ ჰქონდა სმფ-ების ნაშთები და შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა პირდაპირ მყიდველის ტერიტორიამდე (ბენეფიციარებთან). ასევე, გადამხდელს არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობის პერიოდებზე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების დიდი ნაწილი. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების შესწავლა, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ასევე, შემოწმებამ, გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, გაანგარიშდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (მინერალური წყალი) დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებამ, ასევე, მოიძია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატები საქონლის კატეგორიების ჭრილში, წლების მიხედვით და გავრცელდა შეძენილი პროდუქციის (სასმელი წყალი, ღვინო, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები) იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია და ნაშთი არ უფიქსირდებოდა გადამხდელს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი 161-ე, 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა 2019 წლის საანგარიშო პერიოდისა და 2020 წლის პირველი იანვრიდან მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობისას დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა, რომელთა დადგენის მიზნით შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი (მ.შ. სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილის [სასმელი/მინერალური წყალი, ღვინო, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები] რეალიზაციისას შემოსავლის განსაზღვრისთვის დოკუმენტური და აუდირებული ფასნამატები). შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე, 90-ე და 91-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით - 2019 წელს 20%-იანი განაკვეთით, ხოლო 2020 წლის პირველი იანვრიდან 1%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.12.2022 წლის №32059 ბრძანება და 21.12.2022 წლის №069- 5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7627 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 79-ე მუხლით, მე-80 მუხლით, 81-ე მუხლით, 90-ე და 91-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, იქიდან გამომდინარე, შემოწმების პროცესში მისი მხრიდან თანამშრომლობა. ასევე, არ ეთანხმება მინერალურ წყლებზე ფასნამატის გავრცელებას გადაუმოწმებელ ნაშთზე. განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგენია და არც საგადასახადო შემოწმების აქტით არ იკვეთება გადასახადის გაანგარიშების სისწორე. დამატებით აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა გარკვეული ოპერაციების ორმაგად დაბეგვრა, რამაც გაზარდა საგადასახადო ვალდებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გაანგარიშდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (მინერალური წყალი) დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებამ, ასევე, მოიძია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატები საქონლის კატეგორიების ჭრილში, წლების მიხედვით და გავრცელდა შეძენილი პროდუქციის (სასმელი წყალი, ღვინო, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები) იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია და ნაშთი არ უფიქსირდებოდა გადამხდელს.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გაანგარიშდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის (მინერალური წყალი) დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებამ, ასევე, მოიძია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატები საქონლის კატეგორიების ჭრილში, წლების მიხედვით და გავრცელდა შეძენილი პროდუქციის (სასმელი წყალი, ღვინო, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები) იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია და ნაშთი არ უფიქსირდებოდა გადამხდელს.
გადაწყვეტილება
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 90(1); 91; 102(1„ა“); 154(1„დ“); 159(1„ა“); 163(1); 164(1); 275; 291
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)