გადაწყვეტილება №21616/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21616/2/2023
04 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 17.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21616/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №007-158 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30930 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 161 237 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 100 235
დღგ - 2 883
საშემოსავლო გადასახადი - 97 352
ჯარიმა - 50 118
საურავი - 10 884
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას დოკუმენტურად სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს საქონელი. ასევე, რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, არ წარუდგენია საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების მიერ მიწოდებულ მასალებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებულ დოკუმენტებს (საბანკო ამონაწერები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას.
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის (ჯართი) ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 8 916 ლარს. ვინაიდან ვერ მოხერხდა აღნიშნული საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება, 8 916 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №14772 ბრძანება და №007-158 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 161 237 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 15.09.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.09.2023 წლის №20845/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 11 დეკემბრის №30930 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. თუმცა, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30930 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 172-ე, 73-ე, მე-100, 101-ე, მე-12, 154-ე, 43-ე მუხლებზე, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ გამოვლენილი სმფ-ების რაოდენობრივი სხვაობა არსებითია და აღნიშნულ სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელების საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირზე მიწოდებად განხილვას. უპირველესად, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიას არ შეუსწავლია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის დადასტურება და შესაბამისად, არამართლზომიერია საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ისე, რომ არ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ფაქტი. შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე.წ. არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და მის წინაპირობებს განსაზღვრას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. პირველ რიგში, გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. ამასთან, შემოწმების აქტში საერთოდ არ არის მითითება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და შესაბამისად მისი გამოყენების საფუძვლებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-421(2კ-20) გადაწყვეტილებით განმარტებულია საგადასახადო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახდო ორგანო ვალდებული იყო საგადასახდო ვალდებულების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ხსენებული ნორმით (სსკ-ის 73-ე მუხლი) საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. იმ პირობებში კი, როდესაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთადერთ საფუძვლად უთითებს მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევას, ამასთან, არ დგინდება რაში გამოიხატა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, მითითებული არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს.“
განსახილველ შემთხვევაში, შემოწმების აქტი არ შეიცავს მითითებას საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის სამართლებრივ ნორმებზე, არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად. ამასთან, მტკიცებულებათა გამოუკვლევლად განხორციელდა კომპანიის ტვირთის დამძიმება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. მიმდინარე შემოწმების აქტით დადასტურებულია, რომ კომპანიის სასაქონლომატერიალური ფასეულობების მთლიანი, 100% რეალიზაცია წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციებს. განსახილველ შემთხვევაში კი, შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძვლებს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად.
ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს თავად შემოწმების აქტი, კერძოდ, შემმოწმებელი თავად მიუთითებს და აღნიშნული ასევე დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია სრულად განხორციელებულია დოკუმენტურად. შესაბამისად, კატეგორიულად არ ეთანხმება, შემოწმებით დადგენილი ნაშთის რეალიზებულად განხილვას, რადგან შემოწმებას აღნიშნულის რეალიზებულად მიჩნევისთვის უნდა გააჩნდეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ კომპანიას რეალიზაცია სრულად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით. შესაბამისად, როდესაც 2 საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადასტურებულია, რომ კომპანია მხოლოდ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით რეალიზაციას ახორციელებს, არამართებულია ნაშთად გამოვლენილი 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 1 038 342 კგ-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 007 კგ-ს, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის მხოლოდ 0,001% უფიქსირდება კომპანიას ნაშთად, და როდესაც მთლიანად შესყიდული პროდუქციის 99,999% კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზაციისთვის.
შემოწმების შედეგად დადგენილი საბოლოო სმფ-ს ნაშთის არსებობის ფაქტი არ დადასტურებულა და თუ შემოწმებამ უტყუარად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნაშთი კომპანიას არ გააჩნია, უპირველესად საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, რომ აღნიშნული ნაშთის არ არსებობის ფაქტი მიეჩნია არაპირდაპირი მეთოდით არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30930 ბრძანებით უგულვებელყოფილი იქნა როგორც მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მითითება სადავო საკითხთან მიმართებაში არსებითობის პრინციპის გათვალისწინების თაობაზე და შემოსავლების სამსახურმა, შემმოწმებლის მიერ არაიდენტიფიცირებად პირებზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება, რომელიც შეადგენს კომპანიის მიერ შესყიდული და რეალიზებული საქონლის 0,001%-ს, მიიჩნია არსებითად. აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა არა მხოლოდ უგულვებელყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მითითება, არამედ, გამოსცა მისივე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება. დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის პრაქტიკა მსგავს საკითხებთან (არაარსებითობისას არაპირდაპირი მეთოდის გაუქმების თაობაზე) მიმართებაში და აღნიშნული განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის, პრაქტიკისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №18869 ბრძანება, რომლის მიხედვით, „შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულები შეცვლილია (გაზრდილია) არაარსებითად, შესაბამისად, შპს --- (ს/ნ ---) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.“ შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არც ერთ არგუმენტზე და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებს და შემმოწმებლის შეფასებას და შესყიდული საქონლის 0,001%, რომლის რეალიზაციაც არ დასტურდებოდა დოკუმენტურად, მიიჩნია არსებითად და შესაბამისად მართლზომიერად მიიჩნია აღნიშნულ ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. შემოსავლების სამსახურის ბრძანება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და ექვემდებარება გაუქმებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კატეგორიულად არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვას და აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ ჯართი. კომპანია 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება. შესაბამისად, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. ამასთან, ვერ მოხერხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას რეალიზაცია სრულად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით. შესაბამისად, როდესაც 2 საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადასტურებულია, რომ საწარმო მხოლოდ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით რეალიზაციას ახორციელებს, არამართებულია ნაშთად გამოვლენილი 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 1 038 342 კგ-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 007 კგ-ს. შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის მხოლოდ 0,001% უფიქსირდება კომპანიას ნაშთად და როდესაც მთლიანად შესყიდული პროდუქციის 99,999% კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზაციისთვის.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, დოკუმენტურად რეალიზებულია 1 038 342 კგ ჯართი, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ 1 007 კგ ჯართი ჩაითვალა რეალიზებულად, რაც დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის 0.097%-ია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის არსებული სხვაობა არაარსებითია, საგადასახადო ვალდებულებები გაზრდილია უმნიშვნელოდ, საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა არამართლზომიერია. ამდენად, მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხის ნაწილში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30930 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1007 კგ ჯართი. კომპანია 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება. შესაბამისად, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. ამასთან, ვერ მოხერხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას რეალიზაცია სრულად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით. შესაბამისად, როდესაც 2 საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადასტურებულია, რომ საწარმო მხოლოდ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით რეალიზაციას ახორციელებს, არამართებულია ნაშთად გამოვლენილი 1007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 1 038 342 კგ-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 007 კგ-ს. შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის მხოლოდ 0,001% უფიქსირდება კომპანიას ნაშთად და როდესაც მთლიანად შესყიდული პროდუქციის 99,999% კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზაციისთვის. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, დოკუმენტურად რეალიზებულია 1 038 342 კგ ჯართი, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ 1 007 კგ ჯართი ჩაითვალა რეალიზებულად, რაც დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის 0.097%-ია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის არსებული სხვაობა არაარსებითია, საგადასახადო ვალდებულებები გაზრდილია უმნიშვნელოდ, საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და 1007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა არამართლზომიერია. ამდენად, მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხის ნაწილში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 172(4).