გადაწყვეტილება №26665/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2026
№ დოკუმენტი 26665/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26665/2/2026

10 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 17.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26665/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება;

2. საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №EL304289 სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №EL304290 სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №041-2 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1208 ბრძანება.

 

2025 წლის 25 დეკემბრის №041-2 საგადასახადო მოთხოვნა:

დარიცხული თანხა: 2 334,65 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟო - 1 463,5

იმპორტის გადასახადი - 871,15

 

2025 წლის 25 დეკემბრის №EL304289 სამართალდარღვევის ოქმი:

ჯარიმა - 5 000 ლარი (საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილი)

 

2025 წლის 25 დეკემბრის №EL304290 სამართალდარღვევის ოქმი:

ჯარიმა - 2 334,50 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი)

 

ფაქტების აღწერა

2025 წლის 25 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა მომჩივანი, რომლის სახელზეც, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ფიქსირდებოდა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით №„------“ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი – ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 39,75 გრამი). აღნიშნული პირის ზეპირი გამოკითხვისას დადგინდა, რომ მომჩივანმა მითითებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ახსნა საბაჟო ლუქები და უკანონოდ განკარგა საქონელი.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 25 დეკემბერს შედგა №EL304289 და №EL304290 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა: 2 334.50 ლარის ოდენობით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო 5 000 ლარის ოდენობით საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

იმავე დღეს გამოიცა №041-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 2 334.65 ლარი (დღგ – 1463.5 ლარი; იმპორტის გადასახადი – 871.15 ლარი).

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 იანვრის №1208 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 172-ე მუხლზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 272–ე მუხლზე.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სამართალდამრღვევი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2019 წელს როდესაც საქართველოში შემოვიდა თან ჰქონდა პირადი მოხმარების სამკაულები, ვინაიდან საქართველოში დიდხანს აპირებდა დარჩენას. მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაადეს ლუქი მის პირად ნივთებს. 2025 წლამდე როდესაც საჭიროება მოითხოვდა იყენებდა მის პირად სამკაულებს, ამიტომ როდესაც 2025 წლის დეკემბერში გადიოდა საქართველოს სასაზღვრო კონტროლს, მისი პირადი ნივთები წარადგინა ლუქის გარეშე, რაზეც დააჯარიმეს.

დაჯარიმების ფაქტს კატეგორიულად არ ეთანხმება. ასევე აღნიშნავს, რომ არის სოციალურად დაუცველი და არ აქვს სრულიად დაუმსახურებლად შეფარდებული ჯარიმების გადახდის მატერიალური საშუალება. ითხოვს, შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 ნაწილის ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, - იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა, უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2019 წელს როდესაც საქართველოში შემოვიდა თან ჰქონდა პირადი მოხმარების სამკაულები, ვინაიდან საქართველოში დიდხანს აპირებდა დარჩენას. მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაადეს ლუქი მის პირად ნივთებს. როდესაც 2025 წლის დეკემბერში გადიოდა საქართველოს სასაზღვრო კონტროლს, მისი პირადი ნივთები წარადგინა ლუქის გარეშე, რაზეც დააჯარიმეს.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის 23.02.2026 წლის №------ წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანი 2019 წლის 10 ნოემბერს შემოვიდა საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ გავლით, რა დროსაც, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანის მიზნით, დაადეკლარირა ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 39,75 გრამი). საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქებით (№"------"; №"------"), დარეგისტრირდა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია №------ და აყვანილ იქნა საბაჟო კონტროლზე. ამასთან, მომჩივანს განემარტა, რომ აღნიშნული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას უნდა წარედგინა უცვლელ მდგომარეობაში, ვინაიდან ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს და დაუშვებელი იყო საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ლუქების ახსნა და საქონლის განკარგვა.

ვინაიდან, მომჩივანმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები და განკარგა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი, საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 172-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმების შეფარდების თაობაზე მართებულია, ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2025 წლის 25 დეკემბრის №EL304289 და №EL304290 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ გარემოებას, არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №041-2 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 ნაწილის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა მომჩივანი, რომლის სახელზეც, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ფიქსირდებოდა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი – ოქროს და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები.

აღნიშნული პირის ზეპირი გამოკითხვისას დადგინდა, რომ მომჩივანმა მითითებულ საქონელზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ახსნა საბაჟო ლუქები და უკანონოდ განკარგა საქონელი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ გარემოებას, არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №041-2 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

172.