ბრძანება N 5457
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5457
13 მარტი 2024
ბრძანება
შპს ,,-------”-ის (ს/ნ ,,-------”)
(მის.: ,,-------”
2024 წლის 15 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს ,,-------”-ის (ს/ნ ,,-------”) №87759/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 იანვრის ID:,,-------” შესაგებელთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს. პირი ეწევა ფარმაკოლოგიური საშუალებების, სამედიცინო პრეპარატების კლინიკური კვლევის ორგანიზებას საქართველოს ტერიტორიაზე. 2021 წლის სექტემბრის თვემდე კომპანია არარეზიდენტი პირებისთვის გაწეულ კლინიკური კვლევების ორგანიზების მომსახურებას ბეგრავდა დღგ-ით. აღნიშნულ საკითხზე კომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმართა მოთხოვნით წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე, რომლის საფუძველზეც, შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 16 სექტემბერს გამოსცა წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ კომპანიის მიერ უცხოური საწარმოებისთვის გაწეული ზემოაღნიშნული მომსახურება არ წარმოადგენს/წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებას და შესაბამისად, იგი არ ექვემდებარება/ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას. პირმა გასულ საგადასახადო პერიოდებზე წარადგინა დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები და შეიმცირა დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც წარმოიშვა ზედმეტობა. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით საწარმომ ექვსჯერ მიმართა შემოსავლების სამსახურს და ექვსივე ჯერზე მიიღო უარი სხვადასხვა მიზეზით. პირი აცხადებს, რომ მათი მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია, უარის თქმის საფუძველი არ არსებობს და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს ,,------”-ის (ს/ნ ,,-------”) მიერ 2023 წლის 29 დეკემბერს წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც, გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზია დღგ-ის თანხების დეკლარირება და გადახდა, რომელიც კომპანიას არ ეკუთვნოდა, რადგან მის მიერ გაწეული მომსახურება არ ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად. აღნიშნულს ადასტურებს წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა დეკლარაციები და წარმოიშვა ზედმეტობა.
2023 წლის 29 დეკემბრის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 17 იანვარს გამოიცა შესაგებელი (ID: ,,-------”) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, კერძოდ, არ არის შესრულებული ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 134 მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა, და არეულია მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ არის შევსებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და არასრულად აქვს წარდგენილი მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-------”-ის (ს/ნ ,,-------”) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს.
პირი აცხადებს, რომ მათი მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია, უარის თქმის საფუძველი არ არსებობს და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზია დღგ-ის თანხების დეკლარირება და გადახდა, რომელიც კომპანიას არ ეკუთვნოდა, რადგან მის მიერ გაწეული მომსახურება არ ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად. აღნიშნულს ადასტურებს წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა დეკლარაციები და წარმოიშვა ზედმეტობა.გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, კერძოდ, არ არის შესრულებული ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 134 მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა, დარეულია მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
63,65.