გადაწყვეტილება №24087/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24087/2/2024
20 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“- ის 9.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24087/2/2024).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.07.2024 წლის №69604/28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. საბაჟო დეპარტამენტის 30.07.2024 წლის №EL257649 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 30.07.2024 წლის № EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20527 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 12 970.38 ლარი (30.07.2024 წლის №69604/28 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 12 797.61
დღგ - 6 728.94
აქციზის გადასახადი - 6 068.67
საურავი - 172.77
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 12 797.61 ლარი (30.07.2024 წლის №EL257649 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი).
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 000 ლარი (30.07.2024 წლის №EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
8.06.2021 წელს შპს „--- ის“ (ს/ნ ---) კუთვნილი, 8.06.2021წ. №--- საბაჟო დეკლარაციით ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი (AI-92-K5 მარკის არაეთილირებული ბენზინი - 4 931 045 კგ.) დროებით შენახვის მიზნით განთავსდა მომჩივნის საბაჟო საწყობში.
შპს „---- ის“ 3.12.2021 წლის №146 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ დასაწყობებული 4 931 045 კგ. ბენზინიდან, კომპანიამ გაიტანა 4 901 649 კგ., ხოლო დარჩენილი ნაშთის - 29 396 კგ. ბენზინის გატანაზე მომჩივანმა უარი განაცხადა, საქონლის საბაჟო საწყობში არარსებობის გამო.
„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.08.2018 წლის №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების“ (დანართი №2) შესაბამისად, მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახული ბენზინისთვის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის (0.35 %) გათვალისწინებით, 17 258.66 კგ. ბენზინი ჩაითვალა ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად, ხოლო სხვაობა 12 137.34 კგ. ბენზინი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიჩნეულია დანაკლისად. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 9.06.2022 წლის №004637/2022 დასკვნის თანახმად, აღნიშნული უკანონოდ განკარგული 12 137.34 კგ. ბენზინის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 31 314.34 ლარი.
გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ 30.07.2024 წელს შედგენილია №EL257649 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 12 797.61 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამავე დღეს გამოიცა №EL69604/28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი. ამასთან, საბაჟო საწყობის მიერ იგივე სანებართვო პირობის განმეორებით (1.07.2021 №EL139961 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) დარღვევის ფაქტზე, მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 30.07.2024 წელს შედგენილია №EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს (მომჩივანს) დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული, №EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა (ოქმის მე-6 გრაფაში არასწორად მიეთითა საბაჟო სანქციის ოდენობა), რაც გასწორდა საბაჟო დეპარტამენტის 7.08.2024 წლის №18261 ბრძანებით და სანქციის ოდენობა განისაზღვრა 6 000 ლარი. საბაჟო დეპარტამენტის 30.07.2024 წლის №EL257649, №EL257651 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL69604/28 (№006-28) საგადასახადო მოთხოვნა 23.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2024 წლის №20527 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე11 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ 8.06.2021წ. №---- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 4 931 045 კგ. ბენზინიდან, კომპანიამ გაიტანა 4 901 649 კგ., ხოლო დარჩენილი ნაშთის 29 396 კგ. ბენზინის გატანაზე შპს „---“-მა უარი განაცხადა, საქონლის საბაჟო საწყობში არარსებობის გამო. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
მის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაც ჩადენილია განმეორებით. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა და „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.08.2018 წლის №20839 ბრძანებით, მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახული ბენზინისთვის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის (0.35 %) გათვალისწინებით, სხვაობა 12 137.34 კგ. ბენზინი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დანაკლისად.
საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ მომჩივანი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის მიმართ წარსულში შედგენილი 1.07.2021 წლის №EL139958 და №EL139961 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და ასევე №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნის (შპს „-----ის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა) შემდგომ შპს „---“-ის მიერ გატარებულ იქნა რიგი ღონისძიებები, რათა დადგენილიყო არსებული დანაკარგის გამომწვევი რეალური მიზეზი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს 1.07.2021 წლის №EL139958 და №EL139961 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში. მომჩივნის არგუმენტზე, რომ ამ კონკრეტული ტრანზიტის ფარგლებში ვერცერთ მოცემულობაში ბიუჯეტი შემოსულობას ვერ დაელოდებოდა, ვერც აქციზს და ვერც დღგ-ის, და ამ შემთხვევაში ჯარიმის შინაარსი, რომელიც იცავს ბიუჯეტს მოსალოდნელი ან დაგეგმილი შემოსულობების არ მიღებისაგან, უადგილოდ მიაჩნია, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამის ნორმაზე, რომლის მიხედვით საქონლის განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, საბაჟო საწყობი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
მომჩივნის მოთხოვნაზე, სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ადმინისტრაციულ აქტებს და განმარტავს, რომ შპს „---“-მა 18.06.2021 წელს საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ შპს „----“-სა და „---“-ს შორის გაფორმებული „პროდუქტის გადატვირთვის და ტერმინალში შენახვის მომსახურების თაობაზე“ 2019-2020 წლებში გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, შპს „---“-ში შემოტანილი და გატანილი ნავთობპროდუქტების დანაკარგი 18.06.2021 წლის მდგომარეობით შეადგენდა 148 269 კგ.-ს. ამასთან მიუთითა, რომ აღნიშნულ პერიოდში ტვირთის მოძრაობასთან დაკავშირებით წარდგენილ საბაჟო დეკლარაციებში, ფაქტიური დანაკლისის მიუხედავად, ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა სრულად გათვალისწინებული არ იყო.
21.07.2021 წელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 21.06.2021 წლის №129817/21-10-14 მიმართვა გაიგზავნა შპს „---ში“, რამდენადაც ეს კომპანია არის „---“-ს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირი (დეკლარანტი).
შემოსავლების სამსახურისთვის 18.06.2021 წელს გახდა ცნობილი, რომ არსებობდა დანაკლისი, რომელიც მოიცავდა მითითებულ 17 258.66 კგ ბენზინსაც. საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 1.07.2021 წლის საბაჟო სამართალდარღვევის №EL139958 და №EL139961 ოქმები, ასევე 1.07.2021 წლის №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც შპს „---“-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 26.10.2023 წლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი (საქმე №3/1412-22). აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024 წლის განჩინებით. სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული შპს „----ის“ მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არსებულ დანაკლისთან დაკავშირებით, რომელიც არ შეცვლილა 30.07.2024 წლის სამართალდარღვევის №EL257651 და №EL257651 ოქმებისა და 30.07.2024 წლის №EL69604/28 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი იყო სასამართლოს შეფასება შპს „---“-ის მიერ სავარაუდო საბაჟო სამართალდარღვევის შესახებ, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულ იქნა ისევ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე.
კერძოდ, 18.06.2021 წელს გაუმართლებლად დიდი დანაკლისის გამოვლენის შემდგომ შპს „---“- ის მიერ გატარებულ იქნა რიგი ღონისძიებებისა, რათა დადგენილიყო არსებული დანაკარგის გამომწვევი რეალური მიზეზი. შპს „---“-ში ჩატარდა დოკუმენტებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესწავლილ იქნა დროებითი შემოტანის რეჟიმში მოქცეული ნავთობპროდუქტის რეზერვუარების აზომვის დოკუმენტები.
შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი: 5.05.2021 წლის აზომვის ანგარიშში მითითებულია, რომ ტვირთის კუთრი წონა 200 C-ზე არის 0,7384, ხოლო ტვირთის საერთო რაოდენობა 4 644 652 კგ. 8.06.2021 წლის რეზერვუარების აზომვის ანგარიშში მითითებულია, რომ ტვირთის კუთრი წონა 200 C-ზე არის 0,7342, ხოლო ტვირთის საერთო რაოდენობა 4 931 045 კგ. შპს „---“-ში არ მოიძებნა რეზერვუარებიდან აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევის მონაცემები, რის საფუძველზეც უნდა დადგენილიყო ტვირთის რაოდენობა რეზერვუარებში.
შპს „---“-ის მიერ მოწვეულ იქნა შპს „---ის“ საგამოცდო ლაბორატორია, რომლის 21.06.2021 წლის №0422-0425 ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, №101, 201, 301, 302 რეზერვუარებიდან აღებული ნავთობპროდუქტის სინჯების კუთრი წონა შეადგენდა 0,7337. ნავთობპროდუქტის ქიმიური შემადგენლობისა და თვისობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, მისი კუთრი წონა შესაძლებელია დამძიმდეს უკანასკნელი აზომვიდან შემდგომი აზომვის დროის პერიოდში, მითუმეტეს ზაფხულის სეზონზე.
ამდენად, ცდომილება 8.07.2021 წლის აზომვის აქტსა და 5 21.06.2021 წლის დასკვნაში მითითებულ ერთი და იგივე პროდუქტის კუთრ წონებს შორის არალოგიკური და არარეალურია - აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, რეზერვუარებში განთავსებული ნავთობპროდუქტის კუთრი წონა შემცირდა, დამძიმების ნაცვლად. მონაცემების გადამოწმების მიზნით, 25.06.2021 წლის №T01-25/0621 და 27.06.2021 წლის №T01- 06/2021 წერილებით, შპს „---“-მა მიმართა დამოუკიდებელი სურვეირული კომპანია ----ს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ზემოაღნიშნული რეზერვუარების აზომვაში და გამოითხოვა შპს „---“-ის №101, 201, 301, 302 რეზერვუარებიდან აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევის დასკვნა, რაც სურვეიერმა ვერ წარმოადგინა. გამოირკვა, რომ 2021 წლის 5 მაისსა და 8 ივნისს გაფორმებული რეზერვუარების აზომვის აქტის მონაცემები უსაფუძვლოა. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, 14.07.2021 წელს შპს „---“-მა მიმართა საბაჟო-გამშვები პუნქტ „----ის პორტს“, წარუდგინა კორექტირებული რეზერვუარების აზომვის დოკუმენტები, რომელშიც დაფიქსირდა მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული პროდუქციის პასპორტებში მითითებული კუთრი წონები. კერძოდ, 5.05.2021 წელს აზომვის აქტში მითითებული კუთრი წონა 0,7384 შეიცვალა 0,7336-ით, ამავე წლის 8 ივნისის აზომვის აქტში მითითებული კუთრი წონა 0,7342 შეიცვალა 0,7329-ით. შპს „----“-ის პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც, რომ 21.06.2021 წლიდან 24.07.2021 წლის ჩათვლით, შპს „----“- ის რეზერვუარებში განთავსებული ტვირთებიდან სამი სხვადასხვა ლაბორატორიის (მათ შორის ---ის) მიერ კიდევ მრავალჯერ იქნა აღებული სინჯები, რომელთა კვლევის შედეგადაც ფიქსირდება კუთრი წონის ზრდის ტენდენცია.
ზრდის დინამიკა რომ გამოყენებულიყო თუნდაც ბოლო მონაცემებში, იგივე ---ის მონაცემებზე დაყრდნობით და ჩაითვალოს, რომ ბოლო გემზე მითითებული რეზერვუარის აზომვის აქტში ჩაწერილი კუთრი წონა 0,7342 სწორია, იგივე სეიბოლტის მონაცემით დაახლოებით 45 დღეში ტვირთმა გაიარა ბუნებრივი პროცესი და დამძიმდა 0,7363-მდე, რაც განვლილ პერიოდში არც ერთხელ არ იქნა გამოყენებული. ამასთან, რა კუთრი წონაც ფიქსირდებოდა რეზერვუარის აზომვის აქტში (ტვირთის შემოტანისას) იგივე კუთრი წონით გადიოდა 30-40-45-60 დღეში ვაგონცისტერნებით. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დაკვირვებით გამოვლენილ ზრდის ტემპს (თუნდაც არასწორი 0,7342-დან 0,7363-მდე), მთელ განვლილ პერიოდში გატანილი ტვირთის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 70000/0,7363*0,7342=69800 ტონას, რაც 200 ტონით აღემატება ტვირთის გატანის დოკუმენტებში დაფიქსირებულ რაოდენობას.
ვაგონცისტერნებით გატანილია 69 800 ტონის ნაცვლად, 70 000 ტონა (+ 200 ტონა). ამდენად, დანაკლისზე საუბარი არარეალურია, მით უმეტეს, რომ აზომვის აქტის კორექტირებით, სწორი კუთრ წონაზე დაყრდნობით, შპს „---“-ს მიღებული აქვს ბევრად ნაკლები ტვირთი.
14.07.2021 წლის წერილში, ასევე, დაფიქსირებულ იქნა, რომ შპს „---“-ში ჩატარებული ინვენტარიზაციის თანახმად, დაფიქსირდა ბენზინის ნაშთი 30 ტონის ოდენობით და შესაბამისად, უნდა დაკორექტირებულიყო 18.06.2021 წლის №T01-18/0621 წერილში მითითებული დანაკარგის ოდენობა. 22.07.2021 წელს შპს „---“-მა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ ტვირთმფლობელის მოთხოვნით, შპს „---“-ს გასაცემი ჰქონდა ფაქტიური ნაშთი 44 ტონის ფარგლებში. დაზუსტებული მონაცემების შესაბამისად, არსებული ნაშთიდან 14 ტონა იყო 2021 წელს შემოსული ტვირთის ნაშთი (შესაბამისი С კოდით), ხოლო 30 ტონა - 2020 წლის დეკემბრის პარტიის ნაშთი. იქიდან გამომდინარე, რომ დაზუსტებული მონაცემების შესაბამისი ასახვის პროცესი არ არის დასრულებული, შპს „---“-მა იმოქმედა 22.07.2021 წელს დაფიქსირებული აზომვების ფარგლებში (რომელსაც არ ეთანხმებოდა) და 44 ტონა გადაიტვირთა უკანასკნელი გემის С კოდით. ამდენად, 27.07.2021 წლის მდგომარეობით 1.07.2021 წლის საბაჟო სამართალდარღვევის №EL139958 და №EL139961 ოქმებში დაფიქსირებულ ზღვრულ ნორმაზე მეტი დანაკარგის ოდენობა, შპს „---“-ის ხელთ არსებული დოკუმენტაციით ნაცვლად 178 716,4 კილოგრამისა უნდა იყოს 104 ტონა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სრულად იქნება შესწავლილი შპს „---“-ში „----ს“ მიერ შემოტანილი პროდუქტის რაოდენობა და გატანილი პროდუქტების რაოდენობა, რომელიც ეფუძნება ტვირთის კუთრი წონის ოდენობას, ნავთობპროდუქტების ტექნიკურ პასპორტებსა და ჩატვირთვის დოკუმენტებს, აღმოჩნდება, რომ შპს „---“-ის რეზერვუარებში შემოტანილია ნაკლები რაოდენობის ტვირთი, ვიდრე აზომვის აქტებშია მითითებული და ვაგონ-ცისტერნებით გასულია მეტი რაოდენობა, ვიდრე გასვლის გატანის აზომვის აქტებშია მითითებული.
შესაბამისად, შპს „---“-ში დროებითი შენახვის დეკლარაციით (22.12.2020წ. №C----.) შემოტანილ პროდუქტზე, დანაკლისი არ იქნება. წარმოდგენილი ტვირთის პასპორტებით, რომელში დაფიქსირებული ტვირთის კუთრი წონა განსხვავდება ჩატვირთვის დოკუმენტში უსაფუძვლოდ მითითებული კუთრი წონისაგან, ჯამში გამოიწვია 39 205 კილოგრამიანი ცდომილება.
იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი შეისწავლის პროდუქტის პასპორტებსა და გადატვირთვისას მისი აზომვის დოკუმენტაციას, დადგინდება, რომ შპს „---“- ში 22.12.2020წ. C--- დროებითი შენახვის დეკლარაციაზე ტვირთის დანაკლისი არ არსებობს.
მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე. შპს „---“-ის ნავთობტერმინალი ემსახურება ღია ფერის ნავთობპროდუქტების გადატვირთვას, რასაც ას წელზე მეტი ისტორია გააჩნია და მსოფლიოში მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად შემუშავებულია რეგულაციები, რომლებიც ასახავენ ნავთობტერმინალის გამართული მუშაობის პროცედურას, კერძოდ: ნავთობპროდუქტს ახასიათებს კლიმატური ზონების შესაბამისად სხვადასხვა თვისებები (ГОСТ - ევრო რეგულაცია) საქართველო 3 კლ. ზონაშია და კანონი არ ასახავს 3 კლ. ზონისთვის განკუთვნილ ბუნებრივი დანაკარგის ზღვრულ ნორმას. განსხვავებული აორთქლების ნორმებია ზაფხულის და ზამთრის სეზონზე (ГОСТ - ევრო რეგულაცია), რაც ასევე არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. განსხვავებული აქვს აორთქლების ნორმა რეზერვუარის ტიპების ზომების მიხედვით მიწისზედა, მიწისქვეშა რეზერვუარი, პანტონიანი-უპანტონო, სხვადასხვა აორთქლების ნორმა 1000 მ/3-იანამდე 2000 მ/3-იანამდე და ზევით რეზერვუარებზე, რაც ასევე არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო სამსახურებთან ურთიერთობით, პრაქტიკით, ნავთობპროდუქტს ტერმინალი მიიღებს საკუთარი რეზერვუარების აზომვით, რომელიც ტარდება ლაზერული კალიბრების მეშვეობით და მათი სიზუსტე მეათასედებშია, ხოლო გადის ვაგონცისტერნის ან ავტოცისტერნის კალიბრირებით, რომელიც მეათედებშია დაკალიბრირებული და კალიბრაციის მექანიზმში უმარტივესი მექანიკური ჩარევით შეიძლება დაირღვეს. ამდენად, უკვე გადატვირთვის დაწყებამდე ტერმინალი არათანაბარ მდგომარეობაშია და ზიანდება. აღნიშნული საკითხების განხილვის მიზნით, შპს „---“-მა 8.02.2021 წელს №T02-04 წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ელოდება საკითხის მსვლელობის მიცემას, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება (ევროპაში და ГОСТ-ით) მოქმედ ნორმებს, არ ასახავს სანავთობტერმინალე ინფრასტრუქტურის და ბიზნესის კონიუნქტურას, რომლის გამართულ მუშაობაში ზემოჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა (ევროკავშირში და ГОСТ-ით დამტკიცებული) ფაქტორი ახდენს გავლენას.
აღსანიშნავია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ბიუჯეტის შემოსულობები იგეგმება (ამ კონკრეტულ ნაწილში) იმპორტის რეჟიმში მყოფი ან/და ტრანზიტული პროდუქციიდან, რომელსაც შეიძლება შემდგომში შეეცვალოს მიზნობრიობა და გადავიდეს იმპორტის რეჟიმში, მისაღები შემოსულობებით აქციზი, დღგ. ეს კონკრეტული პროდუქტი მოძრაობს რუსეთის ფედერაციის და სომხეთის რესპუბლიკის შეთანხმების ფარგლებში, საქონლის „საბაჟო ტრანზიტის“ რეჟიმში, საბაჟო კავშირის საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში. ამ პროდუქტს წინასწარ განსაზღვრული აქვს მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი (სომხეთი). არ შეიძლება ამ პროდუქტის ტრანზიტული რეჟიმიდან იმპორტის რეჟიმში მოქცევა, შესაბამისად საქართველოს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში ამ ტვირთის მოძრაობიდან ვერ დაიგეგმებოდა შემოსავალი, ვერც მოსალოდნელ შემოსავლებში აისახებოდა ამ მოქმედებიდან შემოსავალი.
საბაჟო საწყობის ფუნქციონირების შინაარსია, რომ გაუფრთხილდეს პროდუქციის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელს, არ მოხდეს ტვირთის განკარგვა, დაკარგვა და ა.შ., რამაც შეიძლება ბიუჯეტს არ მიაღებინოს ის შემოსავალი რასაც ის მიიღებდა დანაკლისი პროდუქციის განბაჟების შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ამ კონკრეტული ტრანზიტის ფარგლებში ვერცერთ მოცემულობაში ბიუჯეტი შემოსულობას ვერ დაელოდებოდა, ვერც აქციზს და ვერც დღგ-ის და ამ შემთხვევაში ჯარიმის შინაარსი, რომელიც იცავს ბიუჯეტს მოსალოდნელი ან დაგეგმილი შემოსულობების არ მიღებისაგან, უადგილოა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შპს „---“-ის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სწორად რომ გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეესწავლა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში დაცული დოკუმენტაცია და მხედველობაში მიეღო შპს „----“-ის დასაბუთებული პოზიცია, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები არ იქნებოდა გამოცემული ან თუ მოხდებოდა მათი გამოცემა, მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმაზე მეტ დანაკარგად მიჩნეული პროდუქტის რაოდენობა, რის საფუძველზეც შეიცვლებოდა დარიცხული თანხები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2023 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხის მიერ დაირღვა ზემოთ აღნიშნული ნორმები. არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველ ორგანოს არ გამოუყენებიათ კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად ვერ დაადასტურა შპს „---“-ის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მოსარჩელემ კი, მიუთითა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა გამორიცხავდეს მოსარჩელის ბრალეულობას, რის გამოც საგადასახადო ორგანომ განმეორებით უნდა გამოიკვლიოს უშუალოდ შპს „---“-ის ბრალეულობისა და აღნიშნულის გამომრიცხავი გარემოებების არსებობის შესაძლო ფაქტი.
ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასების მიღმა არ უნდა დარჩეს მოსარჩელის მითითება მიღებული ტვირთის ოდენობაზე, გატანილ და დარჩენილ რაოდენობაზე. ასევე, საგულისხმოა მიღებული ტვირთის სახე და მისი მიღების დროს მოსარჩელის ვალდებულებების ფარგლები, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა აღნიშნულს, ტვირთის მიღების დროს ოდენობის შეცდომით მითითების შემთხვევაში, სადავო კვალიფიკაციაზე.
ამასთან, დინამიკაშია შესაფასებელი მოსარჩელის განმარტების მართებულობა, რომელიც შეტყობინების ვალდებულებასთან მიმართებით აღნიშნავდა, რომ დანაკლისის გამოვლენისთანავე მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიმართვის თარიღს მხოლოდ სხვა გარემოებებთან ერთობლიობით შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელობა, სხვა მხრივ სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული აზრს კარგავს.
სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 18.09.2024 წლის №20527 ბრძანებაშიც ვერ განისაზღვრა რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შპს „----“-მა, რა ფაქტობრივი გარემოებები მოწმობს შპს „---“-ის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას, ვერ დადგინდა შპს „----“-ის ბრალეულობის საკითხი - მოქმედებდა იგი განზრახ თუ გაუფრთხილებლობით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირია შპს „---“-ის არარსებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
უ) საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
თ) საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;
რ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
მომჩივანი განმარტავს, რომ: - 18.06.2021 წელს საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ შპს „---“-სა და „---“-ს (შპს „---“ არის „----“-ს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირი (დეკლარანტი)) შორის გაფორმებული „პროდუქტის გადატვირთვის და ტერმინალში შენახვის მომსახურების თაობაზე“ 2019-2020 წლებში გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, შპს „----“- ში შემოტანილი და გატანილი ნავთობპროდუქტების დანაკარგი 18.06.2021 წლის მდგომარეობით შეადგენდა 148 269 კგ.-ს.
ამდენად, საბაჟო დეპარტამენტისთვის 18.06.2021 წელს გახდა ცნობილი, რომ არსებობდა დანაკლისი, რომელიც მოიცავდა მითითებულ 17 258.66 კგ. ბენზინსაც. ამასთან მიუთითა, რომ აღნიშნულ პერიოდში ტვირთის მოძრაობასთან დაკავშირებით წარდგენილ საბაჟო დეკლარაციებში, ფაქტიური დანაკლისის მიუხედავად, ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა სრულად გათვალისწინებული არ იყო.
აღნიშნულზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2023 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1412-22) ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.07.2024 წლის განჩინებით. სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული შპს „----ის“ მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არსებულ დანაკლისთან დაკავშირებით, რომელიც არ შეცვლილა 30.07.2024 წლის №EL257649 და №EL257651 სამართალდარღვევის ოქმებისა და 30.07.2024 წლის №EL69604/28 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას.
- 18.06.2021 წელს გაუმართლებლად დიდი დანაკლისის გამოვლენის შემდგომ შპს „----“-ის მიერ გატარებულ იქნა ღონისძიებები, რათა დადგენილიყო არსებული დანაკარგის გამომწვევი რეალური მიზეზი. შპს „---“-ში ჩატარდა დოკუმენტებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესწავლილ იქნა დროებითი შემოტანის რეჟიმში მოქცეული ნავთობპროდუქტის რეზერვუარების აზომვის დოკუმენტები. იმ შემთხვევაში თუ სრულად იქნება შესწავლილი შპს „---“-ში „----ს“ მიერ შეტანილი პროდუქტის რაოდენობა და გატანილი პროდუქტების რაოდენობა, რომელიც ეფუძნება ტვირთის კუთრი წონის ოდენობას, ნავთობპროდუქტების ტექნიკურ პასპორტებსა და ჩატვირთვის დოკუმენტებს, აღმოჩნდება, რომ შპს „----“-ის რეზერვუარებში შეტანილია ნაკლები რაოდენობის ტვირთი, ვიდრე აზომვის აქტებშია მითითებული და ვაგონ-ცისტერნებით გასულია მეტი რაოდენობა, ვიდრე გასვლისას გატანის აზომვის აქტებშია მითითებული. შესაბამისად, შპს „----“-ში დროებითი შენახვის დეკლარაციით (22.12.2020წ. C---) შეტანილ პროდუქტზე, დანაკლისი არ იქნება.
წარმოდგენილი ტვირთის პასპორტებით, რომელში დაფიქსირებული ტვირთის კუთრი წონა განსხვავდება ჩატვირთვის დოკუმენტში უსაფუძვლოდ მითითებული კუთრი წონისაგან, ჯამში გამოიწვია 39 205 კილოგრამიანი ცდომილება. ასევე, მომჩივანი მიუთითებს, რომ არ არის გათვალისწინებული ნავთობპროდუქტების კლიმატური ზონების შესაბამისად სხვადასხვა თვისებები. განსხვავებული აორთქლების ნორმებია ზაფხულის და ზამთრის სეზონზე (ГОСТ - ევრო რეგულაცია), ასევე განსხვავებულია რეზერვუარის ტიპების ზომების მიხედვით მიწისზედა, მიწისქვეშა რეზერვუარი, პანტონიანი-უპანტონო, სხვადასხვაა აორთქლების ნორმა 1000 მ/3-იანამდე 2000 მ/3-იანამდე და ზევით რეზერვუარებზე.
საბაჟო საწყობის ფუნქციონირების შინაარსია, რომ გაუფრთხილდეს პროდუქციის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელს, არ მოხდეს ტვირთის განკარგვა, დაკარგვა და ა.შ. რამაც შეიძლება ბიუჯეტს არ მიაღებინოს ის შემოსავალი რასაც ის მიიღებდა დანაკლისი პროდუქციის განბაჟების შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ამ კონკრეტული ტრანზიტის ფარგლებში ვერცერთ მოცემულობაში ბიუჯეტი შემოსულობას ვერ დაელოდებოდა, ვერც აქციზს და ვერც დღგ-ის და ამ შემთხვევაში ჯარიმის შინაარსი, რომელიც იცავს ბიუჯეტს მოსალოდნელი ან დაგეგმილი შემოსულობების არ მიღებისაგან, უადგილოა.
მომჩივნის არგუმენტებზე საბაჟო დეპარტამენტის 28.10.2024 წლის 3101368-21-10 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში და შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია შემდეგი:
- სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში (საჩივარს ახლავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.10.2023 წლის გადაწყვეტილება (საქმე №3/1412-22)), რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა).
- არგუმენტზე, რომ „ამ კონკრეტული ტრანზიტის ფარგლებში ვერცერთ მოცემულობაში ბიუჯეტი შემოსულობას ვერ დაელოდებოდა, ვერც აქციზს და ვერც დღგ-ის, და ამ შემთხვევაში ჯარიმის შინაარსი, რომელიც იცავს ბიუჯეტს მოსალოდნელი ან დაგეგმილი შემოსულობების არ მიღებისაგან, უადგილოდ მიაჩნია“, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამის ნორმაზე, რომლის მიხედვით საქონლის განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, საბაჟო საწყობი ვალდებულია გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
შემოსავლების სამსახურის ასევე ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ კომპანიის მიმართ წარსულში შედგენილი 1.07.2021 წლის №EL139958 და №EL139961 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და ასევე, №EL69604/13 საგადასახადო მოთხოვნის (შპს „----ის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა) შემდგომ შპს „---“-ის მიერ გატარებულ იქნა რიგი ღონისძიებები, რათა დადგენილიყო არსებული დანაკარგის გამომწვევი რეალური მიზეზი.
საქმეში წარმოდგენილია შპს „----ნის“ მიერ საბაჟო დეპარტამენტში 3.12.2021 წელს წარდგენილი №146 წერილი, სადაც მითითებულია, რომ „8.06.2021 წელს შპს „----“-ის საბაჟო საწყობში 180 დღის ვადით დროებით შენახულ იქნა 4931.045 ტონა ბენზინი (არაეთილირებული AI 92 C ----). ამ დეკლარაციაზე დარჩენილია ნაშთი 29.396 ტონა. დროებითი შენახვის ვადის გაგრძელების მიზნით შპს „---“-ს მოთხოვა აქტი დარჩენილ ნაშთზე, რაზეც მათგან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო წერილი ტვირთის გარკვეული მიზეზებით არ არსებობის შესახებ“. ამდენად, დადგენილია, რომ 8.06.2021წ. №---- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 4 931 045 კგ. ბენზინიდან, კომპანიამ გაიტანა 4 901 649 კგ, ხოლო დარჩენილი ნაშთის 29 396 კგ. ბენზინის გატანაზე შპს „---“-მა უარი განაცხადა, საქონლის საბაჟო საწყობში არარსებობის გამო. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა და „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.08.2018 წლის №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების“ (დანართი №2) შესაბამისად, მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახული ბენზინისთვის გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმის (0.35 %) გათვალისწინებით, 17 258.66 კგ. ბენზინი ჩაითვალა ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად, ხოლო სხვაობა 12 137.34 კგ. ბენზინი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად მიჩნეულია დანაკლისად.
ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
მის მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაც ჩადენილია განმეორებით. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49- ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად მართებულად გამოიცა სადავო საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უკანონოდ განკარგული 12 137.34 კგ. ბენზინის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 31 314.34 ლარი.
გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ 30.07.2024 წელს შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 12 797.61 ლარის ოდენობით.
ამავე დღეს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი. ამასთან, საბაჟო საწყობის მიერ იგივე სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, მომჩივნის მიმართ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 30.07.2024 წელს შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს (მომჩივანს) დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა 23.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2024 წლის №20527 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (11).
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 172; 176.