საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/530-18
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3/530-18
04 თებერვალი, 2025 წელი
ქ. ქუთაისი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სალომე ჯაბიძე
სხდომის მდივანი
ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე - შპს „----“
წარმომადგენელი - ---
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ---
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 09 თებერვლის NCB847826 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის N6825 ბრძანება.
1.3 ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
მოსარჩელემ–განმარტა, რომ შპს „---" ახორციელებდა ---ის რაიონში მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასათვის ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მიწოდებას. 2018 წლის 8 თებერვალს 15 საათსა და 5 წუთზე მძღოლმა ---მ, სატვირთო ავტომობილით სახელმწიფო ნომრით ---, ----ის რაიონის ----ის ღორღის ქარხნიდან დაიწყო ინერტული მასალის ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირება ----ის რაიონის სოფელ ---ში, რაზეც ტრანსპორტირების დაწყებამდე, იმავე დღის 15 საათსა და 43 წუთზე ელექტრონულად გამოწერილი იქნა ელ N ---- სასაქონლო ზედნადები, რაც მაშინვე აისახა კიდეც შემოსავლების სამსახურის კომპიუტერულ ბაზაში. ინერტული მასალის გადაზიდვისას ავტომანქანა დაზიანდა. დაზიანებული და დატვირთული მანქანით მოძრაობა შეუძლებელი გახდა, ამიტომ მძღოლმა იგი ქ. ----ში ----ს ქუჩის N---- მდებარე "----ის" ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა და მის შეკეთებას შეუდგა.
ავტომობილის შეკეთება მხოლოდ მეორე დღეს ანუ 2018 წლის 09 თებერვალს მოხერხდა და მძღოლმა ტვირთის დანიშნულებისამებრ მისატანად განაგრძო მოძრაობა, ამ დროს იგი გადამოწმებული იყო შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, რომლებმაც მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო მიიჩნიეს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ტვირთი, სასაქონლო ზედნადების გარეშე გადაჰქონდათ და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს არ შეუსწავლიათ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტი, არ გადაუმოწმებიათ შემოსავლების სამსახურის კომპიუტერული ბაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად აღმოაჩენდნენ, რომ შემოწმებულ ავტომობილზე მიმდინარე წლის 08 თებერვალს გამოწერილი იყო ელ-N ---- სასაქონლო ზედნადები და რომელიც შემოწმების მომენტისათვის დასრულებელი არ იყო, რაც გამორიცხავს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტს. მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს არ შეუსწავლიათ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტი, არ გადაუმოწმებიათ ავტომობილის დაზიანების ფაქტი.
დაზიანებული და დატვირთული ავტომანქანის მიმდინარე წლის 08 თებერვლიდან 09 თებერვლის დილამდე „---ის" ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დგომისა და შეკეთების ფაქტი დადასტურებულია ავტოგასამართი სადგურის ოპერატორის ახსნა-განმარტებებით. მიმდინარე წლის 08 თებერვალს გამოწერილი ელ-N---- სასაქონლო ზედნადებით - ტვირთის 09 თებერვალს მიღების ფაქტს ადასტურებს საქონლის მიმღებიც. მიმდინარე წლის 08 თებერვალს გამოწერილი ელ---- სასაქონლო ზედნადებით ტვირთის 09 თებერვალს მიღების ფაქტს ადასტურებს მძღოლის საგზურის ფურცელზე ტვირთის მიმღების მიერ გაკეთებული აღნიშვნაც. საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების შესწავლის გარეშეა გამოცემული შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის N 6825 ბრძანება და ფინანსთა სამინისტრისთან არსებული დავების განხილვის საბჭის 2018 წლის ივლისის გადაწყვეტილებაც. კერძოდ, ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ორივე მხოლოდ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირების მოხსენებით ბარათს დაეყრდნო, რაც არამართებულია.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებასა და ფინანსთა სამანისტროსთან არსებული დავების განხილცის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, ელექტრონულ მონიტორინგის სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: --- გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ახორციელებდა შპს „---ს” სამეწარმეო - საქმიანობისთვის განკუთვნილი 218,5 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (ქვიშახრეში 19 მ3) ტრანსპორტირებას, ანუ ოფიცრები სასაქონლო ზედნადების არსებობას ადასტურებენ. სინამდვილეს არ შეესაბამება ამავე ადმინისტრაციულ აქტებში აღნიშნული ფაქტი, რომ იგივე ოფიცრების მიერ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა საძიებო სისტემის ანალიზით, დადგინდა რომ აღნიშნულ საქონელზე შპს „---ის" (ს/ნ ---) მიერ არ იყო გაწერილი ელექტრონული ზედნადები, რასაც იგივე ბრძანების შესაბამისად საგადასახადო ოფიცრების მიერ გადაღებული ვიდეო მასალაც ადასტურებს.
შემოსავლების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში დაფიქსირებილია 2018 წლის 08 თებერვალს საწარმოს მიერ ელ-N- --- სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი და საძიებო სისტემით მისი ვერ პოვნა მონიტორინგის ოფიცრების უმოქმედობისა და საწარმოს დაჯარიმებით პირადი სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების სურვილის უსაფუძვლოდ ნათელ დადატურებას წარმოადგენს. თუ ოფიცრების მიერ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა საძიებო სისტემის ანალიზით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქონელზე შპს „---ის" (ს/ნ ---) მიერ არ იყო გაწერილი ელექტრონული ზედნადები, ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, რომ ინერტული მასალა შპს „---ს“ სამეწარმეო საქმიანობისათვის იყო განკუთვნილი. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირები და მისი საჩივრის განმხილველი სტრუქტურები იზიარებენ მძღოლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ავტომობილზე არსებული ტვირთი შ.პ.ს. „---ს" ეკუთვნის, მაშინ რა მოტივით არ იზიარებენ მის განმარტებას მანქანის დაზიანების თაობაზე. ამასთან გაურკვეველია ისიც, თუ როგორ ადასტურებს საგადასახადო ოფიცრების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა ელექტრონულად გამოწერილი სასაქონლო ზედნადების არსებობა არ არსებობის ფაქტს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს (იხ. ს.ფ. 68-78) და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს "----" არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს----ის რაიონში მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ინერტული მასალის ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირებას;
სასამართლო ეყდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 59-60)
იხ. სარჩელი
3.2. 2018 წლის 08 თებერვალს 15:43 საათზე გამოიწერა ზედნადები, რომლის თანახმად შპს "---ს" (გამყიდველი) უნდა მოეხდინა ქვიშა-ხრეშის (რაოდ:19 მ3, საქონლის ფასი 218.5 ლარი) ტრანსპორტირება, ---ის ღორღის ქარხნიდან, შპს ---- ში", მდებარე: ---, გადამზიდი: ----, ტრანსპორტის სახელმწიფო ნომერი ---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედნადები (ს.ფ. 17)
3.3. 2018 წლის 09 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ---, რა დროსაც დადგინდა, რომ ---- ახორციელებდა შპს „----ს“ (ს/ნ ---) საქმიანობისათვის განკუთვნილი 218.5 ლარის ღირებულების საქონლის, კერძოდ, 19 მ3 11,5 ქვიშა-ღორღის ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე, რადგან შპს „----ის“ (ს/ნ ---) მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა განმეორებით, იგი დაჯარიმდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 09.02.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB847826 (ს.ფ. 18)
3.4. 09.02.2018 - წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB847826 შპს "---ს" მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა სამართალდარღვევის ოქმისა და მასზედ დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, რის შემდეგაც 2018 წლის 16 აპრილს გამოსცა N8695 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N6825 ბრძანება (ს.ფ. 26-27)
3.5. შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N6825 ბრძანება შპს „---ს“ მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 თებერვალს 08:18 საათზე ---ს რაიონში სოფელ ---ში, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის მონიტორინგის მიზნით ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო - ნორმით ----. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა საძიებო სისტემის ბაზების ანალიზით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქონელზე შპს „----ის" მიერ არ იყო გამოწერილი ელ. ზედნადები, რაც დასტურდება ვიდეო მასალით. წარმოდგენილი ვიდეო მასალის მიხედვით მძღოლი განმარტავს რომ წინა დღეს (08.02.2018 წელს) არ უმუშავია, მანქანა გაუფუჭდა და დატვირთული დატოვა ავტოგასამართ სადგურზე, დღეს (09.02.2018 წელს) კი კომპანიიდან გამოსვლისას მისთვის შესამჩნევი იყო, რომ კარიერზე მანქანები ჩადიოდნენ, თავად წამოვიდა ადრე რომ მეტჯერ მოახდინოს გადაზიდვა, მიემართებოდა ---კენ. სასაქონლო ზედნადების N ელ--- შექმნისა და აქტივაციის თარიღია 08.02.2018 წლის 15:43:11 საათი, ამასთან ამავე ავტომობილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით 08.02.2018 წელს გამოწერილია ორი ზედნადები, ავტომობილის გადამოწმება განხორციელდა ----ის რაიონში, ს. ---ში, 9.02.2018 წელს 08:18 საათზე. სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია ----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 13.07.2018 წლის N5695/2/2018 გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-25).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი კანონებით:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანება,საქართველოსა ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 09 თებერვლის NCB 847826 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის N6825 ბრძანება და ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება. 09.02.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB847826, შემოსავლების სამსახურის 28.03.2018 წლის N6825 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 13.07.2018 წლის N5695/2/2018 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე Nბს–222–219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი:
1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას;
2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს;
3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ.
საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, შპს "---" სადავოდ ხდის 09.02.2018 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს NCb847826, რომლებითაც იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის დასადგენად და განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რაში გამოიხატება მითითებული სამართალდარღვევა და რამდენად არის სახეზე მათი შემადგენლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, სოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
ამასთანავე საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია
ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):
ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
სასამართლო აქვე მიუთითებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის — N996 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის - NII 012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
სასამართლო განმარტავს, რომ „ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა''.
საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული. ზედნადები გამოწერილი უნდა იქნეს ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ზედნადების ატვირთვა და ზედნადების გააქტიურება წარმოადგენს სხვადასხვა მოქმედებას, გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული შევსება, მისი გააქტიურების გარეშე, არ ჩაითვლება ზედნადების გამოწერად. საგადასახადო მიზნებისთვის, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას განმსაზღვრელია სწორედ სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო. შესაბამისად, კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო საქონლის ტრასპორტირების დაწყების თარიღსა და დროს ემთხვეოდეს, ზედნადების გამოწერის მომენტი არ უნდა იყოს ტრანსპორტირების დაწყების დროზე გვიანი.“ (სუსგ. Nბს-271(2კ-19), 16.05.2023წ.). მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს.
ამდენად, კანონმდებლობით ცალსახადაა დადგენილი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე ზედნადების გამოწერების ვალდებულება. ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, რამეთუ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შემოღება სწორედ გადასახადების დროულად და ჯეროვნად გადახდასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არაა სასაქონლო ზედნადების არქონის ფაქტი, არამედ მოსარჩელე არ ეთანხმება მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და განმარტავს, რომ მის მიერ 2018 წლის 8 თებერვალს გამოიწერა ზედნადები და სწორედ ამ ზედნადების საფუძელზე ახორციელებდა 2018 წლის 9 თებერვალს საქონლის ტრანსპორტირებას, ზედნადებში მითითებული ცვლილება კი გამოიწვია ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებამ, რის გამოც ვერმოხდა 8 თებერვალს ტრანსპორტირების დასრულება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დადგინდეს, შპს „---” ახდენდა თუ არა 2018 წლის 09 თებერვალს ტრანსპორტირებას ზედნადების გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ასე აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად - „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, სუბიექტზე. დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ მოპასუხე სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ - თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე Nბს–626–596(კ-07)).
ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მითითებულ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული „ყოველი ფაქტების დადგენასთან''. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტიდება, საქმე N ბს-1635-1589(კ-08)).
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს
შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენება, ფაქტების, ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ: შპს „---“ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად და საქმიანობაა ---ის რაიონში მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მიწოდება. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 თებერვალს 15:43 საათზე გამოიწერა ზედნადები, რომლის თანახმად შპს "----ს" (გამყიდველი) უნდა მოეხდინა ქვიშა-ხრეშის (რაოდ:19 მ3, საქონლის ფასი 218.5 ლარი) ტრანსპორტირება, ----ის ღორღის ქარხნიდან, შპს ----ში", მდებარე: ----, გადამზიდი: -----, ტრანსპორტის სახელმწიფო ნომერი ---.
2018 წლის 09 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----, რა დროსაც დადგინდა, რომ ---- ახორციელებდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საქმიანობისათვის განკუთვნილი 218.5 ლარის ღირებულების საქონლის, კერძოდ, 19 0311,5 ქვიშა-ღორღის ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე, რადგან შპს ---- მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა განმეორებით, იგი დაჯარიმდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 5000 ლარის ოდენობით.
ამასთან დადგენილია, რომ 2018 წლის 09 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----, რა დროსაც დადგინდა, რომ ----ახორციელებდა შპს „----ს“ (ს/ნ----) საქმიანობისათვის განკუთვნილი 218.5 ლარის ღირებულების საქონლის, კერძოდ 19მ3 ქვიშა-ღორღის ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე, რადგან შპს „---ის“ (ს/ნ ---) მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა განმეორებით, იგი დაჯარიმდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 5000 ლარის ოდენობით, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, რის შედეგადაც 28.03.2018 წელს გამოსცა N6825 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ბრძანება შპს „---ის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. დავების განნილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მოსარჩელის მთავარ არგუმენტზე ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლითაც ხორციელდებოდა გადაზიდა) დაზიანების გამო ვერ განხორციელდა 2018 წლის 8 თებერვლის გამოწერილ ზედნადებში მითითებული საქონლის იმავე დღესვე გადაზიდვა, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების დამადასტურებელი რაიმე გარემოება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი მეწარმე სუბიექტი არ თავისუფლდება ვალდებულებისგან, რომ საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო გამოწეროს იმ დღევანდელი ზედნადები, როდესაც ახორციელებს გადაზიდვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო, ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და სახეობის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს "---ს" მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება (განმეორებით), შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 09 თებერვლის NB847826 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის N6825 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „---ის“ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით - სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს უცვლელად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქ. N11) მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32).
მოსამართლე
სალომე ჯაბიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალდებულება
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით იკვეთება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ ხორციელდებოდა 218.5 ლარის ღირებულების საქონლის, კერძოდ 19მ3 ქვიშა-ღორღის ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. მომჩივნის მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა განმეორებით, იგი დაჯარიმდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 5000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც გამოსცა ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ბრძანება მომჩივნის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო, ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და სახეობის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება (განმეორებით), შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 (2) მუხლით.