გადაწყვეტილება №18348/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18348/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18348/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------------ის 2.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18348/2/2022).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №021-107 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

50 830 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 26 344

დღგ - (-55)

მოგების გადასახადი - 759

საშემოსავლო გადასახადი - 25 640

ჯარიმა - 13 004

საურავი - 11 482

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა შავი ლითონის ჯართის შეძენა და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედგები აისახა 6.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხზე მითითებულია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით კომპანიის სალაროში და ბანკში უნდა ერიცხებოდეს 99 604 ლარის ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე, 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2021 წლის №24393 ბრძანება და 26.07.2021 წლის №021-136 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 24.08.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.12.2021 წლის №39230 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხთან (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტური მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.12.2021 წლის №39230 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2022 წლის №15399/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი დავის საგნის ნაწილში (სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის დაკვალიფიცირება დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად) გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალედარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, მათ შორის საჩივარზე დართული დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 17.03.2022 წლის №15399/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი, ვინაიდან კომპანიის მიერ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №27563 ბრძანება და 2.11.2022 წლის №021-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშებაზე უარის თქმითა და დასკვნაში წარდგენილი მსჯელობით აუდიტის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საგადასახადო კანონმდებლობა და გადაწყვეტილება მიიღო საკითხის სათანადოდ შესწავლისა და არგუმენტების გამოკვლევის გარეშე. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ აქტით განხორციელებული დარიცხვები მთლიანად გამოწვეულია ბუღალტრულ ანგარიშებზე (1440 - ანგარიშვალდებული პირი და 3160 - პარტნიორის შენატანი) დაფიქსირებული თანხების ფულის ნაშთის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობით. შემმოწმებლებმა მხოლოდ 24 ოქტომბრის დასკვნაში მიუთითა, რომ მათ ნაშთები არ გაითვალისწინეს. დარიცხვის მიზეზად აქტში მითითებული აქვს სალაროს ნაშთის გადაანგარიშება.

შემოსავლების სამსახურში დავის განხილვის პროცესში ამტკიცებდა, რომ დებიტორკრედიტორული ნაშთები გათვალისწინებული იყო, რის გამოც პირველ ინსტანციაში მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა. ფინანსთა სამინისტროში დავისას საბუღალტრო პროგრამის დეტალური ამონაწერი წარადგინა და კონკრეტულად მიუთითა დაშვებული შეცდომები, რის გამოც შემმოწმებელი იძულებული გახდა შეეწყვიტა მტკიცება, რომ ნაშთები მონაწილეობს გაანგარიშებაში. უკვე დასკვნაში აღნიშნა, რომ დააკორექტირა 1440 (დებიტორული ნაშთი 1.06.2021წ. 18 778,48 ლარი) და 3160 (კრედიტორული ნაშთი 1.01.2018წ. 78 197,59 ლარი) ანგარიშებზე არსებული ნაშთები, მაგრამ არგუმენტი იმისა თუ რატომ დააკორექტირა და რატომ არ გაითვალისწინა კვლავ უცნობია. შემმოწმებელი ვალდებული იყო მიეთითებინა ნაშთების კორექტირების/არ გათვალისწინების მიზეზი. მიზეზის დაფიქსირების შემთხვევაში წარდგენილი იქნება/იქნებოდა არგუმენტები და მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში შემოწმების დაწყების პირველივე დღეებიდან ჰქონდა წარდგენილი „ორისის“ პროგრამა, სადაც ფიქსირდება საწყისი ნაშთები. მათ შორის 3160 ანგარიშზე პარტნიორის 3 შენატანი 78 197 ლარი, რომელიც პარტნიორის მიერ გატანილია 20.03.2018 წელს. ამ გასავლის გაუთვალისწინებლობა რა თქმა უნდა იწვევს საბოლოო ფულის ნაშთის სხვაობას. აღნიშნული გატანილი თანხის 2021 წლის მაისის თვეში დაბეგვრა ყველა შემთხვევაში არასწორია. დავისა და გადაანგარიშების ეტაპებზე, რომ მხოლოდ საბუღალტრო პროგრამის ამონაწერები წარადგინა ამ ფაქტის უარყოფით კონტექსტში მოხსენება გაუმართლებელია. არანაირი მტკიცებულება არ არის საჭირო საკითხი არის უმარტივესი: პარტნიორს 2017 წელში შეტანილი ჰქონდა საკუთარი თანხა საქონლის შესაძენად (შეძენილი საქონელიც (108 616 ლარის) ნაშთად ირიცხება 1.01.2018 წ.), გაყიდა შეძენილი საქონელი და გაიტანა უკან 2018 წელს, ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს კანონით და შესაბამისი სტანდარტებით დადგენილი წესით. საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ სრულად არის აღრიცხული ფულადი თანხების მოძრაობა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით და სალაროს ოპერაციებით. თითოეულ სალარო ოპერაციებზე როგორც შემოსავალზე, ასევე გასავალზე ამოწერილია სათანადო ორდერები, ყველა ოპერაცია იდენტიფიცირებადია (1210, 1410, 1440, 3110, 3160 ა.შ), ზუსტად არის შესაძლებელი განისაზღვროს სალაროში ნაშთი. ამიტომაც გაუგებარია შემოწმების პროცესში, რატომ იყენებს შემმოწმებელი პირდაპირ მეთოდთან ერთად არაპირდაპირ მეთოდს და თანაც არასწორად, რომლის არანაირი სახის საჭიროება არ არსებობდა. რისი დასტურიც არის თავად შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც არ გამოვლენილა საბუღალტრო რეგისტრებში აუსახავი შემოსავალი, რომელიც არ იყო დეკლარირებული.

შემოწმებით დღგ-ში დეკლარირებული მონაცემი შემცირდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ 2018 წლის ივნისის თვეში დღგ-ის ჩათვლით თანხა იყო არასწორად დეკლარირებული მექანიკური შეცდომის გამო. აუდიტის დასკვნაში გადაანგარიშებაზე უარის თქმის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად აღნიშნულია შემდეგი: ელექტრონული საბუღალტრო პროგრამის მონაცემები არათანმიმდევრულია და სრულად არ ასახავს კომპანიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. აღნიშნულს არ ეთანხმება, რადგან არ არის განმარტებული არათანმიმდევრულობა რაში გამოიხატება, მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი შემმოწმებელს უნდა განემარტა, რათა დასკვნა არგუმენტირებული ყოფილიყო. თანმიმდევრულობა ნიშნავს, რაღაც დადგენილ წესებს, საბუღალტრო პროგრამაში პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ოპერაციების რიგითობით აღრიცხვის დადგენილ წესებს. აღნიშნავს, რომ ასეთი სახის საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს. მაგალითისათვის გაიყიდა საქონელი, რაზედაც გამოწერილია სასაქონლო ზედნადები (პირველადი საგადასახადო დოკუმენტი). ეს ოპერაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში ტარდება შემდეგი სახით: 1. აისახება რეალიზაციის ოპერაცია, 2. ჩამოიწერება გაყიდული საქონელი ხარჯებში. ეს ოპერაცია შეიძლება გატარდეს პირიქითაც 1. ჩამოიწეროს გაყიდული საქონელი ხარჯებში და 2. აისახოს რეალიზაციის ოპერაცია. ისმის კითხვა რომელი თანმიმდევრულობა იქნა დარღვეული? დავუშვათ ზემოაღნიშნული ოპერაცია განხორციელდა 2.11.2020 წელს ერთ შემთხვევაში ბუღალტერმა საქონლის გაყიდვისა და გაყიდული საქონლის ხარჯებში ჩამოწერის ოპერაციის ასახვა განახორციელა საბუღალტრო რეგისტრებში 2.11.2020 წელს და მეორე შემთხვევაში კი 5.12.2020 წელს გაატარა და აღნიშნული ოპერაციები ასახა 2.11.2020 წლის თარიღით საბუღალტრო პროგრამაში, აქაც ისმის კითხვა რა თანმიმდევრობა დაირღვა და რა შედეგები უნდა იქნეს გამოწვეული? ორივე შემთხვევაში პასუხი ნათელია არც არაფერი დარღვეულა.

საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის დანიშნულება გახლავთ, რომ ერთ ელექტრონულ სისტემაში აისახოს სამეურნეო ოპერაციები პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ ჩანდეს ოპერაციის დასაწყისი და დასასრული. ამიტომაც მიაჩნია, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული არგუმენტაცია სრულიად უსაფუძვლოა. რაც შეეხება, არგუმენტს, რომ ელექტრონული საბუღალტრო პროგრამის მონაცემები არათანმიმდევრულია და სრულად არ ასახავს კომპანიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს დაუსაბუთებელი არგუმენტია, რადგან არათანმიმდევრულობის გამო რაიმე სახის პირველადი დოკუმენტაცია საბუღალტრო რეგისტრებში აუსახავი იყო, ამაზე პასუხს აუდიტის დასკვნა არ იძლევა. პასუხს იძლევა თავად შემოწმების აქტი რომლის მიხედვითაც არ გამოვლენილა საბუღალტრო რეგისტრებში აუსახავი შემოსავალი ეს უდავო მტკიცებულება გახლავთ, ამიტომაც არ არსებობს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. საკითხი მარტივი გახლავთ შემმოწმებელს არ სურს გაითვალისწინოს საბუღალტრო რეგისტრებში ასახული შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული ნაშთი 4 მხოლოდ 1440 და 3160 საბუღალტრო ანგარიშის და ამის გასამართლებლად არარსებულ დაუსაბუთებელ არგუმენტს იყენებს, რაც დაუშვებელია.

აღსანიშნავია, რომ შემმოწმებლებს არაერთხელ ეთხოვა მონაწილეობით მოეხდინა გადაანგარიშება, რის მიუხედავადაც პოზიციის წარდგენის საშუალება არ მიეცა. პირველ ეტაპზე ჰქონდა კონტაქტი, რა დროსაც უთხრეს, რომ არ მიაჩნიათ სარწმუნოდ 1.01.2018 წლისათვის არსებული საბუღალტრო ნაშთები, რაზეც უხსნიდა, რომ წარდგენილი ნაშთების ნამდვილობაში დარწმუნება ადვილი იყო RS.GE-ზე არსებული ინფორმაციებიდან.

კომპანიამ 2016 წელს დაიწყო მუშაობა. 1.01.2018 წლამდე მოახდინა 350 ტონა შავი ლითონის ჯართის რეალიზაცია, რომლის სარეალიზაციო ღირებულება იყო 162 605 ლარი. მოგება ამ რეალიზაციიდან მიღებული აქვს 25 294 ლარი, რაც ასევე ფიქსირდება საბუღალტრო პროგრამაში. არ ჰქონდა სესხი აღებული, არ ჰყოლია მნიშვნელოვანი კრედიტორები (ძირითად მომწოდებლებზე თანხები გადახდილი ჰქონდა). 1.01.2018 წლისათვის არსებული საქონელი 108 616 ლარი ვერანაირად ვერ იქნებოდა კომპანიის რესურსით ნაყიდი. იგივე საქმიანობას ჯართის რეალიზაციას ახდენდა შესამოწმებელ პერიოდშიც, მათივე შემოწმებულ 2018 წელს ჰქონდა 642 000 ლარის რეალიზაცია და მოგება 57 000 ლარი, 9%-ზე ნაკლები. 2016-2017 წლების მოგება 15%-ზე მეტია დაფიქსირებული. არ არსებობდა წარდგენილ ნაშთებზე ეჭვის გაჩენის საფუძველი.

შემოწმების აქტი და დასკვნა შედგენილია არასწორად და არ არის შესრულებული ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2022 წლის №15399/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა შესწავლა და საგადასახადო შემოწმებით ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 17.03.2022 წლის №15399/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი დავის საგნის ნაწილში (სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის დაკვალიფიცირება დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად) გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალედარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, მათ შორის საჩივარზე დართული დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერები და ანგარიშების ბარათები, რაც შემოწმების პროცესშიც იყო ცნობილი. ელექტრონული საბუღალტრო პროგრამის მონაცემები არათანმიმდევრულია და სრულად არ ასახავს კომპანიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა სალაროში ფულის ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშება. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დაკორექტირდა არამარტო სალაროს ნაშთები, არამედ დებიტორ-კრედიტორული 5 დავალიანების ამსახველი ანგარიშების ნაშთებიც. ვინაიდან კომპანიის მიერ არ მომხდარა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ახალი მტკიცებულებების წარდგენა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტით დასტურდება რომ შემოწმების შედეგად დამატებით შემოსავალი არ გამოვლენილა ანუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. აუდიტის დასკვნაში გადაანგარიშებაზე უარის თქმის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად აღნიშნულია ელექტრონული საბუღალტრო პროგრამის მონაცემების არათანმიმდევრულობა, რასაც არ ეთანხმება, რადგან არ არის განმარტებული აღნიშნული რაში გამოიხატება. შემმოწმებელი არ ითვალისწინებს 1440 და 3160 ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის დასაწყისში არსებულ ნაშთს, რისი საფუძველი არ არსებობს, რადგან ცალსახად ჩანს რომ იმ ოდენობის საქონელს ვერ შეიძენდა კომპანია რომ არა დამფუძნებლის მიერ კაპიტალში თანხის შენატანი.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე მომჩივნის არგუმენტებზე განმარტა, რომ შემოწმების პროცესში სალაროში არსებული ფულის ნაშთი გაანგარიშდა 1410 და 3110 ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენებით. მომჩივანი ედავება, რომ არ ითვალისწინებს 1440 და 3160 ანგარიშების ნაშთებს. აღნიშნული ანგარიშების შესწავლით ჩანს, რომ თითქოს დამფუძნებელს პირადი თანხით გაწეული აქვს ხარჯი, რომლის შესაბამისი თანხა შემდგომ დაბრუნებულია სალაროდან. აღნიშნულის გათვალისწინება არ განხორციელდა, რადგან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სალაროს ორდერით (20.03.2018წ.) რომ ეს თანხა მიიღო დამფუძნებელმა არ ემთხვევა იმ პერიოდისთვის სალაროში არსებულ ნაშთს ანუ სალარო მინუსდება და აღნიშნული დასაბრუნებელი თანხა სალაროში კომპანიას ფიზიკურად არ გააჩნია.

აღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის ანალიზის და შესწავლის შედეგად საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 17.03.2022 წლის №15399/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.