იპოთეკარები N 2515
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
იპოთეკარები N 2515
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკური პირი ახორციელებს თანხების სესხად გაცემას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული პირი არ არის გადამხდელად რეგისტრირებული, არ აწარმოებს მიღებული შემოსავლების აღრიცხვას და არ გააჩნია შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია
· ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმება და გაუქმება(შეწყვეტა) რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, ამასთან არის შემთხვევები, როცა გაფორმებულია გაუქმების ხელშეკრულება თუმცა ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული თანხის მიღება ფაქტობრივად არ დასტურდება, ან გაუქმების ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, თუმცა არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც იპოთეკით დატვირთული ქონების განკარგვის უფლება გადასულია იპოთეკარზე ან ქონებაზე მოხსნილია იპოთეკა
შეფასება
· სსკ-ის 102-ე მუხლის (ძვ.175-ე) ”ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური პირის მიერ შემოსავლების მიღების მიზნით განხორციელებული აღნიშნული საქმიანობა განიხილება როგორც ეკონომიკური საქმიანობა
· ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ქონებაზე იპოთეკის მოხსნის შემთხვევაში თუ ფიზიკური პირის მიერ ფაქტობრივად არ ფიქსირდება თანხის მიღება და ამავდროულად არ არსებობს შეთანხმება ვალის პატიების შესახებ ან აღნიშნულ საკითხზე არ მიმდინარეობს სასამართლო დავა, პირს აღნიშნული შემოსავალი ჩაეთვლება მიღებულად და დაიბეგრება სსკ-ის 73-ე (ძვ.104-ე) მუხლის შესაბამისად
ღონისძიებები
· პირი დაჯარიმდება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისათვის სსკ-ის 273-ე მუხლის შესაბამისად
· 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე პირი დაჯარიმდება დეკლარაციის წარუდგენლობისთვის სსკ-ის 274-ე მუხლის მიხედვით, ხოლო 2011 წლიდან პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით
ითვლება, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი განისაზღვრება საკასო მეთოდით.
მოცემულ შემთხვევაში ორივე მხარე ფიზიკური პირია და აღნიშნული წარმოადგენს არაერთჯერად ოპერაციას.
მოცემული სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს იმ შემთხვევას, როცა სესხის სანაცვლოდ ხორციელდება იპოთეკით დატვირთული ქონების საცხოვრებლად გამოყენება.
სახელმძღვანელო არ ეხება მე-3 პირისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მოცემული სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს ასეთი ქონების გამოყენებით წარმოშობილ სარგებელს.
თუ პირს ფინანსური ინსტიტუტიდან აღებული აქვს კრედიტი მოცემულ შემთხვევაში ხარჯი გამოქვითვადია.
ფიზიკურ პირს არ წარმოეშობა სოციალური გადასახადის ვალდებულება.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 13 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც.