გადაწყვეტილება №19393/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19393/2/2023
22.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------ -------ი“ (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -------ის“ 11.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19393/2/2023).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №EL199406 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №EL199423 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 თებერვლის №EL200360 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 თებერვლის №EL200361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6263 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
16 000 ლარი. მათ შორის
ფაქტების აღწერა
2022 წლის 25 ნოემბერს და 10 დეკემბერს კომპანიის საბაჟო საწყობში განთავსდა №----/D------- (21.11.2022), №№----/D------- (24.11.2022) და №№----/D------- (07.12.2022) აღრიცხვის მოწმობებით ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი (ცარიელი კონტეინერები: №-------, №-----------, №-------, №-------, №------- და №№-------).
საბაჟო დეპარტამენტის №21-10-19/3925 (20/01/2023) და №21-10-19/10716 (10/02/2023) წერილობითი შეტყობინებებით, საწარმოს ეთხოვა, საბაჟო ორგანოსთვის ეცნობებინა №----/D------- (21.11.2022), №----/D------- (24.11.2022) და №----/D------- (07.12.2022) აღრიცხვის მოწმობებით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რა რაოდენობა ინახებოდა კომპანიის საბაჟო საწყობში.
გადასახადის გადამხდელის №----/21-10-19 (26.01.2023) და №-----/21-10-19 (14.02.2023) განცხადებებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მითითებული აღრიცხვის მოწმობებით შემოტანილი №----------, №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან 2022 წლის 24 დეკემბერს და 2023 წლის 15 იანვარს.
დადგინდა, რომ №----/D------- (21/11/2022), №----/D-------(24/11/2022) და №----/D------- (07/12/2022) საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კომპანიის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსებული კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე. ამასთან, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განხორციელდა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--ის“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგა №EL199406, №EL199419, №EL199421, №EL199423, №EL199424, №EL200360, №EL200361 და №EL200362 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 176-ე მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №EL199406, №EL199423 და 16 თებერვლის №EL200360, №EL200361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები 2023 წლის 7 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 მარტის №6263 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის მე5, მე-6, 70-ე, 127-ე, 163-ე, 170-ე, 176-ე მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველ, მე-5 მუხლებზე და „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8, მე-17 მუხლებზე.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №----/D------- (21/11/2022),№----/D------- (24/11/2022) და №----/D------- (07/12/2022) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და მომჩივნის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსებული კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე. ამასთან, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განხორციელდა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილების შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღიარებს საბაჟო პროცედურების დარღვევას, რადგან სგპ-ის მებაჟეების მიერ საბაჟო აღრიცხვის მოწმობებისა და ცარიელი ავზი კონტეინერებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების დალუქვის არაკანონიერების ფაქტი ოფიციალურად არ გახადეს მსჯელობის საგნად და შესაბამისი სამსახურებიდან არ მოითხოვეს მათი გაუქმება-გასწორება. შემოსავლების სამსახური აღნიშნულ ფორმულირებას დაეთანხმა და არ უარყვია კომპანიის განმარტება სგპ-ს მხრიდან განხორციელებული არაკანონიერი ქმედების (ორმაგი სტანდარტი) გამო.
შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა კანონით დადგენილი მოთხოვნები. როგორიცაა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის №944 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი, მუხლი 14. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მე-8 პუნქტით დადგენილია, რომ „უფლებამოსილი პირი, ხელმძღვანელობს კანონით და მართლშეგნებით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საბაჟო სამართალდარღვევის საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას“, რისთვისაც მან უნდა შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე არსებული მტკიცებულებები (პუნქტი 5), ანუ ყველა ფაქტობრივი მონაცემები და გარემოება, რომელთა საფუძველზე დადგინდება საბაჟო სამართალდარღვევის არსებობა ან არ არსებობა და რომელთაც მნიშვნელობა აქვს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის სწორად გადაწყვეტისათვის (პუნქტი 6) და რომელიც უნდა დადგინდეს მათ შორის, სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტებით და სხვა დოკუმენტებით (პუნქტი 7).
შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არც გამომწვევი მიზეზებით დაინტერესებულა იმის შესახებ, რომ ექვსივე ოქმი, რომელიც შედგენილია კომპანიის სახელზე, ხელმოწერილია მხოლოდ მებაჟე ოფიცრის მიერ და ეს მაშინ როდესაც საქართველოს საბაჟო კოდექსის, საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების 164-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მებაჟე ოფიცერი ვალდებული იყო სამართალდარღვევის ოქმი წარედგინა სამართალდამრღვევი პირისთვის, რაც არ განუხორციელებია. შედეგად, კომპანიას (წარმომადგენელს) ჩამოერთვა უფლება, ესარგებლა აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტით მასზე მინიჭებული უფლებით და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოსთვის წარედგინა განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც უნდა ასახულიყო სამართალდარღვევის ოქმში ან წარმოდგენილი იქნებოდა დანართის სახით.
რაც შეეხება პუნქტი 7-ით განსაზღვრულ „სხვა დოკუმენტებს“, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განცხადებაში გარკვევითაა ახსნილი, განმარტებული და კონკრეტული მაგალითებით დასაბუთებული ის ფაქტი, რომ მხოლოდ საქართველოს სგპ-ს მებაჟეების მიერ, თანაც რისკის არ არსებობის პირობებში მოხდა ცარიელი ავზი კონტეინერებით (პრაქტიკულად ტარა და არა საქონელი) დატვირთული ტენტიანი სატრანსპორტო საშუალებების დალუქვა, რომლის მიზეზიც გაურკვეველია. რაც შეეხება რისკს, იგი, საბაჟო კოდექსის მე-3 თავის 27-ე მუხლის - საბაჟო კონტროლი და რისკის მართვის მე-3 პუნქტის თანახმად, განმარტებულია, რომ „რისკი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან, მიზნობრივი დანიშნულენით გამოყენებასთან ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ საქონელთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომის ალბათობასთან“ და სწორედ აღნიშნული ალბათობის გამოსარიცხად მიღებულია დალუქვის წესი. აღნიშნულის მტკიცებულებას წარმოადგენს ტენტიანი სარტანსპორტო საშუალებების ან/და კონტეინერების დაულუქავობის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში გამომგზავნ კომპანიას ცარიელი ავზით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები არ დაულუქავს. ასევე, იგი არ დალუქულა სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ----ის, ----ისა და ----ის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებშიც, სადაც არა ჰგონიათ უცოდინარი ან/და უპასუხისმგებლო მებაჟეები იყნენ დასაქმებულნი.
აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, ცარიელი ავზი კონტეინერებით დატვირთული ტენტიანი სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთისას და სგპ-ს წარმომადგენლების მიერ გაფორმდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო აღრიცხვის მოწმობები, რადგან ცარიელი ავზი კონტეინერები (ფაქტიურად ტარა) ჩაითვალა „საქონლის“ კატეგორიაში, თანაც ისე, რომ მოცემულ შემთხვევაში სგპ-ებში „---ი“ და „-----ი“ შედგენილი აღრიცხვის მოწმობებში გაკეთებული ჩანაწერებიც არ ადასტურებენ საქონლის, როგორც ასეთის რეალურად არსებობის ფაქტს. იგი არც საზღვაო ხაზის, ხმელთაშუა ზღვის გადამზიდავი კომპანიის ----- მიერ გამოწერილ საზღვაო კონოსამენტში ჩანაწერებით დასტურდება.
მეორე შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული კატეგორიისა და იგივე მახასიათებლების მქონე ცარიელი ავზი კონტეინერებით დატვირთული ტენტიანი სატრანსპორტო საშუალებები არსად დაულუქავთ, მათ შორის, არც საქართველოს სგპ-ს მებაჟეებს. შესაბამისად, არც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო აღრიცხვის მოწმობის გამოწერის საჭიროება დამდგარა და არც არავინ დაუჯარიმებიათ ან დაუსჯიათ აღნიშნულის გამო.
შედეგად, საქართველოს სგპ-ს მებაჟეების მიერ განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ორმაგი სტანდარტი გახდა ----ის საბაჟო საწყობის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის ძირითადი მიზეზი. გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური მომენტიც, კერძოდ ის, რომ ტვირთის მიღების შემდეგ, უკან დაბრუნებული ცარიელი კონტეინერები, როგორც წესი, არ მიეკუთვნება „საქონლის“ კატეგორიას, ამიტომ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო აღრიცხვის მოწმობის გაფორმების საჭიროებაც არაა და დროებითი შენახვის შემდეგ საბაჟო საწყობიდან კონტეინერების გაგზავნის შემთხვევაში არ საჭიროებს სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციას. აღნიშნულის მტკიცებულებაა მეორე შემთხვევის დროს განხილული იგივე მახასიათებლის მქონე ცარიელი კონტეინერების მაგალითი, რომლებიც არ დალუქულა, არც საბაჟო მოწმობა გამოწერილა და არც სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის საჭიროება დამდგარა.
ზემოთ აღნიშნული მოცემულობის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის მუხლი 14-ის მე-8 პუნქტით და საქმის ობიექტურად გამოკვლევის გარეშე, კანონქვემდებარედ ჩათვალა, ერთ შემთხვევაში, სგპ-ს მიერ სატრანსპორტო საშუალებების დალუქვისა და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობების გამოწერის და მეორე შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებების დაულუქაობისა და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობების გამოუწერლობის ფაქტი ანუ დადასტურდა, რომ არა მარტო სგპ-ს წარმომადგენლები, არამედ განცხადების განმხილველი სხდომაც მოქმედებდა ორმაგი სტანდარტით. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, კანონიერად ჩათვალა და საბაჟო საწყობიდან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე, საბაჟო საწყობიდან დაულუქავი ცარიელი კონტეინერების გატანისთვის კომპანია დააჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ასევე კანონიერად ჩათვალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას პირველი შემთხვევის იდენტური ფაქტის არსებობის დროს სატრანსპორტო საშუალების დაულუქაობა და საბაჟო აღრიცხვის მოწმობის გაუფორმებლობა ანუ ორივე შემთხვევაში ერთნაირი მოცემულობის პირობებში მებაჟეთა მოქმედება „მართლზომიერი“ ყოფილა, ხოლო მათ მიერ დაშვებული შეცდომა უნდა გამოსწორებულიყო არა საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომლის მოხელემაც დოკუმენტის არასწორად გაფორმების გამო შეცდომაში შეიყვანა კომპანიის საბაჟო საწყობის თანამშრომლები, არამედ აუცილებლად, თანაც მკაცრად უნდა დასჯილიყო საბაჟო საწყობი. აღნიშნულის მტკიცებულებაა შემდეგი ფაქტი. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6263 ბრძანებაში მოცემულია, რომ სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განხორციელდა საბაჟოს წარმომადგენლის მიერ, მაგრამ სხდომაზე საქმის განხილვისას არავინ დაინტერესებულა, თუ რის საფუძველზე განხორციელდა ცარიელი ავზი კონტეინერებით დატვირთული ტენტიანი სატრანსპორტო საშუალებების დალუქვა და საბაჟო აღრიცხვის მოწმობის გაფორმება. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის წევრებისთვის ცნობილი იყო, რომ ზუსტად ანალოგიური შემთხვევის დროს საქართველოში შემოსული ცარიელი ავზი კონტეინერებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები ქ. ---ის მიმართულებით გაატარეს დალუქვისა და საბაჟო აღრიცხვის მოწმობის გაფორმების გარეშე.
უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახურმა საქმის განხილვის დროს ზემოაღნიშნული ერთი და იგივე ფაქტობრივი მოცემულობის შესაფასებლად აირჩია ორმაგი სტანდარტი. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ ჩათვალა და არ აღიარა სგპ-ების „------ი“ და „----ი“ მებაჟეთა მიერ დაშვებული შეცდომა, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების დალუქვის გამო ცარიელი ავზი კონტეინერის „საქონლის“ კატეგორიაზე მიკუთვნების ფაქტი, არ გააუქმა საბაჟო აღრიცხვის მოწმობები და მომხდარში დაადანაშაულა მხოლოდ კომპანია, რაც განახორციელეს კიდეც. ხოლო მე-2 შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში, როდესაც სგპ-ს მებაჟეებმა არ დალუქეს სატრანსპორტო საშუალება, არ მიაკუთვნეს ცარიელი ავზი კონტეინერები „საქონლის“ კატეგორიას და არ გააფორმეს საბაჟო მოწმობები, საერთოდ არ განუხილავთ და შესაბამისი განსჯისა და შეფასების გარეშე დატოვეს რეალურად მოხდარი ფაქტი. აქვე, დაესესხებიან შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ჩანაწერს რომელიც განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს“. ანუ აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქმე გვაქვს ზოგადად „საქონლის შემოტანასთან“ და საბაჟო კონტროლზე მის შესაძლო დაქვემდებარებასთან, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, თუნდაც იმიტომ რომ გამორიცხულია ტვირთმიმღებიდან დაბრუნებული ცარიელი ავზი კონტეინერით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ხან დაილუქოს ხან არა, ხან გაფორმდეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო აღრიცხვის მოწმობები და ხან არა, ხან ცარიელი ავზი კონტეინერი ჩაითვალოს საქონლად და ხანაც უბრალოდ კონტეინერად (ტარად).
შემოსავლების სამსახურმა №6263 ბრძანებიდან გამომდინარე, კომპანია ზოგადად დაადანაშაულა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის დადგენიებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების დანაწესის შეუსრულებლობისთვის, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან დასაბუთებული არაა კომპანიის მხრიდან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისთვის დადგენილი პირობების დარღვევა, საბაჟო ორგანოს მოთხოვნების შეუსრულებლობა, საბაჟო კონტროლის განხორციელებისადმი ხელშეშლა, საბაჟო საწყობში საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ან/და გატანის შესაძლებლობა და საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობების დაუცველობა. რაც შეეხება საბაჟო საწყობის მხრიდან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაციის (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განუხორციელებლობას, იგი დიდი ალბათობით განაპირობა სგპ-ს თანამშრომლების თვითნებურმა, უპასუხისმგებლო და ორმაგი სტანდართით მოქმედებამ. გარდა აღნიშნულისა, საბაჟოსთან შეთანხმების გარეშე ცარიელი ავზი კონტეინერის ანუ არ არსებული საქონლის გატანის გამო, საბაჟო საწყობი დაადანაშაულეს სსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაშიც და დააჯარიმეს, თუმცა სხვა შემთხვევაში იდენტური ფაქტის მიუხედავად, როგორც ზემოთ განხილული მე-2 შემთხვევით დასტურდება, არავინ დაუჯარიმებიათ.
მომჩივანი ითხოვს, რეალური მოცემულობის გათვალისწინებით, გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და საწარმოს ჩამოეწეროს მასზე უსაფუძვლოდ დაკისრებული საბაჟო სანქცია - 16 000 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ №----/D------- (21/11/2022), №----/D------- (24/11/2022) და №----/D------- (07/12/2022) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და მომჩივნის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსებული კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე. ამასთან, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განხორციელდა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ. შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმები.
ამასთან, საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ეს არ იყო საქონელი, იყო მხოლოდ ცარიელი კონტეინერები და მათი ქმედებით არავინ დაზარალებულა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევები გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №EL199406, №EL199423 და 16 თებერვლის №EL200360, №EL200361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს №EL199406, №EL199423, №EL200360 და №EL200361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
2022 წლის 25 ნოემბერს და 10 დეკემბერს კომპანიის საბაჟო საწყობში აღრიცხვის მოწმობებით განთავსდა ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი .
საბაჟო დეპარტამენტის წერილობითი შეტყობინებებით, საწარმოს ეთხოვა, საბაჟო ორგანოსთვის ეცნობებინა აღრიცხვის მოწმობებით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რა რაოდენობა ინახებოდა კომპანიის საბაჟო საწყობში.
გადასახადის გადამხდელის განცხადებებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მითითებული აღრიცხვის მოწმობებით შემოტანილი კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან 2022 წლის 24 დეკემბერს და 2023 წლის 15 იანვარს.
დადგინდა, რომ საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კომპანიის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსებული კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე.
ამასთან, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია განხორციელდა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 176-ე მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №EL199406, №EL199423 და 16 თებერვლის №EL200360, №EL200361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №6263 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევები გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №EL199406, №EL199423 და 16 თებერვლის №EL200360, №EL200361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302;
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:5; 6; 70(1,2); 127(3); 163(11); 170(1,2); 176(1,2);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3)პირველი.მე-5 ( „დ“),მუხლები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 ( „ა“, „გ“ „დ“); მე-17 (1) მუხლები.