საგარანტიო მომსახურება (თუ გაცხადებული იყო თავიდანვე აღარ დაიბეგრება) N 0725
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგარანტიო მომსახურება N 0725
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელი საწარმო ახდენს საქონლის რეალიზაციას
· ვარიანტი I საწარმოს რეალიზებულ საქონელზე გაცხადებული აქვს სავალდებულო საგარანტიო პერიოდი, რომელიც არ ცვლის საქონლის ღირებულებას, რეალიზებულ საქონელს თავისი ხარჯით უწევს საგარანტიო მომსახურებას. საწარმო რეალიზებულ საქონელს ბეგრავს დღგ-ით, ხოლო გაწეულ საგარანტიო მომსახურებას, განიხილავს საქონლის ღირებულების შემადგენელ ნაწილად. საწარმო გაწეულ საგარანტიო მომსახურებას არ განიხილავს დამოუკიდებელ ოპერაციად და დამატებით არ ბეგრავს დღგ-ით. საწარმო ახდენს საგარანტიო მომსახურებისთვის შეძენილ ნაწილებზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლას.
· ვარიანტი II საწარმო მონაწილეობს ტენდერებსა და საბითუმო შესყიდვებში. საწარმო სატენდერო/საბითუმო შესყიდვის პირობების დაკმაყოფილების მიზნით, შემსყიდველებს სთავაზობს საგარანტიო მომსახურებას, რომელიც არ ცვლის საქონლის სატენდერო წინადადების ღირებულებას. საწარმო რეალიზებულ საქონელს ბეგრავს დღგ-ით, ხოლო გაწეულ საგარანტიო მომსახურებას განიხილავს საქონლის ღირებულების შემადგენელ ნაწილად. საწარმო გაწეულ საგარანტიო მომსახურებას არ განიხილავს დამოუკიდებელ ოპერაციად და დამატებით არ ბეგრავს დღგ-ით. საწარმო ახდენს საგარანტიო მომსახურებისთვის შეძენილ ნაწლებზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლას.
შეფასება
· სსკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა.ა'' ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან პირგასამტეხლოს გარეშე.
· სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შერეულ ოპერაციად ითვლება ისეთი ოპერაცია, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების კომბინირებულ მიწოდებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის /მომსახურების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების მიწოდებად.
· სსკ-ის 173-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სსკ-ს 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებულ იქნება, დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციებისა; ამის გათვალისწინებით, საწარმო უფლებამოსილია მიიღოს საკუთარი ხარჯებით გაწეულ საგარანტიო მომსახურებისათვის შესყიდულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა, იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოიყენება ან გამოყენებულ იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
· ორივე ვარიანტში: საწარმოს გაცხადებული სავალდებულო საგარანტიო პერიოდის ფარგლებში რეალიზებულ საქონელზე, ასევე ტენდერის/საბითუმო შესყიდვის ფარგლებში, რეალიზებულ საქონლზე, მის მიერ საკუთარი ხარჯებით გაწეული საგარანტიო მომსახურება რომელიც გათვალისწინებულია საქონლის სარეალიზაციო პირობებით (გაცხადებული გარანტია ან სატენდერო/საბითუმო შესყიდვა), წარმოადგენს საქონლის ღირებულების შემადგენელ ნაწილს. საწარმოს მიერ საკუთარი ხარჯით გაწეული საგარანტიო მომსახურება მიწოდებული საქონლის მიმართ ითვლება დამხმარე ხასიათის მომსახურებად, წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ნაწილს და დამატებით არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
აღნიშნული არ ეხება შემთხვევას, როდესაც ინდივიდუალურად ხდება საგარანტიო ვადის გაგრძელება, ან/და მომსახურება შესრულებულ იქნა საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდგომ.
მოცემული პირობა ეხება დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის საგარანტიო მომსახურებასაც, აღნიშნულ შემთხვევაში საგარანტიო პერიოდში და საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში შეცვლილი ახალი ნაწილის მიხედვით ჩათვლა არ უნდა განხორციელდეს.