ბრძანება N 3104
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3104
20.02.2023
შპს „--------“ (ს/ნ--------------)
(მის.: ქ. -------------------------)
2022 წლის 13 სექტემბრის, 26 ოქტომბრის და
2023 წლის 17 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -------------) 2022 წლის 13 სექტემბრის №74649/1/2022, 26 ოქტომბრის №75763/1/2022 და 2023 წლის 17 იანვრის №78155/1/2023 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს №149-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვას და ითხოვს დარიცხვის საფუძვლების შესწავლას შემმოწმებლებთან ერთად;
2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი;
3. არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის ოდენობას და აღნიშნული სმფ-ების რეალიზებულად განხილვის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარებისას არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ კომპანიას სხვადასხვა მისამართზე აქვს სმფ-ების ნაშთი;
4. არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს და ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლას;
5. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივნისის №13927 და 12 აგვისტოს №21472 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 16 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 აგვისტოს №21831 ბრძანება და ამავე თარიღის №149-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 687 511 ლარი, მათ შორის, გადასახადი 431 330 ლარი, ჯარიმა 226 621 ლარი, საურავი 29 560 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვება, შეძენა/რეალიზაცია. საწარმოს გააჩნია ხე-ტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე და 107-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელი 2 175 ლარის ოდენობით.
2-3. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივნისის №15080 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საგადასახადო შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა (832 079 ლარი დღგის გარეშე), რომელიც საწარმოს დეკლარაციების მიხედვით არც რეალიზებულად არის განხილული და არც ფაქტობრივ ნაშთში ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სმფ-ების დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი (გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე, ექსპერტის მიერ დადგენილი ფასები). აღნიშნულის გათვალისწინებით, გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმების მიერ ჩატარდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემები, აგრეთვე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები) და ახსნა-განმარტებები. მიღებული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2022 წლის მაისის ბოლოს გამოვლინდა 1 306 425 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის დეკლარირებული ქონების გადასახადი (გარდა მიწისა), თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა შესწავლისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, გადამხდელს უფიქსირდება დაუმთავრებელი მშენებლობა და სხვა ძირითადი საშუალებები (მანქანები, დანადგარები).
გადამხდელი ვალდებული იყო დაედეკლარირებინა დაუმთავრებელ მშენებლობასა და სხვა ძირითად საშუალებებზე ქონების გადასახადი. შემოწმებით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
ხოლო ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:
ა) ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის − ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არაუგვიანეს მათი ტყიდან ტრანსპორტირებისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის მერქნული რესურსების პირადი მოხმარებისათვის, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);
გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – ტყის მერქნული რესურსების შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით.
ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაანგარიშების III ნაწილის მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: დ.ბ) ტყის ფონდის მერქნულ რესურსებზე – საანგარიშო თვის განმავლობაში ბუნებიდან ამოღებული რესურსების ოდენობა. ამასთან, თუ პირი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სისტემატურად (ყოველდღიურად) ახორციელებს ტყის ფონდის მერქნული რესურსების გარემოდან ამოღებას, უფლებამოსილია წინასწარ წარადგინოს მოსაკრებლის გაანგარიშება თვის მოსალოდნელი მოსაპოვებელი რესურსების მოცულობების მიხედვით, რომელიც შემდგომში ექვემდებარება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით განაშთვას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ხე-ტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია, მის საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვება, შეძენა/რეალიზაცია. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებელი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ შესაძლოა საგადასახადო შემოწმებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის შედეგადაც მოხდა შპს „------------“ და სხვა ამავე დასახელების კომპანიის მონაცემების აღრევა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საკითხის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხვა განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და შემოწმებისთვის არ აქვს წარდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ოდენობა, რომელიც საწარმოს არც ფაქტობრივ ნაშთში და რეალიზაციაში არ უფიქსირდებოდა, ხოლო შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით აღნიშნული სმფ-ები ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად, რის საფუძველზეც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე, ექსპერტის მიერ დადგენილი ფასები). ამასთან, ჩატარებული ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთით. შედეგად, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელმა დაზუსტებულ საჩივრებთან ერთად წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ, სამუშაო ცხრილები ექსელის ფაილების სახით, მათ შორის, საქონლის მოძრაობისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ გაანგარიშების ცხრილები და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებისა და ცხრილების შესწავლა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინების შედეგად, იზრდება საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად:
1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდება დაუმთავრებელი მშენებლობა და სხვა ძირითადი საშუალებები (მანქანები, დანადგარები), რაზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს აღარ ასაჩივრებს და ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „----------“ (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.