გადაწყვეტილება №21516/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 21516/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21516/2/2023

26 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 6.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21516/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანებისა და აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების განხორციელების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №19167 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების 21.06.2022 წლის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

3. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-131 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16045 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 730 828.57 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 474 463

დღგ - 157 463

საშემოსავლო გადასახადი - 317 000

ჯარიმა - 202 239.65

საურავი - 54 125.92

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანების და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, მომჩივნის მიერ 2021 წლის 12 მარტს ქ. ----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ---) მიღებიდან და ---ზე (პ/ნ ---) მიწოდებიდან გამომდინარე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 21 ივლისის №19491 ბრძანება და ამავე თარიღის №081-131 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე 2022 წლის 21 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 21 დეკემბრის №32146 ბრძანებით საჩივარი, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №32146 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ 2023 წლის 2 მარტის №18610/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან მიიჩნია, რომ სადავო აქტები მომჩივანს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 5.07.2023 წლის №16045 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივლისის №16045 ბრძანება მომჩივნისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს 8.11.2023 წელს, რომლის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 28.11.2023 წელი, ხოლო სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 6.12.2023 წელს. ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნილია 2023 წლის 5 ივლისს და გაცნობა ფიქსირდება 2023 წლის 29 ნოემბერს. საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გამოქვეყნებისას სრულად არ იყო გამოყენებული ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების ხელთ არსებული ყველა საშუალება (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა). შესაბამისად, გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის დღიდან და შესაბამისად საჩივრის წარმოდგენის ვადა უნდა ჩაითვალოს დაცულად.

 

სადავო საკითხები:

1. არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:

1. მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით 2021 წლის 12 მარტს მომჩივანმა ---ს 310 000 აშშ დოლარად (1 032 255 ლარი) მიყიდა ---ას ქუჩაზე მდებარე 179 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ: ---).

საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, უძრავი ქონების რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. მომჩივანს არ წარუდგენია 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დგინდება, რომ ---მ საჯარო რეესტრში ქონებაზე საკუთრების უფლების გადაფორმების მიზნით 2021 წლის 11 მარტს ---თან შექმნა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ----ს წარმომადგენლის სახელით ---ს მიყიდა 310 000 აშშ დოლარად და 11 მარტს გადაუფორმა საკუთრების უფლება. ფიქტიურად გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის გადახდა რეალურად არ მომხდარა.

3 აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 585 000 ლარს, რაც ჩაითვალა ---ის მიერ მიღებულ სარგებელად და საგადასახადო კოდექსის მე-80, 82-ე, მე-100, 101-ე და 103- ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 103-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 102-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2021 წლის 12 მარტს ---მა ---ს 310 000 აშშ დოლარად (1 032 255 ლარი) მიყიდა ქალაქ ----ზე მდებარე 179 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი: ---). აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ ---მ საჯარო რეესტრში ქონებაზე საკუთრების უფლების გადაფორმების მიზნით 2021 წლის 11 მარტს ---თან შექმნა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ---ს წარმომადგენლის სახელით ზემოაღნიშნული ფართი ---ს მიყიდა 310 000 აშშ დოლარად და 11 მარტს გადაუფორმა საკუთრების უფლება. ასევე, საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით ფიქტიურად გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის გადახდა რეალურად არ მომხდარა, ამასთან, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 585 000 ლარს. შედეგად, შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციების საფუძველზე, მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით, ხოლო უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, იმ ფონზე როცა არც ---ს და არც მისი მეუღლის, ---ის დანაშაულებრივი ქმედებები არ დაუდგენია მოცემულ ეტაპზე სასამართლოს. შემოსავლების სამსახური ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეს განიხილავს სასამართლო და მათ მაინც იხელმძღვანელეს იმით, თუ რა დაადგინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების 5 დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემული საქმე განსახილველად გადაცემულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისათვის და სასამართლოს მოცემულ ეტაპზე არ დაუდგენია, არც ---ს და არც ---ის დანაშაულებრივი ქმედებები. სწორედაც სასამართლომ უნდა დაადგინოს ის, რომ ---ამ საჯარო რეესტრში ქონებაზე საკუთრების უფლების გადაფორმების მიზნით 2021 წლის 11 მარტს ---თან შექმნა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ---ს წარმომადგენლის სახელით ---ს ქონება მიყიდა 310 000 აშშ დოლარად და 11 მარტს გადაუფორმა საკუთრების უფლება.

ასევე არ დადგენილა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ მოცემულ ეტაპზე, რომ ფიქტიურად გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის გადახდა რეალურად არ მომხდარა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გამამტყუნებელი განაჩენით უნდა დადგინდეს ის, რომ აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 585 000 ლარს. შემოსავლების სამსახურმა არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, იმ ფონზე როცა, არც ---ს და არც მისი მეუღლის, ---ის დანაშაულებრივი ქმედებები არ დაუდგენია მოცემულ ეტაპზე სასამართლოს. ვინაიდან, 2021 წლის 12 მარტს მომჩივანმა 310 000 აშშ დოლარად (1 032 255 ლარი) მიაწოდა არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ:---), საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის დაბეგვრა დღგ-ით მართლზომიერია. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაშია აღნიშნული, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 11 მარტს ---ს მიერ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის გადახდა რეალურად არ მომხდარა და საკუთრების უფლება გადაეცა 1 585 000 ლარის საბაზრო ღირებულების უძრავ ქონებაზე, აღნიშნული თანხის მომჩივნის მიერ მიღებულ სარგებელად მიჩნევა და საგადასახადო კოდექსის მე-80, 82-ე, მე-100, 101-ე და 103-ე მუხლების საფუძველზე, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ასევე მართებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანებისა და აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების განხორციელების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანების და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, მის მიერ 2021 6 წლის 12 მარტს ქ. ---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ---) მიღებიდან და ----ზე (პ/ნ ----) მიწოდებიდან გამომდინარე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 262-ე მუხლზე, 263-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე. ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ---ის (პ/ნ ---) 2022 წლის 21 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანების და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, მომჩივნის მიერ 2021 წლის 12 მარტს ქ. ----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ---) მიღებიდან და ---ზე (პ/ნ ---) მიწოდებიდან გამომდინარე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მითითებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2.კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თაობაზე ბრძანებისა და აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების განხორციელების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანების და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, მომჩივნის მიერ 2021 წლის 12 მარტს უძრავი ქონების მიღებიდან და მიწოდებიდან გამომდინარე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 21 ივლისის №19491 ბრძანება და ამავე თარიღის №081-131 საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 100; 102; 103; 82; 158; 159; 165; 163; 164; 51; 263.