გადაწყვეტილება №20600/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20600/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20600/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------"-ს 18.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20600/2/2023).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №CB1484238 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19714 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 11 214.8 ლარი

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა მცენარეთა დაცვის საშუალებების (პესტიციდების, შხამქიმიკატების), სასუქების და ასევე სხვადასხვა ტექნიკის რეალიზაცია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №CB1484238 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 11 214.8 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 10.08.2023 წლის №19714 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქვს, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა (პესტიციდების, შხამქიმიკატების). ინვენტარიზაციის დროს, მას შემდეგ რაც დააფიქსირა ფაქტიური ნაშთი, ბუღალტრული ნაშთის გამოსაანგარიშებლად მოხდა ცალ-ცალკე დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონლის მოძრაობების აღდგენა გაანგარიშება. შეძენებს შეუპირისპირდა დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებული დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაცია, გამოვლენილი ფასნამატის მიხედვით. ანალიზის შედეგად გამოვლინდა თვეების მიხედვით გათავისუფლებულ საქონლის მოძრაობისას ნაშთის გამინუსება. შემმოწმებლებმა იმ თვეს, როცა ნაშთი მინუსდებოდა თვის ბოლოს დააფიქსირეს 0 ლარი (ბუნებრივია ვერ მოხდებოდა მინუსის დაფიქსირება). საბოლოოდ გათავისუფლებული საქონლის ნაშთი მინუსდება, დასაბეგრში კი არის დანაკლისი, თუმცა თუ ერთობლივად განვიხილავთ საქონლის მოძრაობას დანაკლისი არ აღმოჩნდება. შემმოწმებლების მიერ განხორციელებული გაანგარიშებით (ცალკე დასაბეგრის და ცალკე გათავისუფლებულის) კი მიღებული დანაკლისი არ წარმოადგენს რეალურ ციფრს. საქმე იმაშია, რომ თვეების მიხედვით, კომპანიის მიერ შეცდომით ხდებოდა დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ბრუნვის ნაწილის დეკლარირება, როგორც დღგ-ით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციისა. აქედან გამომდინარე, გამოვლენილ დანაკლისზე (საქონლის ოდენობით) დღგ-ის გადახდის ვალდებულებას აღიარებს და უთითებს, რომ დაადეკლარირა კიდეც ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით დანაკლისზე გამოვლენილი დღგ, მაგრამ საქონლის დანაკლისი და შესაბამისად დარიცხული 10% ჯარიმა 11 214,8 ლარი არ მიაჩნია მართებულად.

ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19714 ბრძანებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №CB1484238 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას. ასევე ითხოვს, შემმოწმებლებს დაევალოთ დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონლის მოძრაობა განიხილონ ერთობლიობაში და მათ მიერ მითითებული/აღიარებული შეცდომის გათვალისწინებით მოხდეს საქონლის დანაკლისის გადაანგარიშება. დღემდე დაშვებული შეცდომა, დღგის დანაკლისი გამოსწორებული და დადეკლარირებულია.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ თვეების მიხედვით შეცდომით ხდებოდა დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ბრუნვის ნაწილის დეკლარირება, როგორც დღგ-ით გათავისუფლებული საქონლის რეალიზაციისა. აქედან გამომდინარე, გამოვლენილ დანაკლისზე (საქონლის ოდენობით) დღგ-ის გადახდის ვალდებულებას აღიარებს და უთითებს, რომ დაადეკლარირა კიდეც ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით დანაკლისზე გამოვლენილი დღგ, მაგრამ საქონლის დანაკლისი და შესაბამისად დარიცხული 10% ჯარიმა 11 214,8 ლარი არ მიაჩნია მართებულად.

დადგენილია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 70 213.25 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (35,36%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) - 112 147.97 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა - 11 214.80 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, შემმოწმებლებს დაევალოთ დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონლის მოძრაობა განიხილონ ერთობლიობაში და მათ მიერ მითითებული/აღიარებული შეცდომის გათვალისწინებით მოხდეს საქონლის დანაკლისის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა მცენარეთა დაცვის საშუალებების,სასუქების და ასევე სხვადასხვა ტექნიკის რეალიზაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

8(11),286(9).