ბრძანება N 4893

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.03.2023
№ დოკუმენტი 4893
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4893

14.03.2023

შპს „--------ას“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------,იურ. მის.: -------------------------)

2022 წლის 26 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 დეკემბრის და 2023 წლის 27 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №119 და №19) განიხილა შპს „--------ას“ (ს/ნ ---------------) 2022 წლის 26 აგვისტოს №74234/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 აგვისტოს №006-377 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, ინვენტარიზაციის აქტში დათვლილი მუყაოს ყუთების რაოდენობად 10 700 ცალის ნაცვლად მიეთითა 107 000 ცალი, რამაც გამოიწვია აღურიცხველი საქონლის ოდენობის და შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმის ზრდა. მომჩივანი განმარტავს, რომ 107 000 ცალი მუყაოს ყუთი იმდენად დიდია მოცულობაში, რომ ფიზიკურად ვერ დაეტეოდა კომპანიის საწყობში, ამასთან, შესყიდვებიც არ ჰქონია კომპანიას არასდროს მიახლოებით ოდენობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აღურიცხველი სმფ-ების ნაწილში შეცდომის გამო დარიცხული ჯარიმის (61 632 ლარი) გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6315 და 4 ივლისის №17282 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ას“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის - იანვრიდან 2022 წლის - თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 17 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 აგვისტოს №22070 ბრძანება და ამავე თარიღის №006-377 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 95 788 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 923 ლარი, ჯარიმა 92 569 ლარი და საურავი 296 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------ას“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების (ძირითადად ღვინო) ადგილობრივი შესყიდვა/წარმოება და რეალიზაცია/ექსპორტი. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და საბუღალტრო პროგრამა („ინფო“). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 23 მაისის №12795 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგენილ იქნა სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის მონაცემები. საწარმოს მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული მონაცემები ინვენტარიზაციის თარიღით და შესწავლილ იქნა საქონლის ფაქტიური ნაშთიდან გამომდინარე საბუღალტრო მონაცემებისა და საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შესწავლის შედეგად, სმფ-ების სახეობების მიხედვით განსაზღვრულ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სმფ-ები 141 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაერიცხა ჯარიმა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 28-ე ნაწილის თანახმად, სასაქონლო- მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 23 მაისის №12795 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 141 200 ლარის ოდენობით, რაზეც გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგად დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 23 მაისის №12795 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილ ინვენტარიზაციის აქტში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, რის გამოც აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა დაფიქსირდა არასწორად და შესაბამისად, არასწორია ამ ნაწილში დაკისრებული ჯარიმაც.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის შესახებ ოქმი (დანართი №16) შედგენილია ინვენტარიზაციის დროს არსებული ფაქტიური აღწერის მონაცემებით, რომელიც განხორციელდა შპს „-----ას“ საინვენტარიზაციო კომისიის წევრების მიერ და შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებითა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონაწილეობით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის სისწორე და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------ას“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებითა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონაწილეობით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის სისწორე და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. .აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.