გადაწყვეტილება №24772/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24772/2/2025
17 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 18.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24772/2/2025).
დავის საგანი:
1. უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ჩამოწერაზე;
2. ქონებაზე ყადაღის დადება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 29.01.2025 წლის ID------- გადაწყვეტილება;
2. ვალის მართვის დეპარტამენტი 29.01.2025 წლის №022-122 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 14.02.2025 წლის №2587 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
21.01.2025 წელს გადასახადის გადამხდელმა ID------- განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მომსახურების დეპარტამენტის 29.01.2025 წლის ID------- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 29.01.2025 წლის №022-122 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.02.2025 წლის №2587 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ჩამოწერაზე
ფაქტების აღწერა
მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება (საურავი - 0,21 ლარის ოდენობით), ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2021 წლის №058-14 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე 1.01.2018-1.01.2021 წლების პერიოდზე დამატებით დაერიცხა საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, 21.01.2025 წლის მდგომარეობით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს სულ 29 091,36 ლარს (გადასახადი - 13 959,73 ლარი, ჯარიმა - 7 015 ლარი და საურავი - 8 116,63 ლარი).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ დავალიანება წარმოშობილია 1.01.2021 წლის შემდგომ პერიოდში. შემოსავლების სამსახურის აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2021 წლის №35045 ბრძანების თანახმად დარიცხული აქვს 2018, 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადი, აქედან გამომდინარე ყველა დარიცხული გადასახადი წარმოშობილია 1.01.2021 წლამდე, ხოლო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში პირდაპირ არის მითითებული: ფიზიკური პირის აღიარებული, 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლი მიუთითებს გადასახადის წარმოშობაზე. თუ გადასახადი წარმოშობილია 1.01.2021 წლამდე და აღიარებულია უნდა მოხდეს მისი ჩამოწერა, ასევე აღნიშნულ მუხლში არ არის მითითებული, რომ უნდა გაითვალისწინოს დარიცხვა როდის არის განხორციელებული, ასე, რომ დარიცხვის თარიღი არ ნიშნავს გადასახადის წარმოშობას, გადასახადი წარმოშობილია იმ თარიღში, როდესაც ეკუთვნოდა გადახდა ბიუჯეტში და სწორედ აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2021 წლის №35045 ბრძანების დანართში დაკონკრეტებულია თარიღები რა ვადაში უნდა გადახდილიყო გადასახადები.
საგადასახადო კანონმდებლობა გადასახადის გადამხდელს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსაგან საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, თუმცა საგადასახადო კოდექსით იმპერატიულად არის განსაზღვრული წესი და პირობები იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელმა ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე და 50-ე ნაწილების ფორმულირების ურთიერთშედარებისა და კანონმდებლის ნების გაანალიზების საფუძველზე საგადასახადო კოდექსი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხთან მიმართებით განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს გადასახადის დარიცხვასა და გადასახადის წარმოშობის ცნებებს და აღნიშნული ტერმინები არ შეიძლება განხილულ იქნეს იდენტური შინაარსით
გადასახადის დარიცხვის ლეგალურ დეფინიციას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია: საგადასახადო შემოწმების აქტი. ამგვარად, გადასახადის დარიცხვა დაკავშირებულია უშუალოდ საგადასახადო შემოწმების ჩატარებასთან და გადამხდელისათვის დამატებითი დარიცხვა ვერ მოხდება საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისა და მის საფუძველზე მიღებული დარიცხვის ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე. ამასთან, აღნიშნული ვერ გაუთანაბრდება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობას, რადგან საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა უშუალო უკავშირდება სუბიექტის გადასახადის გადამხდელად ცნობას, მასთან დაბეგვრის ობიექტის წარმოშობას (თითოეული გადასახადის მიხედვით). ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირზე ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება 2018, 2019 და 2020 წლები (აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2021 წლის №35045 ბრძანების დანართი), რის მიხედვითაც მოხდა გადასახადების დარიცხვა პირად ბარათებზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ფიზიკური პირის დავალიანება წარმოშობილია 1.01.2021 წლამდე განვლილ პერიოდში და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად დარიცხული გადასახადები ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა 21.01.2025 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით.
მომსახურების დეპარტამენტის ID------- წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ 21.01.2025 წლის მდგომარეობით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანება 29 091,36 ლარის ოდენობით, შედგება 2021 წლის შემდგომ დარიცხული თანხებისაგან.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2021 წლის №35045 ბრძანების და 9.11.2021 წლის №058-14 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდ(ებ)ზე, თუმცა აღნიშნული დავალიანების დარიცხვა განხორციელებულია 1.01.2021 წლის შემდეგ.
ამდენად, ვინაიდან სადავო დავალიანება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხულია 1.01.2021 წლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, იგი ვერ ჩაითვლება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მოთხოვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, საგადასახადო ორგანოს უარი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კანონშესაბამისია და ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ქონებაზე ყადაღის დადება
ფაქტების აღწერა
29.01.2025 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 13 959,73 ლარი, ჯარიმა 7 015 ლარი, საურავი 8 119,38 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 29.01.2025 წლის №022-122 ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 29.01.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფიზიკურ პირზე დარიცხული გადასახადი ერიცხება აღიარებულ ვალდებულებაში და ამის გამო დაყადაღებულია მის საკუთრებაში არსებული ქონება. ვინაიდან წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებულია მთლიანი დავალიანება, ითხოვს გაუქმდეს ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მომჩივანს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობას ასევე ადასტურდებს მომჩივანიც, თუმცა მიაჩნია, რომ ვინაიდან წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებულია მთლიანი დავალიანება, უნდა გაუქმდეს ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს 29.01.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ჩამოწერაზე;
2. ქონებაზე ყადაღის დადება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე 1.01.2018-1.01.2021 წლების პერიოდზე დამატებით დაერიცხა საგადასახადო ვალდებულებები.
29.01.2025 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივნის მოთხოვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას, საგადასახადო ორგანოს უარი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კანონშესაბამისია და ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს 29.01.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37-დ); 241