ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მთავრობის დადგენილება 03.08.2023
№ დოკუმენტი 286
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 286

2023 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (16/06/2023, №3279-XIმს-Xმპ) მე-2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესი და სანებართვო მოწმობის ფორმა“.

მუხლი 2

2023 წელს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით განსაზღვრული ნივთიერებების იმპორტი განხორციელდეს კვოტირების გარეშე.

მუხლი 3

1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“ მე-8 მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“ მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

ტექნიკური რეგლამენტი − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესი და სანებართვო მოწმობის ფორმა

 

მუხლი 1. მიზანი და ამოცანა

1. „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების (დანართი №1 − დანართი №6) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემისა და ამ ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესის დადგენა.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით და მის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტთან, ექსპორტთან, რეექსპორტთან, ტრანზიტსა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

 

მუხლი 2. რეგულირების სფერო

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ამ ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების წესსა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის სფეროში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C, E და F დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;

ბ) ოზონდამშელელი ნივთიერება − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;

გ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად, ეტაპობრივ შემცირებასა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, გამოხატული მეტრულ ტონებში;

დ) მონრეალის ოქმი – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმი;

ე) ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა;

ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“;

ზ) მოქმედი იმპორტიორი – პირი, რომელიც ბოლო გასული სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ახორციელებდა 500 კგ-ზე მეტი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტს, რაც დასტურდება შესაბამისი საბაჟო ოპერაციების განხორციელების დამადასტურებელი საბუთების სააგენტოსთვის წარდგენით.

თ) ახალი იმპორტიორი − პირი, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად არ განუხორციელებია 500 კგ-ზე მეტი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტი.

ი) არამეწარმე ფიზიკური პირი − ფიზიკური პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 ივნისის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 04.06.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №337 - ვებგვერდი, 08.08.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №376 - ვებგვერდი, 25.08.2025წ.

 

მუხლი 4. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №337 - ვებგვერდი, 08.08.2025წ.

 

მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი და მოქმედების ვადა, ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვა გაიცემა მხოლოდ:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის C დანართით განსაზღვრული ნივთიერებები“ − განსაზღვრული, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის E დანართით განსაზღვრული ნივთიერებები“ − განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე − მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის, ასევე ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები“ − განსაზღვრული ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A და B დანართებით განსაზღვრული ნივთიერებები“ და დანართ №2-ით განსაზღვრული აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, გამონაკლისის სახით, აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისათვის.

2. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (კგ), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა;

ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად;

გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია;

დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი;

ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;

ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ.

ზ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული კვოტირებული ნივთიერების იმპორტის შემთხვევაში, გასული სამი წლის განმავლობაში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ექსპორტზე გაცემული ნებართვა, კონკრეტული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება, დეტალური აღწერით, რაც მოიცავს ნივთიერების მოხმარების აუცილებლობასა და უალტერნატივობას, კონკრეტული მიზნებისა და შედეგების დასაბუთებასა და სააგენტოს მიერ საჭიროების მიხედვით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.

5. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტზე ნებართვის მისაღებად, განცხადებები სააგენტოს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. ნებართვა გაიცემა განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

6. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტზე ნებართვა გაიცემა წელიწადში ერთხელ.

7. ნებართვის მოქმედების ვადა:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული კვოტირებული ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტისთვის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განისაზღვრება ერთი წლით, ნებართვის გაცემის დღიდან;

გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული აკრძალული ნივთიერებებისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის ნებართვის ვადა განისაზღვრება ნებართვის გაცემის დღიდან ექვსი თვის ვადით.

8. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურად, ყოველ ცალკეულ მოთხოვნაზე.

9. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული აკრძალული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

10. ნებართვის მაძიებლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასზე გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა“ (დანართი №8), სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 ივნისის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 04.06.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №337 - ვებგვერდი, 08.08.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 26.03.2026წ.

 

მუხლი 6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებისა და განაწილების წესი

1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ყოველი წლის 15 სექტემბრამდე.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით განსაზღვრული, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება მეტრულ ტონაში, ხოლო ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით განსაზღვრული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტურ ტონაში.

3. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის 80% ნაწილდება მოქმედ იმპორტიორებზე, ხოლო 20% − ახალ იმპორტიორებზე. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის ნებართვის მისაღებად მოქმედი იმპორტიორების მიერ წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ჯამური რაოდენობა აღემატება საიმპორტო წლიური კვოტის 80%-ს, წლიური კვოტის ეს წილი ნაწილდება მოთხოვნილ ჯამურ ოდენობაში, თითოეული განცხადებით მოთხოვნილი ოდენობის პროცენტული წილის შესაბამისად. ამავე პრინციპით ნაწილდება საიმპორტო წლიური კვოტის 20%, იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის ნებართვის მისაღებად ახალი იმპორტიორების მიერ წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ჯამური რაოდენობა აღემატება საიმპორტო წლიური კვოტის 20%-ს. არ შეიძლება, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი იყოს წლიური საიმპორტო კვოტის ჯამური რაოდენობის 40%-ზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ კვოტირებას დაქვემდებარებული, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად ახალი იმპორტიორების მიერ წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი რაოდენობა ნაკლებია ახალი იმპორტიორებისთვის განკუთვნილი კვოტის რაოდენობაზე (საიმპორტო წლიური კვოტის 20%), დარჩენილი კვოტა გასანაწილებლად დაემატება მოქმედი იმპორტიორებისთვის განკუთვნილი კვოტის რაოდენობას (საიმპორტო წლიური კვოტის 80%-ს) და პირიქით.

4. თუ ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ით განსაზღვრული ერთზე მეტი ნივთიერება და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების შედეგად ნებართვის მაძიებელს წილად ხვდა მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე ნაკლები, იგი 15 ნოემბრამდე ნებართვის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტოს წარუდგენს ახალ წერილობით განცხადებას, მისი წილი კვოტის (ნახშირორჟანგის ეკვივალენტურ ტონაში) ფარგლებში კონკრეტული ნივთიერებების საიმპორტო რაოდენობის (კგ) დაზუსტების მიზნით. ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადების წარდგენამდე ჩერდება ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წარმოების ვადის დინება.

41. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას, გამოუყენებელი კვოტა გაუქმებულად ითვლება.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტის ნებართვის მფლობელი წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისებას (გამოყენებას) არ გეგმავს, ამის შესახებ არაუგვიანეს 15 მაისისა უნდა აცნობოს სააგენტოს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. ამ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის შესახებ ინფორმაციას აცნობებს იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებს. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის მისაღებად და იმპორტის ნებართვის ცვლილების მიზნით, იმპორტის ნებართვის მფლობელი, დაინტერესების შემთხვევაში, სააგენტოს მიმართავს ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნაწილდება დაინტერესებულ იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებზე.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნით, იმპორტი კვოტით არ იზღუდება.

61. საიმპორტო წლის 15 მაისის შემდეგ, არაუგვიანეს 15 სექტემბრისა, იმპორტის ნებართვ(ებ)ის ან იმპორტის ნებართვ(ებ)ით განსაზღვრული წლიური საიმპორტო კვოტის ნაწილის გაუქმების შემთხვევაში, თუკი გამოთავისუფლებული ჯამური კვოტა აღემატება წლიური დამტკიცებული მთლიანი კვოტის 1%-ს, საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის შესახებ ინფორმაციას სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში აწვდის იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებს. წლიური საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილის მისაღებად და მოქმედი იმპორტის ნებართვის ცვლილების მიზნით, განცხადებები მიიღება სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. საიმპორტო კვოტის გამოთავისუფლებული ნაწილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნაწილდება დაინტერესებულ იმპორტის ნებართვის მფლობელ პირებზე.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 ივნისის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 04.06.2025წ

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №337 - ვებგვერდი, 08.08.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 26.03.2026წ.

 

მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი

მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 8. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელს, ნებართვის მოქმედების პერიოდში და ნებართვით განსაზღვრული წლიური კვოტის ფარგლებში, უფლება აქვს, იმპორტი განახორციელოს ერთხელ ან რამდენიმეჯერ.

2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის განხორციელებამდე, სააგენტოდან შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

ა.ა) ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მწარმოებელი ქვეყანა;

ა.ბ) (ამოღებულია - 25.03.2026, №123);

ა.გ) (ამოღებულია - 25.03.2026, №123);

ა.დ) ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორისა და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი, იმპორტიორისათვის − აგრეთვე საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ა.ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია;

ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის /დოკუმენტაციის მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ თანხმობა არ გაიცემა.

4. „მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ან ექსპორტის შესახებ ელექტრონულ განაცხადს სააგენტო განიხილავს 15 სამუშაო დღის ვადაში და მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასცემს შესაბამის თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, რაც წარედგინება სსიპ − შემოსავლების სამსახურს. შესაბამისი თანხმობის გაუცემლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკრძალება, განახორციელოს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი/ექსპორტი.

5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, იმპორტირებული ნივთიერებების გასხვისება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერტიფიცირებულ პირებზე.

6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) ყოველი მიწოდების შესახებ ინფორმაცია ასახოს მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუკი არ გეგმავს მისი ნებართვით განსაზღვრული წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისებას, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 15 მაისისა, სააგენტოს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს არსებული ნებართვის ცვლილება ან გაუქმება, კონკრეტული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და რაოდენობების (კგ) მითითებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუკი საიმპორტო წლის 1 ნოემბრამდე არ განუხორციელებია წლიური საიმპორტო კვოტის, სულ მცირე, 70%-ის ათვისება, არაუგვიანეს საიმპორტო წლის 1 ნოემბრისა, სააგენტოს აცნობოს ამავე საიმპორტო წლის ბოლომდე იმპორტის განხორციელების განზრახულობის თაობაზე და, დაგეგმილი იმპორტის შემთხვევაში, სააგენტოში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი კონკრეტული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და რაოდენობების (კგ) მითითებით), რომელიც ადასტურებს იმპორტის ნებართვის მფლობელის მიერ საიმპორტო წლის ბოლომდე დაგეგმილი იმპორტის განხორციელების შესაძლებლობას;

დ) წლის განმავლობაში განახორციელოს მისი იმპორტის ნებართვ(ებ)ის ფარგლებში განსაზღვრული კვოტირებული ნივთიერებების ჯამური რაოდენობის, სულ მცირე, 70%-ის (ოზონდამშლელი ნივთიერების მეტრულ ტონაში, ხოლო დანართ №4-ით განსაზღვრული ნივთიერებების შემთხვევაში − ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტურ ტონაში) იმპორტი. აღნიშნული წილის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება კვოტირებული ნივთიერებების ის რაოდენობა, რომელიც ნებართვის მფლობელმა დათმო ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის მფლობელი მომდევნო წელს ვეღარ მიიღებს მიმდინარე საიმპორტო წლის განმავლობაში იმპორტირებული და მიმდინარე საიმპორტო წლის ბოლომდე დაგეგმილი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის ჯამურ ოდენობაზე მეტის იმპორტის ნებართვას.

7. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − შემოსავლების სამსახური სააგენტოს დაუყოვნებლივ წარუდგენს ინფორმაციას მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის საბაჟო ფორმალობების დასრულების შესახებ.

8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №554 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 3 ივნისის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 04.06.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №337 - ვებგვერდი, 08.08.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 26.03.2026წ.

 

მუხლი 9. მოთხოვნები მაცივარაგენტის კონტეინერისადმი მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისას

1. ახალი მაცივარაგენტის კონტეინერზე უნდა იქნეს დატანილი გარკვევით წასაკითხი წარწერა, რომელიც იდენტურია კონტეინერის შეფუთვის ყუთზე არსებული წარწერისა და შეესაბამება კონტეინერში არსებულ მაცივარაგენტს. წარწერა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) ნივთიერების ქიმიური დასახელება;

ბ) მწარმოებლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) მაცივარაგენტის მარკა, ASHRAE-ს საერთაშორისო კოდირების მიხედვით;

დ) კონტეინერის დასაშვები გამოყენების ჯერადობა ან კონტეინერის ვარგისობის შემოწმების თარიღი.

11. აკრძალული ნივთიერების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, კონტეინერის წარწერა უნდა შეიცავდეს შემდეგ ტექსტს − „აკრძალული ნივთიერება, მხოლოდ აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისათვის გამოსაყენებლად“.

12. რეციკლირებული ან აღდგენილი ნივთიერების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, კონტეინერის წარწერა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნივთიერება არის რეციკლირებული ან აღდგენილი, ასევე, რეციკლირების ან აღდგენის ობიექტის დასახელებასა და მისამართს.

13. ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და ადვილად წასაკითხი.

2. ამ მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთჯერად კონტეინერზე დატანილი უნდა იყოს კონტეინერის კორპუსის დაუზიანებლად ძნელად წასაშლელი საშუალებით. თუ ერთჯერადი ან მრავალჯერადი კონტეინერის ზომა არ იძლევა საშუალებას, რომ მასზე დატანილ იქნეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, მაშინ ნიშანდებაზე დატანილ უნდა იქნეს ციფრულად კითხვადი ბმული, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია.

3. ერთჯერადი კონტეინერის ფერი უნდა შეესაბამებოდეს მასში მოთავსებული მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდს ან კონტეინერი უნდა იყოს რუხ-მწვანე ფერის და მასზე დატანილი წარწერა უნდა შეესაბამებოდეს მასში მოთავსებული მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდს. მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდები განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №7-ით − „მაცივარაგენტის კონტეინერის ფერის კოდები და შეფერილობა“.

4. ერთჯერადი მოხმარების კონტეინერში მაცივარაგენტის ხელმეორედ ჩატვირთვა აკრძალულია.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 26.03.2026წ.

 

მუხლი 91 . მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტის აკრძალვა

1. აკრძალულია პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №2 დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებზე მომუშავე №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა).

2. პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა) შემთხვევაში, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნივთიერების ტიპის შესახებ, რომელზეც მუშაობს შესაბამისი მოწყობილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №376 - ვებგვერდი, 25.08.2025წ.

 

მუხლი 10. პასუხისმგებლობა

ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე