ბრძანება N 11620

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.05.2026
№ დოკუმენტი 11620
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11620

27 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- (ს/ნ ----- ) (ფაქტ. მის.: ----- );

2026 წლის 16 იანვრის და 15 აპრილის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი N 40) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 11 მაისის N 27147/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ----- (ს/ნ -----) 2026 წლის 16 იანვრის N 100020/1/2026 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი 2026 წლის 15 აპრილის N 60318/01 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრით მოითხოვა დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. განმარტავს, რომ ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდი, მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ ინვენტარიზაციის მიზნებისთვის განსაზღვრულ 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდზე. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის N 12674 და 3 დეკემბრის N 26656 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 16 დეკემბრის N 27664 ბრძანება და ამავე თარიღის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 29 778 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 986 ლარი, ჯარიმა 8 993 ლარი, საურავი 2 799 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 13 თებერვლის N 3228 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 11 მარტის N 26735/2/2026 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის N 3228 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის N 8186 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება ისევ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 11 მაისის N 27147/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის N 8186 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 11 მაისის N 27147/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2026 წლის 16 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით სრულად ჰქონდა გასაჩივრებული 2025 წლის 16 დეკემბრის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მოიცავდა დღგ-ში დარიცხულ თანხებსაც. შესაბამისად, დავის პირველივე ეტაპზე გასაჩივრებული იყო დღგ-ის ნაწილიც და საჩივრის განხილვა რომ მომხდარიყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, იქვე იქნებოდა დაყენებული არგუმენტები და პოზიცია ამ სადავო საკითხთან მიმართებითაც. რადგან არ მიეცა ასეთი საშუალება, უკვე დავების განხილვის საბჭოში, რომელიც გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ჩატარდა, მიეცა საშუალება წარედგინა პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, რაც გაზიარებული იქნა საბჭოს მიერ და საკითხი ხელახლა განსახილველად იქნა დაბრუნებული შემოსავლების სამსახურში.

დავების განხილვის საბჭომ 06.03.2026 წელს გამართულ სხდომაზე, გაიზიარა გადასახადის გადამხდელის პოზიცია და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა იქნას განხილული დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილშიც. შესაბამისად, საჩივარი სრულად დაბრუნდა შემოსავლების სამსახურში ხელახლა განსახილველად.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში არამართლზომიერია და უნდა გაუქმდეს. ამდენად, საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ ----- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 4 აგვისტოდან, დღგ-ის გადამხდელად კი 2017 წლის 21 მარტიდან (დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსით). გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის და სანათი მოწყობილობების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, კერძოდ, ----- ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა პროგრამა „ინფობუღალტერში“. როგორც ბუღალტრული პროგრამის შესწავლით დადგინდა გადასახადის გადამხდელი დოკუმენტური რეალიზაციისას საქონელს თვითღირებულებით ჩამოწერს რეალიზაციის მომენტში რაოდენობრივ - თანხობრივად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის ჩამოწერას ახორციელებს თვის ბოლოს ან წლის ბოლოს, მაგრამ არ ხდება დაკავშირება რეალიზებული პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალსა და ამ პროდუქციის თვითღირებულებას შორის, შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განისაზღვრა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების, საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხები ასახული აქვს დღგ-ის დეკლარაციაში, ასევე ასახული და დაბეგრილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის N 26150 ბრძანების საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისი. შემოწმებით გათვალისწინებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის N 16287 ბრძანების საფუძველზე ი/მ ----- სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგები. შესაბამისად, შემოწმებით, არადოკუმენტურ რეალიზაციაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა განისაზღვრა 82 232 ლარის ოდენობით. სხვაობის თანხა, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის, ჩართულ იქნა 2025 წლის პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე განისაზღვრა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. ამასთან, შემოწმებამ გაითვალისწინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის N 16287 ბრძანების საფუძველზე ი/მ ----- სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგები. შესაბამისად, არადოკუმენტურ რეალიზაციაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და გამოვლინდა დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა 82 232 ლარის ოდენობით, რომელიც ჩართულ იქნა/გადანაწილდა 2025 წლის პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების პროპორციულ გადანაწილებას არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ ინვენტარიზაციის მიზნებისთვის განსაზღვრულ 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდზე.

ამასთან, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ივლისის ბრძანებით სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მეწარმეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დაერიცხა გადასახდელი თანხა. აღნიშნული გადაწყვეტილება მომჩივანმა გაასაჩივრა. დავის განხილვის ორგანომ მიიჩნია, რომ საქმე სრულად და სწორად არ იყო განხილული და რამდენჯერმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად, რათა პროცესი ჩატარებულიყო სრულყოფილად და გადამხდელის მონაწილეობით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; 275; 158; 159;.