ბრძანება N 22192

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.09.2023
№ დოკუმენტი 22192
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22192

13 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ს“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 16 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 16 აგვისტოს №83093/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №001-159 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებით გამოწერილი/მიღებული ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საკითხს და აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან ჩატარებულია შესაბამისი სარემონტო/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლებიც შესრულებულია ფიზიკურად და კომპანიის მიერ გამოყენებულია შრომითი რესურსი. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასევე ფიქსირდება აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო მასალების შეძენის ფაქტი. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და განხორციელებული სამუშაოების საფუძვლიან შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20080 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17147 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-159 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 39 619 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 2 951 ლარი, ჯარიმა 36 355 ლარი და საურავი 313 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 9 დეკემბერს, დღგ-ის გადამხდელია 2012 წლის 6 აპრილიდან. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. შესამოწმებელ პერიოდში (2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდი), შპს „-------“ (ს/ნ -------) შპს “-------“-ზე (ს/ნ -------) გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურა ეა-------, შინაარსით ------- ყოფილი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, სულ თანხა 59 500 ლარი, დღგ 9 076 ლარი. აღნიშნული თანხა ასახულია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არის ყალბი და სამუშაოები არ შესრულებულა შპს „-------“ მიერ. შემოწმებით, კომპანიას შეუმცირდა დეკლარირებული გადასახადი და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.

● 2022 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე, გაწეულ მომსახურებაზე, შპს „-------ს“ (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“-ზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------), სულ თანხა 50 000 ლარი, დღგ 7 627 ლარი. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არის ყალბი. ამასთან, შპს „-------“ ჩათვლილი აქვს სხვადასხვა მომწოდებლებისგან სამშენებლო-სარემონტო მასალებზე გადახდილი დღგ - 4 400 ლარი. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული მასალები რეალურად ეკუთვნოდა „-------“ და შპს „-------“ სახელით შეძენა განხორციელდა ჩათვლის მიღების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, სხვადასხვა საქონელზე ჩათვლილი დღგ-ს თანხა და ასევე ყალბი ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადამხდელს დარიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი გარემობაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. ამასთან, შპს „-------“ ჩათვლილი აქვს სხვადასხვა მომწოდებლებისგან სამშენებლო-სარემონტო მასალებზე გადახდილი დღგ - 4 400 ლარი. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული მასალები რეალურად ეკუთვნოდა „-------“ და შპს „-------“ სახელით შეძენა განხორციელდა ჩათვლის მიღების მიზნით, შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. შესამოწმებელ პერიოდში ორგანიზაციას დეკლარირებული აქვს გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურები.

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

შემოწმებით, კომპანიას შეუმცირდა დეკლარირებული გადასახადი, ხოლო ყალბი ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

გადამხდელს დარიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 280; 282; 275;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 563(5)