ბრძანება N 14329

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 21.06.2023
№ დოკუმენტი 14329
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14329

21.06.2023

შპს „--------------“ (ს/ნ ------------)

(მის.: -------------------)

2023 წლის 17 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 17 მაისის №81058/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №006-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამ წარმოშვა ყველა სხვა ვალდებულება, რომელმაც გამოიწვია დარიცხვა. გადამხდელი აუდიტორის დასკვნას მიიჩნევს არამართლზომიერად და ამბობს, რომ მისი დასაბუთება კანონს არ შეესაბამება. პირი მიუთითებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაზე, რომლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის N4426 ბრძანების საფუძველზე შპს „------------“ (ს/ნ ------------) ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 აპრილს გამოსცა №9279 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 173 918 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 116 650 ლარი, ჯარიმა 43 058 ლარი და საურავი 14 210 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში ჩატარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის ანალიზი. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი: საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს - 551 145 ლარს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებამდე 2021 წლის 1 დეკემბრამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა - 90 650 ლარს. საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზით უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს აჭარბებს 2021 წლის 24 დეკემბერს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 და 955 მუხლების თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის გათვალისწინებით, საწარმოს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 24 დეკემბრიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი დღგ-ში და ამავე კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2022-2023 წლებში დივიდენდის სახით განაწილებულია მოგება - 271 671 ლარის ოდენობით. გადასახდის გადამხდელმა დივიდენდის გაცემა ასახა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში და მოახდინა წყაროსთან დაბეგვრა. ხოლო, დივიდენდის გაცემა არ ასახა მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი მოგების განაწილებაზე და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 952 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეებს და ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით;

გ) პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას;

დ) საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას.

ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან.

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერის ანალიზით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებამდე, 2021 წლის 1 დეკემბრამდე, მიღებული შემოსავალი შეადგენდა - 90 650 ლარს. უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2021 წლის 24 დეკემბერს. ასევე, საწარმოს მიერ 2022-2023 წლებში დივიდენდის სახით განაწილებულია მოგება - 271 671 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა დივიდენდის გაცემა ასახა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში, თუმცა არ ასახა მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებითა და შემოწმებით დადგენილი გარემოებების მიხედვით, გადამხდელი ეწევა მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას და არ დგინდება სხვა საქმიანობიდან შემოსავლების მიღების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ხოლო განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება სხვა საქმიანობიდან შემოსავლების მიღების ფაქტი და ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას, შემოწმების მიერ პირის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების საფუძვლით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების საფუძვლით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში დადგინდა, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებამდე 2021 წლის 1 დეკემბრამდე მიღებული შემოსავალი შეადგენდა - 90 650 ლარს. საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზით უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს აჭარბებს 2021 წლის 24 დეკემბერს.საწარმოს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 24 დეკემბრიდან. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი დღგ-ში და ჯარიმა.

ასევე დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2022-2023 წლებში დივიდენდის სახით განაწილებული აქვს მოგება.გადასახდის გადამხდელმა დივიდენდის გაცემა ასახა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში და მოახდინა წყაროსთან დაბეგვრა. ხოლო, დივიდენდის გაცემა არ ასახა მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი მოგების განაწილებაზე და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების საფუძვლით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

951;952;953;955;956;158(1);165(1,2);96(ა);97(1);130(1);154(1ზ);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-5 ნაწილი;

ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი;