გადაწყვეტილება №23988/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.12.2024
№ დოკუმენტი 23988/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23988/2/2024

26 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 24.09.2024 (რეგ. 20.09.2024წ. 156640/01) და 2.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №23988/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №149-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 44 014.34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 896,75

მიწა - არასასოფლო - 92

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 168

საშემოსავლო გადასახადი - 22 934.75

ქონების გადასახადი 702

ჯარიმა - 10 312

საურავი - 9 805.59

 

პროცედურული გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №10987 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.11.2023 წლის №28919 ბრძანება და ამავე თარიღის №149-13 საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ 3.11.2023 წელს გამოცემულია №149-895 საგადასახადო მოთხოვნა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები 2023 წლის 25 დეკემბერს და 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2024 წლის №864 ბრძანებით საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის №149-13 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №149-895 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.06.2024 წლის №22642/2/2024 (რეგ. 9.07.2024წ. 03/52453) გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №864 ბრძანება, საჩივარი პირველ (საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა) და მე-2 (ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება) დავის საგნების ნაწილში დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანებით საჩვრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2024 წლის №18203 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგამოძიებო სამსახურის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს) ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემ (მომჩივანს) შორის.

შემოწმების შედეგად მომჩივნის საპროცენტო შემოსავალი აისახა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

2020 წლის მარტში ფიქსირდება 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ არუმენტებს/მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნაგანმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ: „საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“. ამის მიუხედავად შემოსავლების სამსახურმა ბრძანება გამოსცა მისი მონაწილეობის გარეშე.

საჩივრის ნაწილზე, რომელიც ეხებოდა ---------- განხორციელებულ ოპერაციას, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ხოლო ---------- საქმე განუხილველი დატოვა.

30.12.2021 წელს ---------- (პ/ნ ----------) გააფორმა სესხის ხელშეკრულება, 5 000 აშშ დოლარზე, 5%-იანი სარგებლით. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ----------(მისამართი ----------, დაზუსტებული ფართობი 1 876 კვ.მ.) გამოსყიდვის პირობით. ---------- წინასწარ მისცა 2022 წლის იანვრის თვის პროცენტი, 250 აშშ დოლარი. საპროცენტო შემოსავალმა იმ დღის კურსით შეადგინა 774 ლარი (250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 3,0961). გარიგების შემდეგ უცხოეთში მყოფი ---------- დაუკავშირდა და სთხოვა აღნიშნული ქონება გადაეფორმებინა მისი შვილისთვის ----------. 21.06.2022 წელს ---------- გადაუფორმა ზემოთ ხსენებული ქონება (ს/კ ----------) გადასცა ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი 5 თვის (1 250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 2,9340) 3 668 ლარი. ჯამში საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა (774 + 3668 = 4 442 ლარი).

საგადასახდო შემოწმების შედეგად დაერიცხა სესხით მიღებული შემოსავალი 21 805 ლარი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.

შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს უნდა განეხილა მისი მონაწილეობით არსებული საქმე და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რაც არ გაუკეთებია. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩამორთმეული ჩვენებიდან, ---------- მიცემული ჩვენება თვალნათლივ ადასტურებს მის მიერ აღწერილ არგუმენტებს (საჩივრებს ერთვის მოწმის გამოკითხვის ოქმი).

წარმოადგენს წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებს წლების მიხედვით, ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციებს (აღნიშნული საჩივრებს არ ერთვის) და ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, ასევე 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მიუხედავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მითითებისა შემოსავლების სამსახურმა ბრძანება გამოსცა მისი მონაწილეობის გარეშე. რაზეც აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში არ უთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილს, მომჩივანი დაბარებული იყო საჩივრის ზეპირ განხილვაზე 15:00 საათზე და წარმომადგენელთან ერთად მიიღო მონაწილეობა დისტანციურად.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ როგორც ---------- განხორციელებულ ოპერაციაზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა, ასევე, უნდა მიეღო იგივე გადაწყვეტილება ---------- გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზეც.

საბჭოს 13.06.2024 წლის №22642/2/2024 (რეგ. 9.07.2024წ. 03/52453) გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია, რომ „30.12.2021 წელს გააფორმა სესხის ხელშეკრულება ----------, 5 000 აშშ დოლარზე, 5%-იანი სარგებლით, უძრავი ქონების გამოსყიდვის პირობით. წინასწარ მისცა 1 თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი. 21.06.2022 წელს ---------- (---------- შვილს) უკან გადაუფორმა აღნიშნული უძრავი ქონება, გადასცა ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და 5 თვის საპროცენტო სარგებელი (1 250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 2,9340) 3 668 ლარი. მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტის უნდა განეხილა მისი მონაწილეობით არსებული საქმე და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რაც არ გაუკეთებია. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩამორთმეული ჩვენებიდან, ---------- მიცემული ჩვენება თვალნათლივ ადასტურებს მის მიერ აღწერილ არგუმენტებს (მოწმის გამოკითხვის ოქმი, რაც ახლავს საჩივარს)“.

საქმეში წარმოდგენილია, პირველი საჩივრის ფარგლებში სადავო საკითხებზე, აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის №---------- წერილი, რომლითაც ირკვევა შემდეგი:

საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების გაცნობის შემდეგ, ---------- დაკითხვის ოქმში მიუთითებს რა ოდენობის თანხა გადაუხადა პროცენტის სახით მომჩივანს, მომჩივანმაც აღიარა ამ შემთხვევაში მიღებული შემოსავალი. აღსანიშნია, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანმა წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ს/კ ----------(---------- შემთხვევა) მოხდა მის მიერ პროცენტის სახით შემოსავლის მიღება და ს/კ ----------(---------- შემთხვევა) არსებული მიწა და ქონება შეიძინა და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მალევე გაყიდა.

საჩივარს ახლავს 29.09.2023 წლის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (დოკუმენტის №----------), სადაც გამოკითხული პირი დაფიქსირებულია ----------, რომელმაც მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: „2021 წლის 30 დეკემბერს დედამისმა (----------) ---------- ცოლს (----------) გადაუფორმა სახლი, მისგან სანაცვლოდ მიიღო 5 000 დოლარი. 2022 წლის ივნისში გადაწყვიტეს სახლის დაბურნება და 2022 წლის 21 ივნისს ქ. ---------- იუსტიციის სახლთან შეხვდა „----------“, რომელსაც ხელზე მისცა ნასესხები ძირი თანხა 5 000 დოლარი და ერთი თვის პროცენტის თანხა 250 დოლარი, რის შემდეგაც სახლი მის სახელზე გაიფორმა. 6 თვის განმავლობაში პროცენტის სახით გადაიხადა 1 500 დოლარი“.

მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანი მიუთითებს მხოლოდ ---------- პროცენტის მიღებაზე (არსებობს გამოკითხვის ოქმი, რაც ცნობილი იყო შემოწმებისას და გათვალისწინებულია), თუმცა არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ არსებობს სხვა 19 ქონებაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელიც გადმოფორმებული აქვს და მათზეა საპროცენტო შემოსავალი გაანგარიშებული ანუ ის თანხა, რაც დადგენილია შემოწმების შედეგად არ მოიცავს მხოლოდ ---------- შემთხვევას, არამედ მოიცავ ხსენებულ 19 შემთხვევასაც. იმისა გამო, რომ გადასახადის გადამხდელი ახსნა-გამარტებით ადასტურებს, რომ არაა მისი საქმიანობა ყიდვაგაყიდვა, არამედ სესხის გაცემა, შესაბამისად ამ ოპერაციებს მიეცა სესხის კვალიფიკაცია და დაერიცხა 5%- იანი სარგებელი. შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული კვალიფიკაცია დარჩა ძალაში.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ ნაწილში (---------- და მისი შვილის ---------- ეპიზოდში) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმების შედეგად მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67 065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-14 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტზე, რომ იმ შემთხვევაში თუ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სწორად იქნება განსაზღვრული მისი წლიური საშემოსავლო გადასახადი, აღმოჩნდება, რომ მისი შემოსავალი წლების მიხედვით არ აღემატება 40 000 ლარს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ წარმოეშვება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების შედეგად 2020 წელს დარიცხული გადასახადის თანხა და ჯარიმები გაუქმდება, ხოლო განუხილველი დარჩა 2021-2022 წლის ქონების გადასახადი. თუ სამართლიანად იქნება განხილული ---------- საქმე, ისევე როგორც ----------, აღნიშნულ წლებში გაუქმდება დარიცხული ჯარიმები.

წლიური ქონების გადასახადთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მისი შემოსავლები წლების მიხედვით, 2020-2022 წლებში, ნამდვილად არ აღემატებოდა 40 000 ლარს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად 2020 წელს დარიცხული გადასახადის თანხა და ჯარიმები გაუქმდება, ხოლო განუხილველი დარჩა 2021-2022 წლის ქონების გადასახადი. თუ სამართლიანად იქნება განხილული ---------- საქმე, ისევე როგორც ----------, აღნიშნულ წლებში გაუქმდება დარიცხული ჯარიმები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

პირველ სადავო საკითხზე წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანს მიაჩნია, რომ თუ სწორად იქნება გაანგარიშებული მისი შემოსავლები აღმოჩნდება, რომ არ აღემატება 40 000 ლარს.

აღნიშნულიდან და პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საპროცენტო შემოსავლის და უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის ერთობლივ შემოსავალში ასახვა;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საგამოძიებო სამსახურის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს) ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემ (მომჩივანს) შორის. შემოწმების შედეგად მომჩივნის საპროცენტო შემოსავალი აისახა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით. 2020 წლის მარტში ფიქსირდება 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა.

2. მომჩივანს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმების შედეგად მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67 065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 201; 202; 275.