გადაწყვეტილება №22539/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22539/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22539/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 11.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22539/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27318 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №249-3284 შეტყობინება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №249-34 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №953 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

56 279 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 27 562

ჯარიმა - 13 781

საურავი - 14 936

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27318 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16671 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთები. საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ნოემბრის №28022 ბრძანება და №249-16 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 204 783 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.05.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.07.2023 წლის №19572/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 6.11.2023 წლის №27318 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმ მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ოპერაციაზე, რომლის მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად 2 წელზე მეტია, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27318 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის დასკვნა, 26.12.2023 წლის №32857 ბრძანება და №249-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 111 045 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 56 279 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 იანვრის №953 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად განხორციელდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27318 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ---ს საჩივრები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმ მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ოპერაციაზე, რომლის მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად 2 წელზე მეტია, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაქვემდებარებოდა შემცირებას. მართალია აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32857 ბრძანების შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა 111 045 ლარი, თუმცა გაანგარიშება/თანხების დარიცხვა არასწორად არის განხორციელებული, უსაფუძვლოდ, არასწორად არის დარიცხული ჯარიმა და საურავი.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილის მსგავსად, საჩივარზე წარმოადგენენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებებს და ამონაწერებს საჯარო რეესტრიდან ძველ და ახალ მესაკუთრეებზე, რომელთა თანახმადაც დასტურდება, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს, ---ის მიერ შპს „----“ (ს/ნ ---) გასხვისდა 24 ერთეული ანუ 24 საკადასტრო კოდის ქვეშ მყოფი მიწის ნაკვეთი, საიდანაც

ა) თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინების თანახმად საქმეზე №2/509-18, ---ის საკუთრებად დარეგისტრირდა მანამდე მისი შვილის - ---ის საკუთრებად რიცხული 16 ერთეული შემდეგი უძრავი ნივთები: ----.

შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით არ ჩანს რამდენად დაეყრდნო აუდიტორი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას, რატომ არ შეისწავლა როგორც თავდაპირველ, ისე წინამდებარე შემთხვევაში ფლობდა თუ არა --- ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გასხვისებულ ქონებებს, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქონება გასხვისებულია 2 წელზე ნაკლებ ვადაში, რას შეადგენს თითოეულ შემთხვევაში დასარიცხი თანხა და შესაბამისად ჯარიმა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ გათვალისწინებულა. უფრო მეტიც, აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტაცია გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №953 ბრძანებით არ დგინდება. შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არ შეუფასებია გარემოება, რომ აუდიტორის მიერ შემცირებულია მხოლოდ ის თანხა, რაც მიღებულია მორიგების შედეგად სასამართლო განჩინების შედეგად საკუთრებად აღრიცხული ქონების რეალიზაციით და ადმინისტრაციულ აქტებს არ ახლავს დასაბუთება, დარჩენილი ქონებებიდან რომლებს ფლობდა --- 2 წლის განმავლობაში, როგორიცაა უძრავი ნივთები ს/კ --- და აღნიშნულის მიუხედავად რატომ უნდა დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი, რის გათვალისწინებით დარიცხული თანხები ექვემდებარება გადასინჯვას.

ასევე, გაურკვეველია დაკისრებული ჯარიმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაზეც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია - იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი დასაბუთებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №249-34 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით არ ირკვევა ---ს საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე აქვს დაკისრებული ჯარიმა ძირითადი თანხის - 27 562 ლარის 50% - 13 781 ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც მოუხმობს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლს, რაც ჯარიმის დაკისრების საფუძვლად გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 აპრილის №7696 ბრძანებაში. მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი აღნიშნულ მუხლში მითითებულ გარემოებებს. იგივე ითქმის საურავთან დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 14 936 ლარს. საგულისხმოა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32852 ბრძანების თანახმად, ---ს შემცირებული აქვს სულ 111 045 ლარი, მ.შ. გადასახადი 74 030 ლარის ოდენობით და ჯარიმა 37 015 ლარის ოდენობით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით ასევე არ დასტურდება როდიდან აითვალა დარიცხვის ვადა და როდის შეწყდა, რა თანხაზე, რა ოდენობით იქნა საურავი დარიცხული, რის გამოც ვერ წარმოადგენენ სრულყოფილ საჩივარს. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ, 51-ე, 53-ე მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები და გათავისუფლდეს უკანონოდ დარიცხული თანხების გადახდისგან.

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №249-3284 შეტყობინების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნული შეტყობინება 2024 წლის 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 იანვრის №953 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 238-ე და 239-ე მუხლებზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ----ს 2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, მომჩივნის ქონების მიმართ 2022 წლის 9 ნოემბრის №249-3284 შეტყობინებით დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 2024 წლის 10 იანვრის 5 მდგომარეობით ---ს ერიცხება ზედმეტობა 1.27 ლარი და საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული - 56 317.13 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 ნოემბრის № 249-3284 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გავრცელებულია მთელ ქონებაზე, რაც იწვევს მომჩივნის საკუთრების უფლების დარღვევას და შელახვას, მით უმეტეს, როდესაც ერთხელ უკვე დადასტურდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ნოემბრის №249-16 საგადასახადო მოთხოვნა და №28022 ბრძანება დაუსაბუთებელი იყო, დარიცხული თანხების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და კვლავაც ექვემდებარება შემცირებას თუ არა, სრულად ჩამოწერას მაინც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27318 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმ მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ოპერაციაზე, რომლის მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად 2 წელზე მეტია, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 111 045 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 74 030 ლარი და ჯარიმა - 37 015 ლარი.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ არის სრულყოფილად აღსრულებული. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით პოზიცია ვერ წარმოადგინა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №953 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27318 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 6.11.2023 წლის №27318 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმ მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ოპერაციაზე, რომლის მამა-შვილის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად 2 წელზე მეტია, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27318 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის დასკვნა, 26.12.2023 წლის №32857 ბრძანება და №249-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 111 045 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 56 279 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 24 იანვრის №953 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (23); 238; 239.