ბრძანება N 12695

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.06.2026
№ დოკუმენტი 12695
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 12695

10 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 20 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 48) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 83338/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N ----- წერილობით შეტყობინებას და 2026 წლის 20 აპრილის N 8683 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია მომხმარებლის დაკვეთით ყიდულობს სატრანსპორტო საშუალებას საზღვარგარეთის აუქციონზე და ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას, რომ ჩამოიყვანს კონკრეტულ ავტომობილს და ადგილზე მიჰყიდის მომხმარებელს. თავის მხრივ მყიდველი იღებს ვალდებულებას, რომ შეისყიდის ჩამოყვანილ ავტომობილს და შეასრულებს ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მომხმარებელმა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გადაუხადოს იმპორტიორს ნასყიდობის თანხის ნაწილი, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო დარჩენილ ნაწილს მომხმარებელი გადაიხდის მოგვიანებით. ამასთან მანამ, სანამ მომხარებელი სრულად არ დაფარავს იმპორტირების საფასურს, იგი ვერ განახორციელებს ავტომობილის თავის საკუთრებაში რეგისტრაციას. თუმცა იმისთვის, რომ ავტომობილზე არ იქნეს დარიცხული ჯარიმა, მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს სახელმწიფო რეგისტრაცია კანონით დადგენილ ვადაში, ან განათავსოს ავტომობილი საბაჟო კონტროლის ზონაში/საბაჟო საწყობში. აღსანიშნავია, რომ დამკვეთის/მომხმარებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მანქანის განკარგვის უფლება ეკუთვნის კომპანიას. თუ მოხდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა კომპანია იზარალებს დიდ თანხას, რომელთა დაბრუნებასაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიისთვის უცნობი იყო ავტომობილის მდებარეობის ადგილი.

ასევე მისთვის არ იყო ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N ----- წერილობით შეტყობინების შესახებ.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, სადავო აქტების ბათილად ცნობას და მიეცეს შესაძლებლობა, სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს თავის საბაჟო საწყობში, დაფაროს მასთან დაკავშირებით არსებული დავალიანებები და განახორციელოს შესაბამისი პროცედურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 24 ივლისს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა N ----- განცხადებით და, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის, მიაწოდა ინფორმაცია მისივე საბაჟო საწყობში განთავსებული, შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული (ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია N ----- ) ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) თაობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N ----- წერილობითი შეტყობინებით, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და სატრანსპორტო საშუალების სხვა საბაჟო საწყობში გადატანისათვის, ან სხვა საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად განესაზღვრა 10 კალენდარული დღე. მითითებული დოკუმენტი ადრესატს წარედგინა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ - გვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც გაეცნო 2025 წლის 26 ნოემბერს და გაცნობისთანავე ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.

ვინაიდან ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, მაგრამ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ არ შესრულებულა წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრული პირობები, საბაჟო ორგანოს ინიციატივით საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელების მიზნით, 2026 წლის 20 აპრილს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის N 8683 ბრძანება, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ) გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.

მითითებული სატრანსპორტო საშუალება განთავსებულია შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედება.

ამავე საკანონმდებლო აქტის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ბ) საქონლის განადგურება;

გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ:

ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2023 წლის პირველ დეკემბერს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ), რომელიც განთავსებულია შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობში. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N ----- წერილობითი შეტყობინებით, მომჩივანს ეცნობა, რომ მითითებული საბაჟო საწყობი აპირებს საბაჟო კონტროლის ზონის გაუქმებას და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სხვა საბაჟო საწყობში გადატანისთვის, ან სხვა (ახალი) საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად განესაზღვრა 10 კალენდარული დღე. ამდენად, 2025 წლის 26 ნოემბრის N ----- წერილობითი შეტყობინება მართლზომიერია.

ამასთან, ვინაიდან მითითებულ წერილობითი შეტყობინებას ადრესატი გაეცნო 2025 წლის 26 ნოემბერს და გაცნობისთანავე ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად, თუმცა შეტყობინებით განსაზღვრული ვადის მოწურვის შემდგომ და არც მას შემდეგ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ არ შესრულებულა წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრული პირობები, საბაჟო დეპარტამენტის მიერ საბაჟო ორგანოს ინიციატივით საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელების მიზნით შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტების ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის ნებართვის გაუქმების პროცესში გამოვლინდა საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მფლობელს მიეცა ვადა შესაბამისი საბაჟო ფორმალობების შესასრულებლად. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საბაჟო ორგანომ სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში გადაიყვანა. იგი კვლავ საბაჟო საწყობშია განთავსებული.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 103(1);