ბრძანება N 19369
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19369
08 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის’’ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 26 და 29 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---ის’’ (ს/ნ ---) №81912/1/2023 და №20105/2/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №007-130 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჰყავდა ბუღალტერი, შესაბამისად საწარმოს მიერ არ იყო დეკლარირებული რეალიზაციების ნაწილი. თვლის, რომ შემმოწმებლებმა ხელახლა უნდა გაიარონ მათი რეალიზაციები და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და მოახდინონ გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
2. მიუთითებს, რომ საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჰქონდა საშენი მასალა, რომელსაც ყიდულობდნენ შედარებით იაფად. აღნიშნულ შეძენებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ შესყიდვის აქტები. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და დარიცხული სანქციის თანხების კორექტირებას. მიუთითებს, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომები არის გაუაზრებელი. გადამხდელის ვარაუდით მომსახურების ანაზღაურების ნაწილში გამოყენებული მიდგომები არ შეესებამება შემოსავლების სამსახურში დამკვიდრებულ პრაქტიკას. მიაჩნიათ, რომ საჭიროა შემმოწმებლებმა მათთან ერთად ხელახლა შეისაწვლონ გაცემული ხელფასისა და მომსახურების ანაზღაურების ნაწილში დაკავებული გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება და მოახდინონ გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად თანხების გადაანგარიშება.
3. არ ეთანხმება გაცემული დივიდენდის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ნაშთი 1 131 450 ლარის ოდენობით, რომელიც ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩაითვალა დივიდენდად, იყო კერძო პირებისგან განხორციელებულ შესყიდვებზე გადახდები, რომლმებზეც ვერ შეძლეს დოკუმენტების წარმოდგენა. შესაბამისად მოცემული მიზეზით სალაროში დაგროვდა ნაღდი ფულის ნაშთი. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს დაუდასტურეს და აღიარეს აღნიშნული დავალიანება. ითხოვს თანხების გადაანგარიშებას.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №3708 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის’’ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 6 აპრილიდან 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ივნისის №12418 ბრძანება და ამავე თარიღის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 457 017 ლარი, მათ შორის: გადასახადი 269 726 ლარი, ჯარიმა 134 863 ლარი, საურავი 52 428 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საჩივრებში დასმულ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვა არ არის განხორციელებული.
შპს ,,---’’ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 6 აპრილს, ამავე თარიღიდან არის დღგ-ს გადამხდელი. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავარიული შენობება-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების შესრულება. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს უსრულებს როგორც ქვეკონტრაქტორი შპს ,,’’-ს (ს/ნ ---) და შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---), რომელებიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე ასრულებენ სამუშაოებს. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, ბანკის ცნობები და ამონაწერები და მოთხოვნილი დოკუმენტაცია. კომპანიას 2022 წლის აპრილის თვის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 1 131 450 ლარის ოდენობით, რაზეც წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ აღნიშნული ფულის ნაშთი გაცემულია დივიდენდის სახით 2022 წლის აპრილის თვეში. თუმცა, აღნიშნულ განაცემთან მიმართებაში არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ 2022 წლის აპრილის თვეში გაცემული დივიდენდი (1 131 450 ლარი) დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში სხვაობა არ არის გამოვლენილი და დარიცხვა არ არის განხორციელებული. ასევე, აღნიშნული საკითხები შემოწმების პროცესში გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს სგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 1 131 450 ლარის ოდენობით, რაზეც წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ აღნიშნული ფულის ნაშთი გაცემულია დივიდენდის სახით 2022 წლის აპრილის თვეში. თუმცა, აღნიშნულ განაცემთან მიმართებაში არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, პირს განესაზრვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო
კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის
საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის’’ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში
(მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით
დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემმოწმებლებმა ხელახლა უნდა გაიარონ მათი რეალიზაციები და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და მოახდინონ გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
2. მიუთითებს, რომ საჭიროა შემმოწმებლებმა მათთან ერთად ხელახლა შეისაწვლონ გაცემული ხელფასისა და მომსახურების ანაზღაურების ნაწილში დაკავებული გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება და მოახდინონ გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად თანხების გადაანგარიშება.
3. არ ეთანხმება გაცემული დივიდენდის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №3708 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ივნისის №12418 ბრძანება და ამავე თარიღის №007-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 457 017 ლარი, მათ შორის: გადასახადი 269 726 ლარი, ჯარიმა 134 863 ლარი, საურავი 52 428 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 97; 981; 8 (12); 130; 154; 43 (4); 269 (7); 270; 272; 275.