საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/5289–18
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე №3/5289–18
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2019 წელი
თბილისი
შესავლი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე – შპს ,,-----"
წარმომადგენელი - კ.კ.
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე.მ.
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი -მ.კ.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის NoCB860439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის N 9004 ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება No5804/2/2018 საჩივარზე.
(იხ. 2018 წლის 16 ოქტომბრის No2677291 განცხადება და დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.151-164).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 15 მარტს 13:38სთ-ზე შედგა 2CB860439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს „-----“ მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: -----; მძღოლი:-----; გადამოწმების დრო: 15.03.2018 10:13), კერძოდ 110 000 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის „ტანსაცმელი“, ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, შპს ,,-----" დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე 10 000 ლარით. ოქმში სამართალდამრღვევი პირის სახელით ოქმს ხელი მოაწერა ----------- (ლოჯისტიკის სპეციალისტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის NoCB860439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.167);
3.2. შპს „-----“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის NoCB860439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 13 მარტს მოხდა შპს „-----“ მიერ -----დან იმპორტირებული საქონლის განბაჟება, დეკლარაციით NoC----. შემდგომში ეს ტვირთი დასაწყობდა კომპანიის საწყობში მისამართზე: -------, საიდანაც ხდება საქონლის განაწილება კომპანიის კუთვნილ მაღაზიათა ქსელში. 15 მარტს დაიწყო ტვირთის განაწილების პროცესი და კომპანიის კუთვნილმა ავტომანქანამ ს/ნ--------პირველი გადაზიდვა შეასრულა -------- საწყობიდან --------. გადაზიდვის დაწყებისას როგორც წესი გააქტიურდა შესაბამისი ზედნადები. ------დან იგივე მანქანამ გამოზიდა ტვირთი (ასევე ზედნადებების საფუძველზე) მისამართებზე: ------- მიმდებარე ტერიტორია. ამის შემდეგ აღნიშნული მანქანა დაიტვირთა ----------ის კუთვნილი საქონლით. მძღოლმა უნებლიედ, პასუხისმგებელი პირის დაუკითხავად, ჩათვალა რომ ზედნადები გააქტიურებული იყო და დაიწყო მოძრაობა ------------ მიმართულებით. აღნიშნულ დროს ავტომანქანა გააჩერეს მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა ---------- და ზედნადების არქონის საფუძველზე გამოწერეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NoCB860439. აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე შემოსავლების სამსახურის ოფიცერმა აცნობა შპს „----------“ ზედნადების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირს შექმნილი ვითარება. მყისიერად, 10:22 წუთზე გააქტიურდა გადაზიდვისთვის წინასწარ მომზადებული ზედნადები ნომრით N°------. აღნიშნული ზედნადები მომზადებულია 14/03/2018-ში 12:16 სთ-ზე. ზედნადები იყო შენახული და გააქტიურება უნდა მომხდარიყო ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი ვერ შეძლებდა რამდენიმე წამში ზედნადების გამოწერას. უდავოა, რომ მძღოლის დაუდევრობამ მიიყვანა კომპანია ამ შედეგამდე. კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, სარგებლობს ოქროს სიით და არასოდეს უცდია გადასახადებისთვის თავის არიდება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის No9004 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შპს „---------“ მიმართ 2018 წლის 26 იანვარს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად შედგა NoCB843014 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან გადამხდელი გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 მარტის No4490 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიიჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს „--------“ წარმომადგენლის საჩივარი (ს.ფ.168-171);
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის No9004 ბრძანება (ს.ფ.172-174);
3.3. შპს „---------“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის NoCB860439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის No9004 ბრძანების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივანი აღიარებს სამართალდარღვევის ფაქტს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზედნადები შევსებული იყო და მხოლოდ აქტივაცია დაგვიანდა. გადამხდელი ითხოვდა უნებლიე შეცდომით გამოწვეული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციისაგან გათავისუფლებას. მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტი საბჭომ არ მიიჩნია შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლების საფუძვლად და მიიღო გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის No9004 ბრძანების ძალში დატოვების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „----------“ წარმომადგენლის საჩივარი (ს.ფ.175-178);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ.179-184);
3.4. 2018 წლის 15 მარტს 10:22სთ-ზე RS.GE-ს საინფორმაციო ბაზაში აიტვირთა ელ- ----------- სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, შპს „---------“ ახორციელებდა 470 სახეობის საქონლის შიდა გადაზიდვას ქ.-----,მიმდებარე ტერიტორიიდან -----, გამზ.--ში (ავტომობილის სახელმწიფო ნომერი ---------, მძღოლი ------------). აღნიშნულ საქონელზე გამოწერილია 2018 წლის 28 თებერვლის No---------- ინვოისი, რომელშიც, საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო „---------“-ში, მის: -----------. აღნიშნული საქონელი იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულია 2018 წლის 13 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ელ-------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ185-202);
- 2018 წლის 28 თებერვლის No------- ინვოისი (ს.ფ.205-230)
- 2018 წლის 13 მარტის No------- შეტყობინება (ს.ფ.203-204);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოდ ქცეული დოკუმენტები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს განსახილველი დავის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს უკანონოდ ჩამორთმეული ხე- ტყის მასალის დაბრუნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ამგვარად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას და განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა, იგი იმავდროულად საგადასახადო სამართალდარღვევის დადგენისა და დამრღვევისთვის სანქციის შეფარდების ახდენს, რის გამოც მისი კანონიერების შეფასების მიზნით უნდა შემოწმდეს ასევე სამართალდარღვევის დადგენისა და სახდელის დაკისრების ზოგად პრინციპებთან შესაბამისობა.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს _ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეში (იხ. სუსგ 07.10.2014 წ. საქმე Nბს-222-219(კ-14) განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი:
1. ფორმალური (ნორმატიული) - მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას;
2. ფაქტობრივი - საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს;
3. პროცესუალური - უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 15 მარტს 13:38სთ-ზე შედგა NCB860439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლი საფუძველზე შპს „-------“ შეეფარდა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე. ოქმის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოიხატა შემდეგში: გადამხდელი ახორციელებდა 110 000 ლარის საბაზრო ღირებულების ტანსაცმლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. მართალია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში საჩივრის განხილვისას მომჩივანმა მოითხოვა სანქციისგან გათავისუფლება, თუმცა, როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში წარდგენილ წერილობით საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა ბრალეულობაზე და აცხადებდა, რომ ზედნადების გააქტიურებამდე ავტომანქანის გადაადგილება მოხდა მძღოლის დაუდევრობით. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, განხორციელებული ქმედება შეიცავდა თუ არა საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის გათვალისწინებულ წინაპირობებს. კერძოდ, ადგილი ჰქონდა თუ არა გადამხდელის მიერ ბრალეული ქმედება/უმოქმედობას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მძღოლმა პასუხისმგებელ პირთან შეუთანხმებლად 10:05სთ-ზე კომპანიის კუთვნილი საწყობიდან დანიშნულების ადგილისკენ დაიწყო მოძრაობა და ჩათვალა, რომ ზედნადები გააქტიურებული იყო. 10:13სთ-ზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტმაენტის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი შემოწმების მიზნით. მანქანის შემოწმების შემდეგ 10:20 სთ-ზე დაუკავშირდნენ ზედნადების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირს და აცნობეს ინფორმაცია ზედნადების არ არსებობს შესახებ, რა დროსაც დაუყოვნებლივ მოხდა ზედნადების გააქტიურება 10:22 სთ-ზე. ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო ზედნადები წინასწარ იყო გამზადებული 2018 წლის 14 მარტს 12:16სთ-ზე და ინახებოდა შემოსავლების სამსახურის სერვერზე „შენახულების“ გრაფაში, საგულისხმოა, რომ ეს ზედნადები არის 18 გვერდიანი და ნივთობრივად შეიცავს 5 325 ნივთს. ამდენად, ლოგიკურია, რომ ამ ზედნადების შექმნა წუთებში შეუძლებელი იქნებოდა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული ფულადი ჯარიმის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ პირს, ვინც დასაქმებულია შპს „---------“ და ვისაც ეკისრებოდა ხსენებულ საქონელზე ზედნადების ატვირთვის ვალდებულება, შესაბამისად, პირს, რომელსაც სამსახურებრივად ევალება სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში არ აქვს არანაირი ინტერესი საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდეს შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გარეშე. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო საქონლის იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი, რადგან შპს „----------“ ახდენს იმპორტს ისეთი ბრენდების საქონლისა, რომელიც ექსკლუზიურად გადაეცემა კონკრეტულ მაღაზიებს. ამდენად, საქონლის იმპორტისას წინასწარ არის განსაზღვრული კონკრეტულად რომელ მაღაზიას/ფილიალს და რა მისამართზე უნდა მიეწოდოს მოცემული საქონელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სამეწარმეო საქონლის საქმიანობისთვის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანების 24-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები _ სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
ამავე ბრძანების 251-ე მუხლში დეტალურად არის აღწერილი სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი და პროცედურა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა _ საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს. მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი.
ამდენად, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სასაქონლო ზედნადების გამოწერის პერიოდს, იგი უნდა ემთხვეოდეს საქონლის მიწოდების ან ტრანსპორტირების დაწყების თარიღს.
ვინაიდან ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, მის გამოწერას კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას, რაზედაც გამოწერილი უნდა ყოფილიყო სასაქონლო ზედნადები. დავას არ იწვევს ის ფაქტიც, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების მომენტისათვის სადავო საქონელზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში არ იყო გააქტიურებული სასაქონლო ზედანდები.
სასამართლო მიუთითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ბს-222-219(კ-14) საქმე), სადაც განმარტებულია, რომ „საგადასახადო პასუხისმგებლობა მიზნად ისახავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მას ახასიათებს იურიდიული პასუხისმგებლობის ყველა ნიშანი. უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება არა მარტო შესაბამისი კანონმდებლობით, არამედ სხვა დარგის სამართლებრივი ნორმებითაც. საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. საგადასახადო პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი ბრალეული პირის ვალდებულებაა, მოითმინოს საგადასახადო კოდექსის სანქციებით გათვალისწინებული სახელმწიფო იძულების ზომები, რაც მას დამატებით იურიდიულ ვალდებულებას აკისრებს. იგი კომპეტენტური ორგანოების მიერ საგადასახადო კოდექსით დადგენილი საპროცესო წესით გამოიყენება. საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება სამართალდამრღვევის პიროვნების, ბრალის ხარისხის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის კვალიფიკაცია და სანქციის შეფარდება კანონსაწინააღმდეგო იქნება პირის ბრალეულობის განსაზღვრის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, იმსჯელოს არის თუ არა სახეზე ისეთი ობიექტური გარემოება, რამაც შეიძლება გამორიცხოს პირის ბრალეულობა, რამდენადაც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას კანონი არ აწესებს პირის ბრალეულობის დადგენის მიზნით ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ტრანსპორტირებული საქონელზე გამოწერილ ინვოისში პირდაპირ იყო მითითებული დანიშნულების ადგილად -----------. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გაუთვალისწინებიათ ის გარემოებაც, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოწერამდე აღნიშნულ საქონელზე გააქტიურდა ელ- --------- სასაქონლო ზედნადები. ასევე, შეფასება არ მიუციათ იმ გარემოებისათვის, რომ სადავო საქონლის ტრანსპორტირებამდე ავტომობილის მძღოლს შესრულებული ჰქონდა ორი გადაზიდვა სასაქონლო ზედნადებებით. ასევე, აღნიშნული ავტომობილის საქონლით დატვირთვისას საწყობში შევიდა მეორე ავტომობილიც, რომელსაც ასევე უნდა განეხორციელებინა საქონლის ტრანსპორტირება, რაც გონივრულად დამაჯერებელს ხდის მოსარჩელის განმარტებას, რომ გადამხდელთან დასაქმებულმა პირმა მძღოლმა, დაიწყო ტრანსპორტირება ისე, რომ არ გადაუმოწმებია კონკრეტულ საქონელზე ზედნადების გააქტიურების საკითხი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზედნადების გააქტიურება მოხდა შეტყობინებისთანავე, მყისიერად, 2018 წლის 15 მარტს, 10:13სთ-ზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტმაენტის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი შემოწმების მიზნით. მანქანის შემოწმების შემდეგ დაუკავშირდნენ ზედნადების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირს და აცნობეს ინფორმაცია ზედნადების არარსებობს შესახებ, რა დროსაც დაუყოვნებლივ მოხდა ზედნადების გააქტიურება _ 10:22 სთ-ზე, მაქსიმუმ ცხრა წუთამდე დროის მონაკვეთში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზედნადები იყო შევსებული და მომზადებული გასააქტიურებლად, მასში ასახული იყო საქონლის ვრცელი ჩამონათვალი, რომლის შევსებაც ასეთ მოკლე დროში შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ზედნადების გამოწერის ვალდებულება მიზნად ისახავს, თავიდან იქნეს აცილებული აღურიცხავი ხარჯი თუ შემოსავალი. საგადასახადო კონტროლი მიზნად ისახავს დარღვევის გამოვლენასას და პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში კი, ქმედება, რომელიც ობიექტურად შეიცავდა სამართალდარღვევის ნიშნებს, თუმცა, ამავდროულად, იგი არ იყო გამოწვეული გადასახადის გადამხდელის ბრალით, მყისიერად გამოსწორდა და აღმოიფხვრა. ამრიგად, გადასახადის გადამხდელის ქმედებას არ გამოუწვევია ის უარყოფითი შედეგი, რისთვისაც კანონი აწესებს პასუხისმგებლობას. საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრება არ უნდა ატარებდეს თვითმიზნურ ხასიათს და მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის გამოკვეთილი ქმედების ჩამდენი პირის ბრალეულობა, ამასთან, არ არსებობს პრევენციის აუცილებლობა. რადგან გადასახადის გადამხდელს გაცნობიერებული აქვს კანონით დადგენილი ვალდებულება, უფლებამოსილ პირს შევსებული ჰქონდა ზედნადები, რომელიც საკმაოდ ვრცელი მოცულობისაა და სატრანსპორტო საშუალებების ერთ-ერთ მძღოლთან არასაკმარისი კომუნიკაციის გამო მძღოლმა დაიწყო გადაადგილება, ისე რომ არ გადაამოწმა კონკრეტული ზედნადების გააქტიურების საკითხი. გადამხდელმა მყისიერად აღმოფხვრა აღნიშნული ქმედება და გაააქტიურა ზედნადები. ამით მან გააქარწყლა ის საფრთხე, რაც ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტზე და განმარტავს, რომ დაუშვებელია, მხარეს დაეკისროს იმაზე მეტის მტკიცება, ვიდრე მას ეს ობიექტურად ძალუძს.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილება განსახილველ დავაში სწორედ ზემოთ მითითებულ ობიექტურ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. საგადასახადო ორგანომ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაში შეფასება დამაჯერებლად შექმნის დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელემ განახორციელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებათა სასამართლოსთვის წარმოდგენა კი მოსარჩელის მოვალეობაა. მან უნდა შეძლოს მოპასუხის მტკიცების გაბათილება.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. როდესაც სადავო საკითხია სამართალდარღვევის ფაქტის დადგენა, უპირველეს ყოვლისა, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, დაადასტუროს სამართალდარღვევის ყველა სავალდებულო ელემენტის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის მტკიცება ევალება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მოიპოვა გარკვეული ფაქტობრივი მონაცემები, თუმცა, მოსარჩელემ მიუთითა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც შესაძლოა, გამორიცხავდეს სამართალდარღვევის ჩადენას. ამასთან, მის მიერ მითითებულ ფაქტს გარკვეული მოცულობით ამყარებს წარმოდგენილი მტკიცებულებაც ელ------ სასაქონლო ზედნადები და 2018 წლის 28 თებერვლის N---------- ინვოისი. მართალია, მოსარჩელემ უტყუარად ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ ვინაიდან სამართალდარღვევის ელემენტების დადგენა სწორედ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, მას სრულყოფილად უნდა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად და მხოლოდ ყველა ფაქტობრივი გარემოების დადასტურების შემთხვევაში უნდა გამოეტანა დასკვნა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე.
სასამართლო მიუთითებს _ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 97 მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე Nბს-246-243(კ-14).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-463-451(კ- 13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას საგადასახადო ორგანოს და შემდგომში _ დავების განმხილველი ორგანოებს არ გამოუყენებიათ კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია, გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ბრალეულ ქმედებას/უმოქმედობას და სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლა/შეფასების შემდეგ იყო უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, მიეღო გადაწყვეტილება, არსებობდა თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საგადასახადო ორგანოებისა და დავების განმხილველი ორგანოების მიერ არ არის გამოკვლეული, ზედნადების დაგვიანებით გააქტიურება რამდენად ახდენს არსებით გავლენას შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვაზე. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემობების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შპს „------“ სანქციის შეფარდება მაშინ, როდესაც დადგენილი არ არის მისი ბრალეულობის საკითხი. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შინაარსობრივად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 300 (სამასი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „-------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის N CB860439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის N 9004 ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება N 5804/2/2018 საჩივარზე.
2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი გრ.რობაქიძის გამზ.No7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 64) მეშვეობით.
მოსამართლე
თამარ ხაჟომია