გადაწყვეტილება №18230/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18230/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 17.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18230/2/2022).
დავის საგანი:
სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №EL185030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28176 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 31 963,43 ლარი.
ფაქტების აღწერა მომჩივანმა
28.09.2022 წელს №11112/C32647 საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით განახორციელა 42 289.07 ლარის საბაჟო ღირებულების 3 237 კგ (10 288 ქილა) ცივი ყავა „-------“-ის დეკლარირება. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და საქონლის ვიზუალური დათვალიერებისას, აღმოჩნდა არადეკლარირებული ცივი ყავა 12 ქილა, საბაჟო ღირებულებით 49,33 ლარი. ვინაიდან საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება (49.33 ლარი) არ აჭარბებდა 15 000 ლარს და არ აღემატებოდა დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად აღნიშნულ სამართალდარღვევისათვის კომპანიას არ დაეკისრა პასუხისმგებლობა. ამასთან, საქონლის ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ დეკლარირებული საქონლის ნაწილი – 7 776 ქილა ცივი ყავა, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებულ არააქციზურ საქონელს, არ იყო მარკირებული.
საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე დეკლარირებას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, რაზეც, 28.09.2022 წლის №EL185030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 31 963.43 ლარის (სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.11.2022 წლის №28176 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ დეკლარირებული საქონლის ნაწილი – 7 776 ქილა ცივი ყავა, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებულ არააქციზურ საქონელს, არ იყო მარკირებული. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოცემულ შემთხვევაში საქონლის მარკირება მოხდა საბაჟო კონტროლის ზონაში და საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანის მიზნით გადახდილ იქნა ჯარიმის თანხები სრულად, ისე რომ კომპანია არ აღიარებს სადავო ჯარიმას და თვლის, რომ გასაჩივრებული აქტები უნდა გაუქმდეს.
28.09.2022 წელს კომპანიის მიერ ---------ს რესპუბლიკიდან შემოტანილ იქნა 47 364.07 ლარის ღირებულების ცივი ყავა (10 288 ცალი), რომლის ნაწილი 7 776 ერთეული, როგორც საბაჟო შემოწმებისას აღმოჩნდა, არ იყო მარკირებული „სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხის და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 10.08.2015 წლის №256 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
საქონელი დამზადებული იყო თურქეთში და საქონლის მწარმოებელ (მომწოდებელს) თავის დროზე უნდა მოეხდინა საქონლის მარკირება, რატომღაც საქონლის ნაწილი იყო მარკირებული, ნაწილი კი არა. მოცემულ შემთხვევაში საქონლის მწარმოებლისთვის მიწოდებული იყო საჭირო რაოდენობის მარკები, შესაბამისად საქონელი სრულად უნდა ყოფილიყო მარკირებული. საბაჟო სამართალდარღვევის მოლოდინი კომპანიას არ გააჩნდა. არ ჰქონდა ინფორმაცია მასზე, რომ საქონლის ნაწილს მარკირება არ გააჩნდა, სხვა შემთხვევაში საქონლის საბაჟო შემოწმებამდე მოახდენდა ხარვეზის გასწორებას. აშკარაა, რომ საქონლის მწარმოებლის/მომწოდებლის მიერ საქონლის ნაწილის მარკირების არ ქონის გამო ხდება კომპანიის დაჯარიმება, რაც არასწორია.
კომპანიამ პასუხი არ უნდა აგოს აღნიშნულზე, საქონელს თურქეთიდან იღებდა და ვიდრე მას ფიზიკურად არ ნახავს, ვერ გაიგებდა საქონელი იყო თუ არა მარკირებული. საქონელი შეკვეთით გამოიგზავნა თურქეთიდან, რა დროსაც საქონლის მწარმოებელს/მომწოდებელს თავის დროზე გაეგზავნა შესაბამისი ოდენობით მარკები - საქონლის მარკირებისთვის.
კომპანიას არაერთხელ აქვს საბაჟო პროცედურები გავლილი (ხდება საქონლის საბაჟო გადაადგილება) და არასოდეს საბაჟო სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა, არც სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის გადაადგილების/შეძენის/შენახვის შემთხვევები ან სხვა არსებითად მნიშვნელოვანი საგადასახდო ან საბაჟო სამართალდარღვევები არ ჰქონია.
არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონოდა საბაჟო სამსახურის პასუხისმგებელი პირების მიმართ დაუმორჩილებლობას, მარკირების გარეშე არსებული საქონლის გადამალვის მცდელობას. საქონელი არ იყო იმგვარად შეფუთული, რომ კომპანიის მხრიდან საბაჟო კონტროლისთვის თავის არიდების მცდელობას ჰქონდა ადგილი. აშკარაა, რომ არსებული ხარვეზის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია გადამხდელს. საქონლის საბაჟო შემოწმების ჩატარებაზე ყოყმანი არ დაუწყია და არც დაფიქრებულა, რომ რაიმე ხარვეზს ექნებოდა ადგილი. კომპანია არ ახდენდა საქონლის კონტრაბანდას და არ ხდებოდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა. ხარვეზის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კომპანია საქონლის საბაჟო კონტროლის განხორციელებამდე მოახდენდა სადავო საქონლის მარკირებას და არც ეს გაუგებრობა არ იქნებოდა. ხარვეზის გამოვლენისთანავე საბაჟო ტერიტორიაზე მოხდა მისი გამოსწორება (მოხდა საქონლის მარკირება) და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მოხდა საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან გატანა. ამ პირობებში დაჯარიმება არასწორია. ეს იყო იმპორტის ოპერაცია და საქონლის მარკირების გარეშე მისი სავაჭრო ქსელში გატანა არ/ვერ მოხდებოდა - არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე.
საქონლის მარკირება არ იყო იმ ღირებულების, რომ კომპანიას მისი თავიდან აცილება ეფიქრა და უფრო დიდი რისკის ქვეშ დამდგარიყო, საქონლის მარკირება საქონლის ღირებულებას არ/ვერ შეედრება. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება საქონლის მარკირების ჩათვლით ფასს მოიცავს და არ ხდებოდა ისე, რომ მარკირების თანხით საქონლის ღირებულება იყო შემცირებული. საყურადღებოა ის, რომ როგორც აღნიშნა ნაწილი მარკირებული იყო, აშკარაა, რომ საქონლის მწარმოებელთან/მომწოდებელთან მოხდა შეცდომა - საქონლის მანქანაზე დატვირთვის დროს შეცდომით/არასწორად მოხდა მარკირების გარეშე არსებული საქონლის ნაწილის დატვირთვა და მისი საქართველოში გაგზავნა და ამ შეცდომის შპს პანორამა 2018-ის დაჯარიმება არ უნდა მოხდეს.
აშკარაა, რომ თუ კომპანიას ეს ინფორმაცია ექნებოდა, არც ამ გაუგებრობას ექნებოდა ადგილი. კომპანიამ არ იცოდა, რომ სადავო შემთხვევაში იმპორტირებული საქონლის ნაწილს არ გააჩნდა სავალდებულო მარკირება. სხვა შემთხვევაში, არ დაუშვებდა ასეთი საქონლის საბაჟო შემოწმებას და სადავო არაფერი არ იქნებოდა.
მიუთითებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე 28.09.2022 წლის №EL185030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან უნდა გათავისუფლდეს.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი ითხოვდა 28.09.2022 წლის №EL185030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას, რაზეც სადავო 10.11.2022 წლის №28176 ბრძანებაში საერთოდ არ მსჯელობს შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28176 ბრძანებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა გათავისუფლდეს გადასახადის გადამხდელი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, რა დროსაც გადამხდელმა არ იცოდა და ვერ ეცოდინებოდა, რომ მის მიერ დეკლარირებული საქონელი სრულად არ იყო მარკირებული, აშკარაა, რომ ეს არის საპატიებელი შეცდომა - ინფორმაციის არ ქონის გამო მოხდა სადავო გაუგებრობა. მარკირება საბაჟო კონტროლის ზონაში სრულად მოხდა გადამხდელის მიერ - გამოსწორებულ იქნა საქონლის მწარმოებლის მიერ დაშვებული ხარვეზი, ეს პროცედურები საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორცილებამდე გაკეთდებოდა გადამხდელის მიერ - თუ ასეთი ინფორმაცია მას ექნებოდა. სწორედ ამ საკითხის შეფასება არ მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ და სადავო შემთხვევის მიმართ არ გამოიყენა მიდგომა როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის, რაც არასწორია.
მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური თუ ჩათვლიდა, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა არ უნდა მომხდარიყო ასეთ შემთხვევაში საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაეკმაყოფილებინა და კომპანია უნდა გათავისუფლებულიყო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
იმ შემთხევაში თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ჩათვლის, რომ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა არ უნდა მოხდეს, ასეთ შემთხვევაში საბჭომ კომპანია უნდა გაათავისუფლოს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოკვლეულიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვტილება მიღებულიყო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 781 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები).
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს, ასევე, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს არააქციზური საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანისას.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტამდე;
ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტამდე;
გ) საქონლის იმპორტის განხორციელებამდე.
საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირება − იწვევს დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებას.
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია მასზე, რომ საქონლის ნაწილს მარკირება არ გააჩნდა, სხვა შემთხვევაში საქონლის საბაჟო შემოწმებამდე მოახდენდა ხარვეზის გასწორებას. აშკარაა, რომ საქონლის მწარმოებლის/მომწოდებლის მიერ საქონლის ნაწილის მარკირების არ ქონის გამო ხდება კომპანიის დაჯარიმება, რაც არასწორია. აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გათავისუფლდეს 28.09.2022 წლის №EL185030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 28.09.2022 წლის №EL185030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №EL185030 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.