გადაწყვეტილება №19867/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 19867/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19867/2/2023

26 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 4.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19867/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის

საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №056-56 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9768 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 101 092 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 58 307

დღგ - 19 169

საშემოსავლო გადასახადი - 33 901

ქონების გადასახადი - 5 237

ჯარიმა - 28 087

საურავი - 14 698

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა.

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 26.09.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის

№056-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9768 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.09.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.12.2019 წელს. 2019, 2020, 2021 წლებში კომპანიის საიჯარო მომსახურების მიმღებ კომპანიას წარმოადგენდა ----------- რეგისტრირებული კომპანია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს სატვირთო ავტომობილები.

გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა საბუღალტრო პროგრამა -----------, სადაც არასწორად არის აღრიცხული შემოსავლები/ხარჯები. წარმოდგენილი ინფორმაციით, სალაროში ნაღდი ფული გროვდება საბანკო დაწესებულებიდან მიღებული თანხებით. აღნიშნული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად, შემმოწმებლების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება ფულის ნაშთი - 2020 წლის ბოლოს 15 795 ლარი, 2021 წლის ბოლოს - 80 435 ლარი, ხოლო 30.06.2022 წელს - 30 338 ლარი. გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტების თანახმად, საწარმოში ნაღდი ფულის რაოდენობა 1.07.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 82,02 ლარს.

გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადამოწმდა, გადასახადის გადამხდელის ბალანსზე აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთები, რომელ თვეშიც ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი, იმ თვეში დაანგარიშდა იჯარა, აგრეთვე გაანგარიშდა სატვირთო ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელზედაც გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული განაცემები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემმოწმებელს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წელს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის შემოწმებისას დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი. მიუთითებს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან და რადგანაც კომპანიის მხრიდან შემოწმების პერიოდში აუდიტორისათვის წარდგენილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სავაჭრო ინვოისები, საბანკო ამონაწერები). აგრეთვე, საბუღალტრო პროგრამა ------------ ასლი. მიუთითებს, რომ ფაქტების აღწერისას შემმოწმებელი შემოიფარგლება ზოგადი ფრაზით „გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით“ აქ არ არის განმარტებული გარემოებები, ასევე თუ რა მონაცემების დადგენაში შეეშალა ხელი და რა მონაცემების მოპოვების შემთხვევაში არ გაჩნდებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. მიუთითებს საკითხებზე, რომლებიც განმარტებას საჭიროებენ: არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლიანი საფუძველი, სადაც ცალკე გამოყოფილად იქნება აღწერილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, აუდიტორის ეჭვი, რისკის კრიტერიუმები და ა.შ. ასევე, არ არის ცალკე გამოყოფილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დადგენაც შემმოწმებელმა ვერ შეძლო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციების ან ინფორმაციების გათვალისწინებით. არ არის განსაზღვრული თუ რა სახის ოპერაციებზე მოხდა აღნიშნული მეთოდის გავრცელება. შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდის შერჩევისას არ იყო განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის ოპტიმალურობის დასაბუთება, სადაც აღწერილი უნდა ყოფილიყო თუ სხვა რა მეთოდების გამოყენება იყო შესაძლებელი და რა საფუძვლით არ იქნებოდა ალტერნატიული მეთოდი გამოყენებული.

შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელთან არ მომხდარა არაპირდაპირი მეთოდის ოპტიმალურობის შეფასება და არ მომხდარა მისი შეძლებისდაგვარად შეთანხმება. ამგვარად, არასამართლიანად მიაჩნია აუდიტორის მიერ საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენება.

არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გაანგარიშებებს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ შემმოწმებლის მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში დაფიქსირებული თანხები განხილული იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად, დაიბეგრა, როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული, კომპანიის სააღრიცხვო ბაზა, იგივე საბუღალტრო პროგრამა „-----------“ წარდგენილი იყო აუდიტისათვის შემოწმების პერიოდში, სადაც ნაღდი ფულის მოძრაობის ბარათზე (საბუღალტრო ანგარიში №---------) ყველა თანხის შემოსვლა და მისი მიზნობრივი გახარჯვა დეტალურად არის აღწერილი. დამატებით, თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილი აქვს აღნიშნული ბარათი. ზემოთაღნიშნული თანხა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა განხილულიყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ვინაიდან და რადგანაც 2019 წლის ბოლოსათვის კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა - 0,5 ლარს, 2020 წლის ბოლოსათვის - 0 ლარს, 2021 წლის ბოლოსათვის - 82,08 ლარს, 30.06.2022 წელს - 82,08 ლარს.

კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლიდან) დამფუძნებლის მხრიდან პერიოდულად ხდებოდა საწესდებო კაპიტალის გაზრდა, კერძოდ: 2019 წლის განმავლობაში ნაღდი ანგარიშსწორებით ფულის შემოტანა კაპიტალის გაზრდის მიზნით განხორციელდა 137 211 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა ამავე პერიოდში გამოყენებულ იქნა სხვადასხვა შესყიდვებისათვის. კერძოდ, 2019 წელში იმპორტით შეძენილი საქონლისათვის დღგ-ის გადახდა, ამავე პერიოდში სხვადასხვა

მომსახურეობის მომწოდებლების დავალიანებების გადახდა, ასევე მოხდა მოძრავი ქონების შეძენა რისთვისაც თანხები გადახდილი იყო მომწოდებლებზე ნაღდი ანგარიშსწორებით.

აღნიშნულ თანხის მოძრაობებს ადასტურებს შესაბამისი ბუღალტრული დოკუმენტები (სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, აგრეთვე ნაღდი ფულის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ ჩეკები, რომელიც შემოწმების პერიოდშიც და ახლაც არსებობს კომპანიის საბუღალტრო არქივში).

2020 წელს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 538 882 ლარით. კაპიტალის გაზრდა მოხდა ნაწილობრივ არაფულადი აქტივით, ღირებულებით 268 792 ლარი, ხოლო ფულადი სახით (ბანკი, სალარო) 270 090 ლარის ოდენობით.

2020 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა გაყიდვები: ექსპორტზე გაყიდვა (სატვირთო ავტომობილის, გაყიდვის მიზეზი - საერთაშორისო გადაზიდვებისთვის არ შეესაბამებოდა სტანდარტებს) სულ ჯამში სარეალიზაციო ფასი 42 050 ლარი (ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა), ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა (18% დასაბეგრი ) – 181 600 ლარი. მოძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 240 325 ლარი. ნაღდი ანგარიშსწორების გზით, დამფუძნებლის გადაწყვეტილებით შემცირებულ იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალი.

2021 წლის განმავლობაში, კოვიდ პანდემიის პირობებში, კომპანიას უწევს გაყიდოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება ადგილობრივ მყიდველებზე. ჯამური შემოსავალი ნაღდი ანგარიშსწორებით შეადგენდა 105 162 ლარს დღგ-ის ჩათვლით. ხოლო საბანკო ანგარიშსწორებით 79 385 ლარი. მოძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების გზით) დამფუძნებლის გადაწყვეტილებით შემცირებულ იქნა საწარმოს საწესდებო კაპიტალი უნაღდო ანგარიშსწორებით 56 000 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით 102 400 ლარი.

რაც შეეხება 2022 წლის ნაღდი ფულის მოძრაობას, კომპანიას შემოსავლის სახით სალაროში ბრუნვა საერთოდ არ უფიქსირდება, ხოლო ბანკში მიღებული თანხა რომელიც ჩარიცხულია კლიენტის მიერ დავალიანების დაფარვის მიზნით და სრულად მიმართულია, კომპანიის ვალდებულებების გასასტუმრებლად, კერძოდ გადახდილია მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და თანამშრომლების წინაშე წარმოქმნილი ვალდებულებები. გადახდის წყაროსთან არსებული გადასახადი დაკავებულია და წარდგენილია შესაბამისი დეკლარაციით.

კომპანიაში, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნაღდი ფულის ნაშთი ფიზიკურად არ გროვდება, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ამგვარად, ითხოვს, მოხდეს აუდიტორის შეფასების გადახედვა, კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით. რაც გულისხმობს დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზნით შენატანების უკან გატანას (იგივე საწესდებო კაპიტალის შემცირება).

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილსა და მე-8 მუხლის მე12 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ უნდა მოხდეს.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით იქნა გადაანგარიშებული ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. საკითხის ამგვარად შეფასებას არ ეთანხმება, რადგან კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია აუდიტორისთვის მიწოდებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც საბუღალტრო პროგრამა „------------“-ის ხსენება ვერ მოხდებოდა.

დოკუმენტაციაში გულისხმობს უშუალოდ შემოწმების პროცესში აუდიტორის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას (ინვოისებს, ხელშეკრულებებს). წარმოდგენილი აქვს იჯარით გაცემული ავტომობილების საიჯარო დარიცხვები, აღნიშნული ფაილით მომზადებული იყო ინვოისები, რომელიც პერიოდულობით ეგზავნებოდა კონტრაქტორ კომპანიას ჩარიცხვების განსახორციელებლად. ზემოთხსენებული ინვოისები აუდიტორისთვის მოთხოვნის საფუძველზე გაგზავნილი იყო და მასათან, მომჩივნის მიერ დღგ-ით დაბეგრილი. გაურკვეველია, აუდიტორის შეფასება საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც შემოსავლების გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით. ავტომობილის იჯარებზე თითოეული თვის მიხედვით არსებობს შესაბამისი აღრიცხვის დოკუმენტები და შესაბამის პერიოდზე არსებობს საბუღალტრო ჩანაწერები.

ასევე, საიჯარო გადახდებთან დაკავშირებით კომპანია სარგებლობდა 1.12.2020 წლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობით შესაბამისი თანხის გადახდის პერიოდში.

რაც შეეხება სატვირთო ავტომობილების რეალიზაციას, რეალიზაციები განხორციელებულია, როგორც კონტრაგენტ ფიზიკურ/იურიდიულ ასევე, არარეზიდენტ პირებთან. გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტები ინახება ბუღალტერიაში (სასაქონლო ზედნადებები, rs.ge-ზე ატვირთული შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ხელშეკრულებები და საექსპორტო გაყიდვებისთვის ინვოისები). ექსპორტის რეჟიმით განხორციელებული გაყიდვები გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით. წარმოდგენილი აქვს ექსპორტით გაყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცხრილი. სასაქონლო ზედნადებით და ხელშეკრულებით გაყიდული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ოპერაციის განხორციელების საანგარიშო თვეში დაბეგრილია და შესაბამისი გადასახადი გადახდილი აქვს.

 

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და პირველადი დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზებს შორის. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა რეზიდენტი საწარმო ორგანიზაციისთვის არის მის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები ან და საინვესტიციო ქონება, აღიარებული აქტივები (1.01.2016 წლიდან), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობები, აგრეთვე მის მიერ გაცემული ქონება. თუ როგორ უნდა მოხდეს ძირითადი საშუალების ბალანსზე აყვანა, ამ საკითხზე საგადასახადო კოდექსი არაფერს მიუთითებს და აღნიშნული საკითხი ფინანსური აღრიცხვაანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით არის განსაზღვრული.

უცნობია, აუდიტორმა რომელი ღირებულებებით გაიანგარიშა ქონების დასაბეგრი ბაზა, სტანდარტით ცვეთის განსაზღვრის მეთოდი კომპანიის პოლიტიკით გაითვალისწინება და შესაბამისად მის მიერ გამოთვლილი ქონების გაანგარიშების ბაზები განსხვავებულია.

გადმოგზავნილ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ ძირითადი საშუალებების აღრიცხვა შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე იყო ასახული. ითხოვს, მისი მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, წარდგენილი დოკუმენტაციის გაანალიზების შედეგად მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება, დარიცხული გადასახადების თანხისა და მასზე დარიცხული სანქციების შემცირების გზით,მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აცხადებს, რომ არ მიეცა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა არც ფორმალური და არც მატერიალური თვალსაზრისით, რაც, ცხადია აყენებს ზიანს და სპობს ნდობას იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომლის მხრიდანაც კანონით დადგენილი უფლებების დაცვა პირდაპირაა დაკავშირებული მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სწორად წარმართვასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 28 087 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №056-56 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 14 698,6 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის, იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოვლენილი დარღვევა თითქმის სრულად გამომდინარეობს არასწორად გაანგარიშებული ფასნამატიდან, რომლის სისწორის დადგენის შემდგომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული გადასახადი უმნიშვნელო იქნება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გათავისუფლებულ იქნას სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა/საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა. 2019, 2020, 2021 წლებში კომპანიის საიჯარო მომსახურების მიმღებ კომპანიას წარმოადგენდა „----------- (ს/კ -----------) ----------- რეგისტრირებული კომპანია. შესამოწმებელ პერიოდში, საზოგადოებას უფიქსირდება სატვირთო ავტომობილების რეალიზაცია. საბუღალტრო პროგრამა ---------- და ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად შემმოწმებლის მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანია უფიქსირდება ფულის ნაშთი 2020 წლის ბოლოს 15 795 ლარი, 2021 წლის ბოლოს 80 435 ლარის, ხოლო 30.06.2022 წელს 30 338 ლარის ოდენობით. მომჩივნის განმარტებით, საწარმოში ნაღდი ფულის რაოდენობა 1.07.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 82,02 ლარს.

ასევე დადგენილია, რომ შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, სხვაობა ასევე გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9768 ბრძანება და სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს სატვირთო ავტომობილები.შემმოწმებლების მიერ მოხდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება ფულის ნაშთი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.გადამოწმდა, გადასახადის გადამხდელის ბალანსზე აღრიცხული სატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთები, რომელ თვეშიც ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი, იმ თვეში დაანგარიშდა იჯარა, აგრეთვე გაანგარიშდა სატვირთო ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები, რომელზედაც გადამხდელს არ აქვს მასზე მინიჭებული შესაბამისი კვალიფიკაცია, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, აღნიშნული განაცემები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზებს შორის. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს-ს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3):73(5);161(1ა);159(1ა);101(1);154(1ა);;201(1ა);