გადაწყვეტილება №23013/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23013/2/2024
03 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 3.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23013/2/2024).
დავის საგანი:
1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები;
2. სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
3. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.02.2024 წლის №127-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.04.2024 წლის №8829 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 472 075,05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი -195 272
დღგ - 72 334
მოგების გადასახადი - 123
საშემოსავლო გადასახადი - 135 257
ქონების გადასახადი - (-12 442)
ჯარიმა - 244 189
საურავი - 32 614,05
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №33801 ბრძანებით ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 28.12.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 20.02.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.02.2024 წლის №3905 ბრძანება და №127-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.04.2024 წლის №8829 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმება დანიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილებით, აღნიშნული დადგენილების, აგრეთვე სხვადასხვა მოწმეების (მ.შ. საწარმოს დირექტორის) გამოკითხვის მასალებით დასტურდება, რომ შპს „---ს“ შპს „---გან“ მიღებული აქვს უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა-----, რომელთა საფუძველზე უკანონოდ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა სულ 70 262.54 ლარის ოდენობით. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა შემოწმების მიერ დაექვემდებარება გაუქმებას. საწარმოს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე, 178-ე, 280-ე, 43-ე მუხლზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილი გარემოება, ფაქტურების უსაქონლო/ფიქტიურად ჩათვლის შესახებ, დღეის მდგომაროებით დანაშაული დამტკიცებულია. კომპანიის ხელმძღვანელი აღიარებს დანაშაულს, თუმცა ბრალის ნაწილში დაფიქსირებული ბიუჯეტის ზიანი (დღგ) უკვე ანაზღაურებულია. (წარმოადგინა განრიდების გადაწყვეტილება და ზიანის გადახდის დოკუმენტი). ასევე, ფორმა N2 ში მითითებული სამუშაოები შესრულებულია კომპანიის საკუთარი ძალებით და ამბობს, რომ აღნიშნულ თანხებზე არ უნდა დაირიცხოს სრულად საშემოსავლო გადასახადი, არამედ უნდა იქნეს გავრცელებული 25/75%-ის ხარჯად ჩათვლის მიდგომა. ასევე სურს მიეცეს შესაძლებლობა აღნიშნული თანხებით შემცირდეს საწესდებო კაპიტალი და მათივე ინვესტირებული ფული არ დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, სამართალდამცავების მიერ შპს ---ის დირექტორის მიმართ არსებული ბრალდების (განრიდების) დოკუმენტში არაფერია ნათქვამი აქტში მითითებულ გადარიცხვებზე. ბიუჯეტის ზიანად ჩათვლილია მხოლოდ დღგ-ის ნაწილი 70 262 ლარი, რაც უკვე გადახდილია. ითხოვს, გადახდის დოკუმენტი ჩაითვალოს დარიცხული დღგ-ის დაფარვის დოკუმენტად და გათავისუფლდეს ამ საკითხზე აქტით დარიცხული თანხისგან/ ჯარიმისაგან. ამასთან, როგორც დამწყები ბიზნესი სურს გათავისუფლდეს კეთილსინდისიერების საფუძვლით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა). საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
სადავო საქმეზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №46392-21-14 წერილი საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმება დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 29.12.2023წ №21064/15-04-10 წერილით რევიზიის დანიშვნის დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების, აგრეთვე სხვადასხვა მოწმეების (მ.შ. საწარმოს დირექტორის) გამოკითხვის მასალებით დადასტურდა, რომ შპს “---”-ს შპს “---”-საგან (ს/ნ ----) მიღებული ჰქონდა უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა----, რომელთა საფუძველზე უკანონოდ იყო მიღებული ჩათვლა, სულ 70262.54 ლარის ოდენობით. აღნიშნული ანგარიშფაქტურებით მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. ამასთან, მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 280-ე (გადასახადის უკანონო ჩათვლა) და 275-ე მუხლების (დეკლარაციებში გადასახადის შემცირება) შესაბამისად. დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ოპერაციების ფიქტიურ ხასიათს ადასტურებდა შპს “---”-ს დირექტორი --- (პ/ნ ---) თავის გამოკითხვის ოქმში, სადაც დეტალურად აღწერდა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, მ.შ. საკუთარ მოტივაციას (ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შექმნა). ამჟამინდელ საჩივართან ერთად გადამხდელმა წარმოადგინა დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მ.შ. განრიდების შეთავაზების ოქმი ქონებრივი ზიანის (70 262 ლარი) დაანგარიშებით და ზიანის ანაზღაურების საგადასახადო დავალებით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/
დარიცხვის საფუძვლები კომპანიის საქმიანობაა სასტუმროს მომსახურება. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდამდე (2023 წლის აპრილი) გადამხდელი ახორციელებდა სასტუმროს მშენებლობას, რისთვისაც სხვადასხვა პირებისაგან ახდენდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შეძენას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, საწარმოს დირექტორის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გაირკვა, რომ შპს „---მა“ შპს „---საგან“ მიიღო უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. გამოკითხვაში, საწარმოს დირექტორი ამ დოკუმენტების სიყალბის გარდა ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესრულება მოხდა მშენებლობაზე დასაქმებული სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ, რაზეც მის მიერ გაიცა 500 000 ლარამდე ანაზღაურება. აღნიშნულ საგადასახადო პერიოდებში საწარმოს დეკლარირებული სახელფასო ან არარეგისტრირებულ პირებზე განაცემები თითქმის არ უფიქსირდება. არსებული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ზემოაღნიშნული განაცემები ჩაითვალა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ დააკმაყოფილა.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველ დავის საგანზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
დადგენილია, რომ შპს “---”-ს დირექტორი ---- (პ/ნ ---) თავის გამოკითხვის ოქმში ასევე აღწერს, თუ რატომ დასჭირდა უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღება. კერძოდ, განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობისას იყენებდა მუშახელის შრომას, რომელთა ნაწილს არ სურდა მათზე გაცემული ანაზღაურების დაფიქსირება და ყალბი დოკუმენტაციის გაფორმებამდე მის მიერ დოკუმენტების გარეშე გაცემული ხელფასების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 500 000 ლარამდე.
მეორე მხრივ, სასტუმროს მშენებლობაზე შესაბამისი მოცულობის ფაქტიური ხარჯების გაწევა დადასტურებულია, მ.შ. უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის რეალურობის დასადასტურებლად შექმნილი ხელშეკრულებებით და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვებით. ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული სახელფასო ან არარეგისტრირებულ პირებზე განაცემები თითქმის არ უფიქსირდება, ზემოაღნიშნული ფაქტიური განაცემები ჩაითვალა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ანაზღაურებად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების, მათ შორის, შპს „---ს“ დირექტორის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ შპს „---ს“ შპს „---აგან“ მიღებული აქვს უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე მიღებული აქვს უკანონო ჩათვლა სულ 70262.54 ლარის ოდენობით. აღნიშნულის სანაცვლოდ საწარმოს დირექტორმა ყალბი დოკუმენტების ფაქტიურ გამომწერს ფ/პ ----ს რამდენიმე გადახდად პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა სულ 40 205 ლარი.
შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემები დაექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს, რომ საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „--- აგან“ უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის სანაცვლოდ შპს „---ის“ დირექტორმა ყალბი დოკუმენტების ფაქტიურ გამომწერს ფ/პ ---ს რამდენიმე გადახდად პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა სულ 40 205 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემები დაექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ზემოაღნიშნული თანხის ფიზიკურ პირზე გაცემულ მომსახურების ანაზღაურებად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველ დავის საგანზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №46392-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ შპს “---”-ს დირექტორის ---ს (პ/ნ ---) გამოკითხვის მასალების თანახმად, უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერის სანაცვლოდ შეუთანხმდა და გადაუხადა კიდეც ყალბი დოკუმენტების ფაქტიურ გამომწერს, ფ/პ ---ს (პ/ნ ---) შეთანხმებული თანხა. აღნიშნული თანხის (სულ 40 205 ლარის) ეტაპობრივად გადარიცხა ფ/პ --- ის პირად საბანკო ანგარიშზე დასტურდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული შესაბამისი ამონაწერებით საბანკო ანგარიშიდან.
შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემები დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა ყალბი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლის გაუქმებასთან ერთად საწარმოს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 280-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველ დავის საგანზე. დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები;
2. სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
3. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილებით, აგრეთვე სხვადასხვა მოწმეების (მ.შ. საწარმოს დირექტორის) გამოკითხვის მასალებით დასტურდება, საწარმოს მიღებული აქვს უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე უკანონოდ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა სულ 70 262.54 ლარის ოდენობით. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა შემოწმების მიერ დაექვემდებარება გაუქმებას. საწარმოს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე.
საწარმოს დირექტორი ამ დოკუმენტების სიყალბის გარდა ასევე ადასტურებს, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესრულება მოხდა მშენებლობაზე დასაქმებული სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ, რაზეც მის მიერ გაიცა 500 000 ლარამდე ანაზღაურება. ზემოაღნიშნული განაცემები ჩაითვალა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ანაზღაურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საწარმოს დირექტორმა ყალბი დოკუმენტების ფაქტიურ გამომწერ ფიზიკურ პირს რამდენიმე გადახდად პირად საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა სულ 40 205 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემები დაექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 178; 280; 73 (4,9); 154; 269 (7).