ბრძანება N 41671
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 41671
29/11/2019
ფ.პ ----------
(მის: -------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარი თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ.პ ----- N213357/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 5 ოქტომბრის N006-859 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N81).
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს შეიძინა უძრავი სადაჩე ქონება, მდებარე ----- რომელზეც განთავსებული იყო შენობა ნაგებობა. მისი განმარტებით ამ ქონების კომერციული თვალსაზრისით გამოყენება არასდროს არ მომხდარა და არც იჯარით გაუცია. აღნიშნული ქონება 2018 წელს მიყიდულ იქნა შპს ,,-----“-ზე და შემოსავლების სამსახურთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მომჩივანი დადგა ,,დღგ“-ის გადამხდელად და გადაიხადა დამატებული ღირებულების გადასახადი, ხოლო ამ აქტივის რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი დაბეგრა საშემოსავლო გადასახადითაც (20%-ით), თუმცა მიაჩნდა, რომ უნდა გადაეხადა საშემოსავლოს სახით მხოლოდ 5%. ამის შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა დააზუსტა დეკლარაცია და თავისი შეხედულებისამებრ 5%-ით დაბეგვრა მოახდინა აღნიშნული ოპერაციის. მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა არამართებულია და ითხოვს, როგორც გადასახადის, ასევე სანქციის გაუქმებას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 26 აგვისტოს N29921 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ.პ ----- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 1 ოქტომბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება N34560 და 8 ოქტომბრის N006-859 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 20997,24 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13973 ლარი, ჯარიმა 6987 ლარი, საურავი 37,24 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ:
,,გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 10 დეკემბერს რეალიზებული აქვს 2017 წლის 24 ოქტომბერს შეძენილი ქონება. აღნიშნული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა 5 პროცენტიანი განაკვეთით სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პირს თავდაპირველად წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში აღნიშნული რეალიზაციით მიღებული ნამეტი დაბეგრილი ქონდა 20%იანი განაკვეთით და აღნიშნული განაკვეთის ფარგლებში გამოანგარიშებული საგადასახადო ვალდებულება სრულად აქვს ბიუჯეტში გადახდილი. შესაბამისად, დეკლარაციის დაზუსტების შემდგომ პირს წარმოექმნა ზედმეტობა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
"შემოწმების მიმდინარეობისას, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა მონიტორნიგის დეპარტამენტს, რათა განხორციელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის, შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული დათვალიერების პროცედურა. 2019 წლის 27 აგვისტოს N29966 ბრძანების საფუძველზე სსიპ-შემოსავლების სამსახურის მონიტორნიგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ----- საკადასტრო კოდზე მდებარე შენობა ნაგებობის დათვალიერება, ასევე მოხდა ახსნა-განმარტების ჩამორთმევა აღნიშნული ქონების ამჟამინდელი მფლობელისაგან. მონიტორნიგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი წერილით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შენობა არ იმყოფებოდა დასრულებულ კონდიციაში, არ იყო მოჭიმული იატაკი, კედლები, მხოლოდ გარედან იყო გალესილი ქვიშით. არ იყო გაყვანილი კომუნიკაციები, შენობას არ გააჩნდა სველი წერტილები.
შემოწმებამ, აღნიშნული ახნსა-განმარტების საფუძველზე მესამე პირებისაგან გამოითხოვა ინფორმაცია. სს -------- გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება რომ 2017-2018 წლებში აღნიშნულ მისამართზე აბონენტი რეგისტრირებული არ ყოფილა და არ ხდებოდა ელექტრო ენერგიის მიწოდება.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მონაცემებით არ დასტურდება, რომ ზემოხსენებული ფართი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, შესაბამისად პირს უნდა მოეხდინა აღნიშნული ფართის დაბეგვრა სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. პირს დამატებით დაერიცხება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ხოლო, სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნტქის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: 1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით: 3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა მონიტორნიგის დეპარტამენტს, რათა განხორციელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის, შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული დათვალიერების პროცედურა.
2019 წლის 27 აგვისტოს N29966 ბრძანების საფუძველზე სსიპ-შემოსავლების სამსახურის მონიტორნიგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ----- საკადასტრო კოდზე მდებარე შენობა-ნაგებობის დათვალიერება, ასევე მოხდა ახსნა-განმარტების ჩამორთმევა აღნიშნული ქონების ამჟამინდელი მფლობელისაგან. მონიტორნიგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი წერილით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შენობა არ იმყოფებოდა დასრულებულ კონდიციაში, არ იყო მოჭიმული იატაკი, კედლები, მხოლოდ გარედან იყო გალესილი ქვიშით. არ იყო გაყვანილი კომუნიკაციები, შენობას არ გააჩნდა სველი წერტილები. ამასთან, შემოწმებამ, აღნიშნული ახნსა-განმარტების საფუძველზე მესამე პირებისაგან გამოითხოვა ინფორმაცია. სს ------ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება რომ 2017-2018 წლებში აღნიშნულ მისამართზე აბონენტი რეგისტრირებული არ ყოფილა და არ ხდებოდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. შესაბამისად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ ზემოხსენებული ფართი არ წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, შესაბამისად პირს უნდა მოეხდინა აღნიშნული ფართის დაბეგვრა სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და გადასახადის გამხდელის მიმართ განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია.
რაც შეეხება ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 275-ე მუხლზე, რომლის თანახმად საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება პირველი და მეორე ნაწილების თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას კერძოდ:
1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად “პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.”
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად:
1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ხოლო, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამასთან, მოქმედი სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად ადახდილი გადასახადების ჯამს შორის.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩაიდიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება არ დგინდება, შესაბამისად პირი არ მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. ამდენად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის ჯარიმისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ.პ ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრის განაკვეთს და შემოწმების აქტით განხორციელებულ დარიცხვას. ითხოვს გადასახადის და სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ გადამხდელმა უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგრა 5 პროცენტიანი განაკვეთით სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. თავდაპირველად აღნიშნული რეალიზაციით მიღებული ნამეტი დაბეგრილი ქონდა 20%-იანი განაკვეთით და გადახდილი ბიუჯეტში. დეკლარაციის დაზუსტების შემდგომ პირს წარმოექმნა ზედმეტობა პირადი აღრიცხვის ბარათზე.
შენობა-ნაგებობის დათვალიერებით დგინდება, რომ შენობა არ იმყოფებოდა დასრულებულ კონდიციაში, არ გააჩნდა სველი წერტილები. 2017-2018 წლებში არ ხდებოდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ზემოხსენებული ფართი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, შესაბამისად პირს ნამეტის დაბეგვრა უნდა მოეხდინა სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. პირს დამატებით დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს რომ პირს უნდა მოეხდინა ნამეტის დაბეგვრა სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამხდელის მიმართ განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის ჯარიმისაგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9,,ბ“); 81; 100; 275(2)