ქონების გადასახადის მიზნებისთვის მეუღლეთა შემოსავლის გაანგარიშება N1432
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ქონების გადასახადის მიზნებისთვის მეუღლეთა შემოსავლის გაანგარიშება N1432
ფაქტობრივი გარემოებები
- ფიზიკური პირები ქეთევანი და კოტე დაქორწინდნენ 2020 წლის პირველ ოქტომბერს. ქეთევანის მიერ კალენდარული წლის დასაწყისიდან დაქორწინებამდე მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 20 000 ლარი, ხოლო კოტეს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 20 000 ლარი.
- 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან(დაქორწინებიდან) კალენდარული წლის ბოლომდე ქეთევანმა მიიღო 5 000 ლარი, კოტემ მიიღო 10 000 ლარი. მეუღლეთა შემოსავალმა (ოჯახის მიერ მიღებულმა შემოსავალმა) შეადგინა 15 000 ლარი.
- ფიზიკურ პირებს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია ქონების გადასახადის დეკლარაცია.
შეფასება
საგადასახდო კოდექსის:
- 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ა" ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
- 205-ე მუხლის მე-12 ნაწილით ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით;
- 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
. ქონების გადასახადის მიზნებისათვის ფიზიკური პირის შემოსავლი გაანგარიშებულ უნდა იქნეს კალენდარული წლის დასაწყისიდან ქორწინების თარიღამდე პირის მიერ (ინდივიდუალურად) მიღებული შემოსავლის და ქორწინების შემდგომ კალენდარული წლის ბოლომდე მეუღლეთა (ოჯახის) შემოსავლის ჯამური თანხით. მოცემულ შემთხვევაში, ამ წესით დათვლილმა შემოსავალმა ქეთევანის და კოტეს შემთხვევაში არ გადააჭარბა სსკ-ით დადგენილ ზღვარს (40 000 ლარს) და შეადგინა 35 000 ლარი (20 000+5 000+10 000), შესაბამისად მათ არ წარმოეშობათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება.
ღონისძიებები
პირების ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება.