გადაწყვეტილება №19993/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 19993/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19993/2/2023

26 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ს 17.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19993/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22009 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №001-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11797 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 53 826 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 26 971

დღგ - 18 545

საშემოსავლო გადასახადი - 8 426

ჯარიმა - 12 842

საურავი - 14 013

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა ავეჯის ნაწილების/ფურნიტურის შეძენა/რეალიზაცია და ავეჯის წარმოება/რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.11.2018 წლიდან 1.10.2019 წლამდე პერიოდის, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 19.07.2019 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.02.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად. არ იდენტიფიცირდება საცალოდ რეალიზებული საქონელი. ვერ ხდება რეალიზაციის შესყიდულ საქონელთან ზუსტი იდენტიფიცირება. შეუძლებელია კონკრეტული ავეჯის ნაკეთობის დასამზადებლად/საწარმოებლად გახარჯული მასალის სახეობრივი და რაოდენობრივი იდენტიფიცირება. (საწარმომ არ წარადგინა დაბეგვრასთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელი 11.06.2020 წელს დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გადამხდელის შემოსავლები და დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა შემმოწმებლის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით. კერძოდ, რეალიზაციას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი/საბოლოო ნაშთების, განხორციელებული შეძენების და ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემების გათვალისწინებით, კომპანიაში ჩატარებული წინა შემოწმების შედეგებით), ერთმანეთისგან გაიმიჯნა წარმოების და ვაჭრობის (ავეჯის ნაწილები) სფეროს ხვედრითი წილები და გავრცელდა შესაბამისი ფასნამატები (ავეჯის ნაწილები/ფურნიტურის რეალიზაციაზე ფასნამატი 32%, წარმოებული ავეჯის რეალიზაციაზე კი გამოყენებულია ფასნამატი 25%). შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დადეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ არ იქნა მიწოდებული ფულადი სახსრების მოძრაობის გაშიფვრა (წარდგენილია მხოლოდ სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთების შესახებ ინფორმაცია საწყის/საბოლოო პერიოდებზე). სალაროს მოძრაობა გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, არსებული პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის ინფორმაციის გათვალისწინებით დათვლილია საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს საბოლოო ნაშთის დასადგენად მიღებული შემოსავლისთვის გამოკლებულია დოკუმენტურად გაწეული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები (გათვალისწინებულია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ არსებული ინფორმაცია, რომლებიც მიწოდებული იქნა შპს „------ - ს“ სავაჭრო პარტნიორების მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით). შედეგად, გამოვლინდა 33 705 ლარის ოდენობით სხვაობა შემოწმებით დადგენილ სალაროში არსებულ ფულადი სახსრების ნაშთსა (57 050 ლარი) და საწარმოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დაფიქსირებულ ფულადი სახსრების ნაშთს (23 345 ლარი) შორის.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2019 წლის სექტემბერი) დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა დაქირავებულ პირზე (დირექტორი) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 22.03.2021 წლის №8009 ბრძანება და ამავე თარიღის №001-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 7.04.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22009 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- მე-2 სადავო საკითხთან (სალაროს მოძრაობის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად დადგენილი სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22009 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 2.02.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელთან 4.10.2021 წელს გაფორმდა №ა2859-21 საგადასახადო შეთანხმება, რის საფუძველზეც დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №1928 ბრძანება და ამავე თარიღის №001-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 6.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.05.2023 წლის №11797 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 31.08.2021 წლის №1534 განკარგულების საფუძველზე, კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის 4.10.2021 წელს გაფორმდა №ა2859-21 საგადასახადო შეთანხმება. შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ, შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება დაუშვებელია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გასაჩივრებული თანხები შესწავლა/კორექტირებას არ დაექვემდებარა.

საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ 30.12.2021 წელს წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს (წერილი №"------" ) და ითხოვა შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის 1 აპრილამდე გადაწევა. დღემდე აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი არ მიუღია. საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელთან გაფორმდა არაღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, რომელიც წარმოშობილი იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2019 წლის №001-137 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე. რომლითაც კომპანიას დაერიცხა 451 641.1 ლარი. საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2020 წლის №001-164 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიას დაეკისრა 478 834,12 ლარი, ხოლო შემდგომი გასაჩივრების საფუძველზე, გამოიცა 4.05.2022 წლის №001-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და დაერიცხა 516 458,67 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 9.02.2022 წლის №2987 ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა გადამხდელსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 4.10.2021 წლის №ა2859-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი და კომპანიას სხვა ჯარიმებში დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%, სულ - 12 839,50 ლარი.

მომჩივანი თვლის, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №001- 11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ამ სახით (გადაანგარიშების გარეშე) გამოცემის საფუძველი არ არსებობს, რადგან საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები ანუ მხარეები უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას.

ხაზგასასმელია, რომ საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა საქართველოს მთავრობის 31.08.2021 წლის №1534 განკარგულების საფუძველზე. 30.12.2021 წელს გადასახადის გადამხდელმა მიმართა საქართველოს მთავრობას, შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, ვადის გადაწევის თხოვნით 1 აპრილამდე. დღემდე, პასუხი არ მიუღია. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის თხოვნაზე, ვადის გაგრძელების თაობაზე უნდა არსებობდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიმართ არ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება.

ცალკე აღსანიშნია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომ აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებად ჩაითვალოს აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2021 წლის №001-50 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები, რადგან საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22009 ბრძანების აღსრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-9 ნაწილის თანახმად:

8. საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა.

9. საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22009 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.

შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელთან 4.10.2021 წელს გაფორმდა №ა2859-21 საგადასახადო შეთანხმება, რის საფუძველზეც დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №001- 11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ამ სახით (გადაანგარიშების გარეშე) გამოცემის საფუძველი არ არსებობს, რადგან საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები ანუ მხარეები უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში განმარტებულია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ, შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება დაუშვებელია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გასაჩივრებული თანხები შესწავლა/კორექტირებას არ დაექვემდებარა.

დადგენილია და სადავო არ არის რომ შემოსავლების სამსახურსა და შპს "------'-ს შორის 4.10.2021 წელს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 17.05.2021 წლის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განესაზღვრა 128 395 ლარი.

ასევე დადგენილია და სადავო არ არის, რომ საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 1.11.2018 წლიდან 1.10.2019 წლამდე პერიოდს, რაზეც შედგენილია, 26.02.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემულია 22.03.2021 წლის №8009 ბრძანება და ამავე თარიღის №001-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 7.04.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია 7.07.2021 წლის №22009 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

საბჭო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 9.02.2022 წლის №2987 ბრძანებით შპს "-------" -ს მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალა შპს "-------"-სა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 4.10.2021 წლის №ა2859-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი, აღნიშნული საგადასახადო შეთანხმებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა განისაზღვრა 17.05.2021 წლის მდგომარეობით. შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმებით მოცულ პერიოდში გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2021 წლის №001-50 (საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს საგადასახადო ორგანოს და შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ აუდიტის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება და მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ ექვემდებარება გათვალისწინებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22009 ბრძანების აღსრულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად. არ იდენტიფიცირდება საცალოდ რეალიზებული საქონელი. ვერ ხდება რეალიზაციის შესყიდულ საქონელთან ზუსტი იდენტიფიცირება.

გადამხდელი 11.06.2020 წელს დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე დაჯარიმებულია.

შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დადეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.

გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ სალაროში არსებულ ფულადი სახსრების ნაშთსა და საწარმოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დაფიქსირებულ ფულადი სახსრების ნაშთს შორის.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა დაქირავებულ პირზე (დირექტორი) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა წყაროსთან.შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22009 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს იზიარებს საგადასახადო ორგანოს და შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ აუდიტის დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა აღნიშნული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება და მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ ექვემდებარება გათვალისწინებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

293(8,9)