ბრძანება N 4806

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.03.2023
№ დოკუმენტი 4806
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4806

14.03.2023

ბრძანება

ი/მ ---------- (ს/ნ ---------- )

(მის.: ---------- )

2022 წლის 16 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 16 ნოემბრის №76559/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №060-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლებას. განმარტავს, რომ აუდიტორს მიაწოდა საბუღალტრო პროგრამაში სრულყოფილად აღრიცხული და იდენტიფიცირებული მარაგები და ამ მარაგების შესყიდვის სრული დოკუმენტაცია.

2. გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება. განმარტავს, რომ უჭირს ქართულად წერაკითხვა და მეტყველება. აღნიშნულის გათვალისწინებით აცხადებს, რომ სრულყოფილად ვერ ითანამშრომლა ინვენტარიზაციის პროცესში. არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭებამდე წარდგენილ ბოლო დეკლარაციაში დეკლარირებულ მარაგების და შესყიდვების დაჯამებას ინვენტარიზაციის დღემდე (ისე, რომ ამ პერიოდში დეკლარირებული რეალიზაციის თვითღირებულებაც კი არ გამოაკლეს მარაგებს), რაც სრულად ჩაუთვალეს დანაკლისში, ამასთან ერთად ინვენტარიზაციით აღწერილი სასაქონლო მარაგები - სრულად აღურიცხველად.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №11199 და 10 მაისის №11715 ბრძანებების საფუძველზე ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 13 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 10 ოქტომბრის №25803 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 11 ოქტომბრის №060-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 48 644 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 27 131 ლარი, ჯარიმა 11 308 ლარი და საურავი 10 205 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. 2019 წლის 27 მარტის №7729 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზევ 2019 წლის 24 მაისს გამოვლინდა 159 211 ლარის სმფ-ების დანაკლისი (საბაზრო ფასით). შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის მაისის თვე. ი/მ ---------- იმ პერიოდში, როდესაც არ იყო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული, შეძენილ საქონელზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც ითხოვა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინება. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით შემცირებულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა

2. გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის მიმართ 2019 წლის 27 მარტის №7729 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად 2019 წლის 24 მაისს გამოვლენილი 159 211 ლარის დანაკლისი (საბაზრო ფასით) გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის და მცირე ბიზნესის ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. თავად გადასახადის გადამხდელი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 10 თებერვალს, თუმცა დანაკლისის გათვალისწინებით მას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია დაუდგინდა 2019 წლის 24 მაისს. შესამოწმებელ პერიოდში ი/მ ---------- არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახდენს 37% ფასნამატით, რომელიც ედრება როგორც აუდირებულ, ასევე 2019 წელს მის მიმართ ჩატარებული ინვენტარიზაციისას დაფიქსირებულ ფასნამატს. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის მაისის თვე. აღნიშნულის შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონელი დაბეგრილ იქნა დღგ-ით. შედეგად, კორექტირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის, ასევე მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2019 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი -----, კერძოდ -----, ფლობს მიწებსა და ასევე უძრავ და მოძრავ ქონებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე 203-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ასევე უძრავ ქონებაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

დამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებზე მიეცეს დღგ-ის ჩათვლის უფლება ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება: ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად; ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადამხდელის პოზიციასთან, კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგებთან (სმფ-ების დანაკლისთან) მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2019 წლის 27 მარტის №7729 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგები გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 4 მარტის №6405 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 24 მაისის №CB992461 ოქმთან დაკავშირებით (დანაკლისის ნაწილში) არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 12 ივნისის №10258/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადამხდელს დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა. დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 1 სექტემბრის №25877 ბრძანებით სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგები დარჩა უცვლელი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შესაბამისად, დანაკლისის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დაბეგვრა მართლზომიერია.ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----------(ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლებას.

2. გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგები გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 4 მარტის №6405 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 24 მაისის №CB992461 ოქმთან დაკავშირებით (დანაკლისის ნაწილში) არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 12 ივნისის №10258/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადამხდელს დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა. დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 1 სექტემბრის №25877 ბრძანებით სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგები დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. შესაბამისად, დანაკლისის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დაბეგვრა მართლზომიერია.ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 157; 159; 160; 275;