ბრძანება N 19983

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2019
№ დოკუმენტი 19983
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 19983

19/06/2019

სს -----

(მის: ქ. ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 04 აპრილს, 16 მაისს და 06 ივნისს გამართულ დავების განხილვის საბჭოს სხდომებზე (ოქმი N20, N31 და N37) განიხილა სს ----- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N094-328 „საგადასახადო მოთხოვნის“ თაობაზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

არ ეთანხმება ქონების გადასახადში დამატებით განხორციელებულ დარიცხვას და აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც სსკ-ის 201-ე მუხლში მითითებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს დაემატა საინვესტიციო ქონება, ამოქმედდა 2016 წლის 01 იანვრიდან, შესაბამისად, 2015 წლის პერიოდზე საინვესტიციო ქონების დაბეგვრა შემმოწმებლის მიერ არასწორია. მომჩივანი დასაკუთრებული და იჯარით გაუცემელი ქონების საინვესტიციო ქონებად განხილვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქონების დასაკუთრება არის გაწეული დანახარჯების ამოღების გზა და დასაკუთრებული ქონება არ გამოიყენება ეკონომიკურ საქმიანობაში, გამიზნულია გასაყიდად და ბანკის მიერ აღირიცხება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობად და არ წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვის კორექტირებას.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოზე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 28 სექტემბრის N27503 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N39721 ბრძანება და 2018 წლის 31 დეკემბრის N094-328 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 130181,08 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 86159 ლარი, ჯარიმა 43979 ლარი, საურავი 43,08 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ:

სს ----- გირაოში დარჩენილი უძრავი ქონებიდან საინვესტიციო ქონებად აკლასიფიცირებს და შესაბამისად ქონების გადასახადით ბეგრავს აღნიშნული ქონების იმ ნაწილს, რომელსაც გასცემს იჯარით (იჯარის დაწყების მომენტიდან), ხოლო გირაოში დარჩენილი უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილი, რომელთა გასხვისებაც დაგეგმილია მომავალში, ფინანსურად კლასიფიცირებულია სხვა აქტივებად და ბანკის მიერ მისი ღირებულება არ არის გათვალისწინებული ქონებით დასაბეგრ ბაზაში. აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია ძირითადად ხდება მოგებით.

ბასს 40 „საინვესტიციო ქონება“-ის თანახმად საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა:

ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის;

ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში.

აქედან გამომდინარე დასაკუთრებულ ქონებას, რომელიც განკუთვნილია მომავალში გაზრდილი ღირებულებით გასაყიდად საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში, გამოდის, რომ საწარმო ფლობს კაპიტალის ღირებულების ზრდის მიზნით და შესაბამისად აკმაყოფილებს საინვესტიციო ქონების განმარტებას.

გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო გირაოში დასაკუთრებული ქონების იმ ნაწილს, რომელსაც არ გასცემს იჯარით, ასხვისებს მომავალში ძირითადად გაზრდილი ღირებულებით (რაც დასტურდება ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებული მუხლებით (შემოსავალი/ზარალი გირაოში დასაკუთრებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან)), აღნიშნული ნაწილი მიჩნეული უნდა იქნას ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების ზრდის მიზნით და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს საინვესტიციო ქონებად აღიარებას და სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე) ჩაირთოს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ქონების საშუალო ნარჩენი საბალანსო ღირებულება არის 4 223 852 ლარი.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა: ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. საინვესტიციო ქონება აქტივად უნდა აღიარდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც: ა) მოსალოდნელია, რომ საწარმო მიიღებს ამ ქონებასთან დაკავშირებულ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს; ბ) შესაძლებელია საინვესტიციო ქონების თვითღირებულების საიმედოდ შეფასება.

შემოსავლების სამსახური გადამხდელის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საინვესტიციო ქონება 2015 წელს არ წარმოადგენდა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, მიუთითებს ანალოგიურ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე N3ბ/2024-17), რომლის მიხედვით: „სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტთა განმარტებას მასზედ, რომ აქტივი, მიუხედავად იმისა, არის საინვესტიციო თუ არა, იბეგრება ქონების გადასახადით. საინვესტიციო ქონება შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში მიეკუთვნებოდეს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ აქტივებს, თუმცა როგორც წესი საინვესტიციო ქონების დანიშნულება არის შემოსავლის/მოგების მიღება და შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობა, ამდენად, ასეთი ქონება უდავოდ განეკუთვნება ქონებით დასაბეგრ ობიექტს. საგადასახადო კანონმდებლობაში 2015 წლის 18 დეკემბრის N4680 კანონის საფუძველზე განხორციელებულ ცვლილებამდე კანონი სიტყვა-სიტყვით არ ითვალისწინებდა ქონებით დასაბეგრ ბაზაში „საინვესტიციო ქონებას“, თუმცა კანონმდებლობა იძლეოდა აღნიშნულის განჭვრეტის შესაძლებლობას. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივი იბეგრებოდა ქონების გადასახადით. განხორციელებული ცვლილებით, კოდექსში კანონმდებლის ნება ნათლად აისახა - სიტყვა-სიტყვით მიეთითა, რომ ქონებით დასაბეგრ ბაზაში მოიაზრება, ასევე საინვესტიციო ქონება. ამასთან, აღნიშნული ცვლილების განმარტებით, ბარათში განხორციელებული მითითება - „ზუსტდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი მოიცავს საინვესტიციო ქონებასაც“ სწორედაც რომ მიუთითებს მასზედ, რომ დასაბეგრი ქონება მოიცავს საინვესტიციო ქონებასაც, იგი არ წარმოადგენს ახალ რეგულაციას, არ აფართოვებს ქონებით დასაბეგრ ბაზას, არამედ ახდენს უკვე არსებულის ნათლად გამოხატვას, რათა იგი მეტად ასახავდეს კანონმდებლის ნებას. შესაბამისად, ცვლილების განხორციელება მიზნად ისახავს, საკანონმდებლო ჩანაწერის დახვეწას და არა ახალ რეგულაციას.“

ყოველივე ზემოაღნიშნულის, დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განხორციელდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა და გადამხდელის მოთხოვნა ქონების გადასახადის დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს 2019 წლის 29 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში დამატებით განხორციელებულ დარიცხვას და ითხოვს ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელი გირაოში დარჩენილი უძრავი ქონებიდან საინვესტიციო ქონებად აკლასიფიცირებს და ქონების გადასახადით ბეგრავს აღნიშნული ქონების იმ ნაწილს, რომელსაც გასცემს იჯარით, ხოლო გირაოში დარჩენილი უძრავი ქონების ნაწილი, რომელთა გასხვისებაც დაგეგმილია მომავალში, ფინანსურად კლასიფიცირებულია სხვა აქტივებად და ბანკის მიერ მისი ღირებულება არ არის გათვალისწინებული ქონებით დასაბეგრ ბაზაში. შემომებით ქონების ის ნაწილი, რომელსაც გადამხდელი ასხვისებს მომავალში ძირითადად გაზრდილი ღირებულებით, მიჩნეული იქნა ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების ზრდის მიზნით, დაექვემდებარა საინვესტიციო ქონებად აღიარებას და სსკ-ის 201 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩაირთო ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბასს-ის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განხორციელდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა, გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა“)

ბასს 40