ბრძანება N 10996

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10996
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10996

17.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 4 და 6 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 4 აპრილის №80169/1/2023 და 6 აპრილის №80213/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-685 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სალაროს შემოსავლების ორდერები 2017-2018 წლების, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წლის და შემდგომ პერიოდებში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ბინებზე თანხების ნაწილი მყიდველების მიერ გადახდილია 2017-2018 წლებში. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის ორდერებში ხდება იდენტიფიცირება გამყიდველის და მყიდველის, ასევე მითითებულია მიწის საკადასტრო კოდი, მისამართი და ბინის ნომერი, შესაბამისად შემმოწმებელი ვალდებული იყო დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში არ შეეყვანა 2017-2018 წლებში გადახდილი ბინის ღირებულების თანხები. აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის გამო ფაქტობრივად ვერ მოხდა ყველა დოკუმენტის შესწავლა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის განსაზღვრას და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებს:

●აუდიტის დეპარტმენტში წარადგინეს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც დასტურდება 2017-2018 წლების ხარჯები, რომლებიც გაწეულია სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე. აღნიშნული, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტაციის დიდი მოცულობიდან გამომდინარე ხანდაზმულოის გამო ფაქტობრივად/ფიზიკურად ვერ მოესწრებდოდა ყველა დოკუმენტის შესწავლა.

● მიუთითებს, რომ 2017-2018 წლებში შპს „----------“-ს მის ელექტრონულ პორტალზე ჰქონდა მიღებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით: ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები. მიღებული ზედნადებები 2017 წელს - 1 184 627.74 ლარი, მიღებული ზედნადებები 2018 წელს - 1 706 599.46 ლარი, მიღებული ანგარიშ-ფაქტურები 2017 წელს - 20371.89 ლარი, მიღებული ანგარიშ-ფაქტურები 2018 წელს - 416 607.60 ლარი. ჯამურად 2017-2018 წლებში მიღებული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურები ჯამი არის 3 328 206.69 ლარი. ბანკით დაფარული დავალიანება მიღებული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურები დასაფარად არის 2 661 680.63 ლარი. კრედიტორული დავალიანება 2018 წლის ბოლოს არის 75 307.00 ლარი. 591 219.06 ლარი არის სალაროდან მომწოდებლებზე გადახდილი თანხა 2017-2018 წლებში ზედნადებით და ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონლით და მომსახურებით წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად. 3 328 206.69 – 75 307 – 2 661 680.63 = 591 219.06 ლარი. შესაბამისად 591 219.06 ლარი ასევე გახარჯულია 2017-2018 წლებში ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დასტურდება rs.ge პორტალზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. შესაბამისად, ფაქტობრივად დოკუმენტურად დასტურდება ნაღდი ანგარიშსწორებით 2017-2018 წლებში 591 219.06 ლარის გახარჯვა.

● ასევე, აუდიტის დეპარტმენტში წარადგინეს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის მესაკუთრე ---------- მიწის სანაცვლოდ 2018 წელს მიიღო შპს „----------“ დირექტორისგან ნაღდი ანგარიშსწორებით 55 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელწერილი ასევე არ იქნა შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული.

● აუდიტის დეპარტმენტში წარადგინეს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლითაც ბინის შემძენები ადასტურებენ, რომ ბინის საფასური არ გადაუხდიათ და ბინა მიიღეს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.

● აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ნოტარიულად დადასტურებელი ხელწერილი, რომლითაც საწარმოს ყველა დამფუძნებელი ადასტურებს, რომ 2017- 2018 წლებში დივიდენდის სახით ჯამში აქვთ მიღებული 1 500 000 ლარი, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად გაყიდულ ბინებზე გადახდილი თანხები მოდის 2017-2018 წლებზე არის სავსებით ლოგიკური.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მიწის მესაკუთრე ---------- საჯარო რეესტრში წარდგენილი შეთანხმებით ადასტურებს, რომ მას საკუთრებაში გადაეცა შეთანხმებაში მითითებული ბინები, ხოლო აღნიშნული ბინები ფაქტობრივად გადაფორმდა სხვა პირებზე, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება სრულად გუქმებას, ვინაიდან აღნიშნული ბინები საწარმოს არ გაუყიდია და ისინი გადაეცა მიწის მესაკუთრეს გადაცემული მიწის ნაკვეთის საფუძველზე.

4. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ურთიერთდამოკუდებულ პირებთან დადებული გარიგებები დაიბეგრა საბაზრო ფასებით. აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში წარმოადგენს რეალიზებულ ბინებზე საექსპერტო შეფასებას, რომლითაც დადასტურდება მათი რეალური საბაზრო ღირებულება, ვინაიდან შემმოწმებლებს აღებული აქვთ არარეალური ფასები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის №14591 და 30 ნოემბრის №29949 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33671 ბრძანება და ამავე თარიღის №006-685 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 012 982 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 230 875 ლარი, ჯარიმა 1 123 581 ლარი, საურავი 658 526 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „----------“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ორი მიმდინარე მშენებლობა ----------, ---------- (ს.კ. ----------) და ----------, ---------- (ს.კ. ----------). შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისთვის 01.04.2022 წლისთვის ორივე მრავალბინიანი შენობა დასრულებულია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, პირს აღარ უფიქსირდება აქტიური ეკონომიკური საქმიანობა. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების“ და დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ პირს სრულად არ აქვს შესრულებული საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 160-ე მუხლის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით (2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის 160-ე, 162-ე, 163-ე და 164-ე მუხლები) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაცია/დოკუმენტაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით გაანალიზდა პირის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციებში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაბეგრილი საკომპენსაციო თანხები. წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგრილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით კი განისაზღვრა მიმდინარე საანგარიშო პერიოდებში საქონლის მიწოდების დარჩენილი თანხის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების პროცესში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მიმდინარე პერიოდში მიღებული საკომპენსაციო თანხების, საქონლის მიწოდების თანხებისა და განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხების საფუძველზე. პირს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 18 მაისს განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი, რაზედაც შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge) შპს „----------“-ის მიერ წარდგენილი 2018, 2019, 2020 და 2021 წლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, პირის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება განსაზღვრულია 0 (ნული) ლარით. შემოწმების პროცესში ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან“ მიღებულ დოკუმენტაციას და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გაანალიზდა პირის ფულადი სახსრების მოძრაობა. 2022 წლის 30 ნოემბერს №29949 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 10 ივნისის №14591 ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 01.01.2019-დან 01.04.2022-მდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით.“

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით შესული ცვლილებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ №9 დანართის მე-10 მუხლის მიხედვით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერ ღონისძიების ფარგლებში, კვალიფიცირდება, როგოც მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი (სარგებელი). შემოწმებით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა გაცემულ ხელფასად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ----------, ----------, მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №---------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. 2017 წლის 13 აპრილს შპს „----------“ და ფ/პ ---------- შორის დადებული ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ შენობას აშენებდა ---------- კუთვნილ 888 კვ.მ. მიწასა და საწარმოს 1 991 კვ.მ. მიწაზე. ხელშეკრულებით განსაზღვრულია მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის სანაცვლოდ გადასაცემი თეთრი კარკასის მდგომარეობის ფართების ოდენობა. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის საერთო ფართიდან 10 894 კვ.მ.-დან ფ/პ ---------- საკუთრებაში გადაეცა 1 461 კვ.მ. 2017 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „----------“ გადასცა შპს „----------“-ს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები. პირს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შპს „----------“-ის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დღგ-ით დაიბეგრა ფაქტობრივად შესრულების მოცულობის მიხედვით, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული (გაცვლის) ოპერაცია 2019, 2020, 2021 წლების დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში. შემოწმებით პირს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

● შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ----------, ---------- (ს.კ. ---------) ---------- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №---------- ბრძანების საფუძველზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „----------“-ს, შპს „---------“-ს და ფიზიკურ პირებს ---------- და ---------- შორის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირები საწარმოებს საკუთრების უფლებას გადასცემდნენ თანასაკუთრებაში არსებულ 1 638 კვ.მ. ოდენობის მიწაზე, რომლის სანაცვლოდ ---------- და ---------- მიიღებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად სახსრებსა და ფართებს თეთრი კარკასის მდგომარეობით. პირს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შპს „----------“-ის მიერ ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების მიწოდება და ფულადი ვალდებულებების შესრულება (თანხის გადახდა), განიხილება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, საწარმოს მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შპს „----------“-ის მიერ მიწის ნაკვეთის მიღება ფიქსირდება 2019 წელს, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი. ამდენად, შპს „----------“-ის მიერ ფიზიკური პირებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი, კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, კი 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული აღნიშნული მრავალბინიანი შენობის (მისი კუთვნილი 2 174.7 კვ.მ.) თვითღირებულებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ იქნა მიწის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართების (566.9 კვ.მ.) საბაზრო ფასი და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად გადასახადი. ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

● 2018 წლის 29 ივნისს შპს „----------“-ს და ფ/პ ---------- შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ფ/პ ---------- საწარმოს უწევს ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის ანაზღაურება მოიცავს ----------, ---------- მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულზე მდებარე თეთრი კარკასის მდგომარეობის ბინებზე საკუთრების უფლების გადაცემას ----------. ბინების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულია 122 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, ფიზიკურ პირს გადაეცა 194 კვ.მ. ოდენობის ფართი, საიდანაც 84 კვ.მ. ფართის ბინაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 18 აპრილს. შპს „----------“-ს არ აქვს შესრულებული აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა შპს „----------“-სა და ფ/პ ---------- შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია, რომლის დროსაც საწარმომ მიაწოდა 84 კვ.მ. ოდენობის ბინა, ხოლო სანაცვლოდ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. შესაბამისად, პირებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

4. შპს „----------“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ორი მიმდინარე მშენებლობა ----------, ---------- (ს.კ. ----------) და ----------, ---------- (ს.კ. ----------). სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს“ მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, კერძოდ, დამფუძნებელსა და დირექტორს ----------, მის მეუღლეს ----------, 24% წილის მფლობელს ---------- და 51% წილის მფლობელი შპს „----------“- დამფუძნებელს ----------. სახელშეკრულებო ფასი რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად განსხვავებულია საბაზრო ფასისგან და პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას ახდენს მათ შორის არსებულ გარიგებების შედეგებზე.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, აგრეთვე, საწარმოს პირდაპირი/არაპირდაპირი კონტროლი და წილის არაპირდაპირი ფლობა რეგულირდება ამავე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუქნტის გათვალისწინებითა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე/დოკუმენტებზე დაყრდნობით პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ფიზიკური პირები არ არიან დღგ-ის გადამხდელები. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლისა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მე-21 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილი). პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახამად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ პირს აღარ უფიქსირდება აქტიური ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, სრულად არ აქვს შესრულებული საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით შესწავლილ იქნა წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაბეგრილი საკომპენსაციო თანხები. წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგრილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით, განისაზღვრა მიმდინარე საანგარიშო პერიოდებში საქონლის მიწოდების შედეგად წარმოშობილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების პროცესში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მიმდინარე პერიოდში მიღებული საკომპენსაციო თანხების, საქონლის მიწოდების თანხებისა და განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხების საფუძველზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ საწარმოში 2022 წლის 18 მაისს განხორციელებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. ამასთან, ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge) შპს „----------“-ის მიერ წარდგენილი 2018, 2019, 2020 და 2021 წლების ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, პირის დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება განსაზღვრულია 0 (ნული) ლარით. შემოწმებით გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა, შესაბამისად, ნაღდი ფულის ის ნაშთი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შემოწმებით განხორციელებული გაანაგრიშებები და დადგენილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

● შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, დადგინდა, რომ 2017 წლის 13 აპრილს შპს „----------“ და ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შორის დადებული ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე, გადამხდელი შენობას აშენებდა ---------- კუთვნილ 888 კვ.მ. მიწასა და საწარმოს 1 991 კვ.მ. მიწაზე. ფ/პ ---------- საკუთრებაში გადაეცა 1 461 კვ.მ. 2017 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „----------“ გადასცა შპს „----------“-ს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები. პირს არ აქვს შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შემოწმების მიერ მითითებულ ოპერაციაზე ვალდებულებების განსაზღვრა.

● შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელი მშენებლობას ახორციელებდა ----------, ---------- ში. ამასთან, 2019 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „----------“-ს, შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) და ფიზიკურ პირებს ---------- და ---------- შორის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირები საწარმოებს საკუთრების უფლებას გადასცემდნენ თანასაკუთრებაში არსებულ 1 638 კვ.მ. ოდენობის მიწაზე, რომლის სანაცვლოდ ---------- და ---------- მიიღებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად სახსრებსა და ფართებს თეთრი კარკასის მდგომარეობით. ამასთან, დგინდება, რომ აღნიშნულ ოპერაციასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, გადამხდელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში ფართის ფაქტობრივი მიწოდების პერიოდია 2021 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდი. შესაბამისად, შემოწმებით თვითღირებულებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ იქნა მიწის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართების (566.9 კვ.მ.) საბაზრო ფასი და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

· შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 29 ივნისს შპს „----------“-სა და ფ/პ ---------- შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ფ/პ ---------- საწარმოს უწევს ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას, კერძოდ, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას, რომლის ანაზღაურება მოიცავს ----------, ---------- მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულზე მდებარე თეთრი კარკასის მდგომარეობის ბინებზე საკუთრების უფლების გადაცემას ----------. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, ფიზიკურ პირს გადაეცა 194 კვ.მ. ოდენობის ფართი, საიდანაც 84 კვ.მ. ფართის ბინაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 18 აპრილს, რაზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;

ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;

დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახამად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით დადგინდა გადამხდელის მიერ ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდების ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ფასი რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად განსხვავებულია საბაზრო ფასისგან და პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას ახდენს მათ შორის არსებულ გარიგებების შედეგებზე. შესაბამისად, შემოწმებით მიერ ზემოაღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფართების მიმღები ფიზიკური პირები არ არის დღგ-ის გადამხდელები აღნიშნული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, საკითხის ზეპირ მოსმენაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ საბაზრო ფასის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციები არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან, ხოლო მცირე შემთხვევებში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციებისას დადგენილი ფასი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, სალაროს ნაშთის განსაზღვრას, ითხოვს საშემოსავლო გადასახადის სრულად გაუქმებას. ასევე ასაჩივრებს ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული გარიგებების დაბეგვრას არარეალური საბაზრო ფასებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების პროცესში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით გაანგარიშდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით გაანალიზდა პირის ფულადი სახსრების მოძრაობა. გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა გაცემულ ხელფასად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3. შესამოწმებელ პერიოდში მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები და ვალდებულებები. შპს-ს მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები შემოწმების მიერ დღგ-ით დაიბეგრა ფაქტობრივად შესრულების მოცულობის მიხედვით, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერული (გაცვლის) ოპერაცია. შპს-ს მიერ ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების მიწოდება და ფულადი ვალდებულებების შესრულება, განიხილება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, საწარმოს მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა. მრავალბინიანი შენობის თვითღირებულებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ იქნა მიწის მესაკუთრეებისთვის გადასაცემი ფართების საბაზრო ფასი. პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად გადასახადი და დაერიცხა.

4. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო საკუთრების უფლებას გადასცემს ურთიერთდამოკიდებულ პირებს. სახელშეკრულებო ფასი რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად განსხვავებულია საბაზრო ფასისგან ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით. შედეგად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულებისა და მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 162; 163; 164; 269(7); 154; 97; 981(4-ა); 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახდო კოდექსი - 160; 161

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება №22708 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ - დანართი №9