ბრძანება N 17348
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17348
24 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) №87044/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმებას და განმარტავს, რომ მათთვის უცნობი იყო შპს „-------“ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების შესახებ. მიუთითებს, რომ კომპანიისათვის საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო თუ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმდებოდა, რაც არ მომხდარა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33327 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია ეა ------- საფუძველზე დღგ-ში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33589 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-749 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 415 239 ლარი, მათ შორის გადასახადი 215 083 ლარი, ჯარიმა 107 542 ლარი და საურავი 92 614 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 4 აპრილის №7468 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 3 ივლისის №22933/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №7468 ბრძანება და მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ივლისის №22933/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ოპერაცია შპს „-------“ დაბეგრილი აქვს თავის დროზე და გადასახადი გადახდილი, მაგრამ შემოწმება ახლა გადაანგარიშების ეტაპზეა და მას უმცირდება დარიცხული თანხები, რადგან მერიიდან მიღებული ინფორმაციით მასზე ვრცელდება შეღავათი, სადავო ოპერაციის ფარგლებში იგი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შპს „-------“ სადავოდ გადახადა საკითხი და ითხოვა გადახდილი თანხების შემცირება, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა აუდიტის სამსახურის მიერ ინფორმაციის გამოთხოვა მერიისგან.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს სხდომაზე მხარეთა მოსმენისა და პოზიციების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერთან (შპს „-------“) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება განხორციელებულ კონკრეტულ ოპერაციაზე დარიცხვის კანონიერებაზე და საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოწმება დასრულებული არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად (შპს ------- საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით) უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობა) „-------“ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი ჰქონდა დღგ-ის თანხა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომლის შესაბამისი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ვინაიდან, ოპერაციების განხორციელების პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით საქმე №------- დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელების შესახებ. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა და ჩათვლიდან გაუქმდა 215 084 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
ამავე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა შპს „-------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული უძრავი ქონების მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) მიერ ჩათვლილი დღგ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი მოსმენისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით 2024 წლის პირველ ივლისს გამოიცა შპს „-------“ (ს/კ -------) დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც შპს „-------“ (ს/კ -------) შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „-------“ მიერ უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
უცხოური საწარმოს ფილიალის წარმომადგენლობას დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი ჰქონდა დღგ-ის თანხა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომლის შესაბამისი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ვინაიდან, ოპერაციების განხორციელების პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანებით დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელების შესახებ. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა და გაუქმდა მომჩივანის მიერ ჩათვლილი დღგ.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(79); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი -173;