გადაწყვეტილება №27063/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2026
№ დოკუმენტი 27063/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27063/2/2026

03 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 2.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27063/2/2026).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ მიწოდებული ფართების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა, 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-589 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5636 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 220 436.93 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 765.90

დღგ - 138 398.39

საშემოსავლო გადასახადი - (-27 632.49)

ჯარიმა - 72 508.50

საურავი - 37 162.53

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის №25452 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.05.2022-1.09.2025 წლების საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №28621 ბრძანება და ამავე თარიღის №006-589 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 220 436.93 ლარი. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5636 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ მიწოდებული ფართების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა, 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ მშენებლობა ძირითადად დაწყებულია 2017-2019 წლებში, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვებულია 2024-2025 წლებში. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 87 ფართი (მათ შორის ავტოფარეხი, ბინა, კომერციული ფართი). ამჟამად კომპანიის სახელზე ირიცხება სამი კომერციული ფართი და ოთხი ავტოფარეხი, რომელიც იჯარით აქვს გაცემული სს ---ზე, 16 ავტოფარეხი კვლავ მომჩივნის სახელზეა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და პირველადი დოკუმენტების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ავანსების ნაწილი გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არაა დეკლარირებული (199 989 ლარი დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა). 2025 წლის თებერვალში რეალიზებული ფართის (ს/კ ----) ღირებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სრულად არ არის დაფარული, ხოლო აღნიშნული კორპუსი 2025 წლის აგვისტოში იქნა ექსპლუატაციაში მიღებული. სარეალიზაციო ფასსა და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა 2025 წლის აგვისტოს თვეში (14 390 ლარი). 2023 წლის დეკემბერში გადასახადის გადამხდელმა ---გან (პ/ნ ---) ბარტერით მიიღო 606 მ3 , ---- ის ქუჩის მიმდებარედ (ს/კ ---). მიწის სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურ პირს გადასცა ორი ფართი საკუთარ აშენებულ კორპუსებში (ს/კ --- ს/კ ---) და ასევე ერთი ბინა შეიძინა შპს ---ს დეველოპმენტისგან და ისიც გადასცა (ს/კ ---). 5.12.2023 წელს ნოტარიულად დადასტურებული გაცვლის ხელშეკრულების შესაბამისად მიწის საბაზრო ღირებულებაა 175 700 აშშ დოლარი (473 389 ლარი).

ასევე სახელმწიფოსაგან აუქციონის გზით შეიძინა 525 973 ლარად 600 მ 3 იგივე მისამართზე და აღნიშნული მიწები 2025 წლის აპრილში გაყიდა შპს ----ზე (ს/ნ ---) იმავე ღირებულებით, თუმცა აქტის შედგენის მომენტისთვის გადახდილია 291 191 ლარი. გადასახადის გადამხდელს ბარტერის ფარგლებში ფიზიკურ პირზე გადაცემული ფართები არ აქვს დაბეგრილი. შემოწმების შედეგად გაიზრდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. 2023 წლის თებერვალში სს --- ის მიერ გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა, რომელზედაც საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 2023 წლის ივნისის თვეში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის განაშთული საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავანსის ანგარიშფაქტურით. შედეგად ხდება ჩათვლის დუბლირება. საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე მუხლების გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა და დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილებით და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით (ს/კ ----), კერძოდ, სახარჯთაღრიცხვო მონაცემებით კორპუსის მშენებლობის თვითღირებულება შეადგენს 5 954 597 ლარს. შემოწმების ხელთარსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნულ ობიექტზე გაწეული ხარჯების ჯამური ღირებულებაა 4 260 106 ლარი. ბუღალტრულად აღნიშნულ დაუმთავრებელ მშენებლობაზე გაწეულია 4 000 ლარის ხარჯები (საჯარო რეესტრში გადაფორმების ხარჯები). კომპანიის მიერ 2024-2025 წლებში გაწეული ხარჯები (შეძენილი საქონელი და მომსახურება) ბუღალტრულად არ იქნა მიკუთვნებული დაუმთავრებელ მშენებლობას, თუმცა, რეალურად ზემოხსენებულ მშენებლობაზეა გაწეული, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებების დასრულების ადგილის მიხედვით, რაც ჯამურად წარმოადგენს 246 000 ლარს, ასევე, სახელფასო ხარჯი 200 000 ლარის ოდენობით, რაც ძირითადად მოხმარდა სადარბაზოსა და ღობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს (მოაჯირები, საევაკუაციო კარები, ლიფტი). აღსანიშნავია, რომ გადაცემული ბინები განთავსებულია მეორე და მესამე სართულებზე, ხოლო დღეის მდგომარეობით ფ/პ ---- არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე (არ იყენებს ფართებს), შესაბამისად, კომუნალური ხარჯების განსაზღვრა ვერ ხერხდება, ასევე, ბინების რეალიზაციის დროს აბონირებას თავად მფლობელები ახორციელებენ, შესაბამისად, კომპანიას არ უფიქსირდება შესაბამისი ხარჯი.

საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულ კორპუსს აქვს მშენებარე სტატუსი (დღეის მდგომარეობითაც). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა რომ 2023 წლის გაცვლის ხელშეკრულების ყველა პირობა შესრულებულია, კერძოდ, ფაქტობრივად ფ/პ ---ს გადაეცა მიწის სანაცვლოდ გადამხდელის მიერ აშენებულ კორპუსში 2 ფართი (ს/კ ----) და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ყველა საჭირო უფლება, რომელიც მას ანიჭებდა ფაქტობრივი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას. შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ფიზიკურ პირთან გაფორმებული გაცვლის (ბარტერის) ოპერაციის კორპუსების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების მიხედვით, გადამხდელსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული გაცვლის (ბარტერის) ხელშეკრულების საფუძველზე (5.12.2023 წელი) 11.12.2023 წელს ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცა ფართები (ს/კ ---). ამასთან, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ობიექტზე გაწეული ხარჯების ჯამური ღირებულებაა 4 260 106 ლარი, ხოლო 2024-2025 წლებში გაწეული ხარჯები შეადგენს 246 000 ლარს, შესაბამისად, დგინდება, რომ 2024-2025 წლებში საწარმოს აღარ უფიქსირდება მშენებლობაზე გაწეული არსებითი ხარჯი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ როდესაც ექსპლუატაციაში მიღებამდე ფიზიკურ პირს ფაქტობრივად გადაეცემა შესაბამისი ფართების დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო ყველა უფლება, რომელიც მას ანიჭებს ფაქტობრივი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას, კომერციული და ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით, ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს ამ მომენტისა. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი უფლებების გადაცემის მომენტად მიჩნეული უნდა იქნას მომენტი, როდესაც მიმწოდებლის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ის ვალდებულება, რომელიც შემძენს შესაძლებლობას აძლევს მხარეთა შორის შეთანხმებულ მდგომარეობამდე მიყვანილი უძრავი ნივთი გამოიყენოს შეხედულებისამებრ და უშუალოდ ამ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიმწოდებელი აღარ გასწევს დამატებით ხარჯებს.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 2024-2025 წლებში ფაქტობრივად დასრულებულია მშენებლობა (რაც დასტურდება ობიექტზე გაწეული არაარსებითი ხარჯებით), ასევე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაცემული აქვს ზემოაღნიშნული ფართები (რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით), შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მართლზომიერია გაცვლის (ბარტერის) ოპერაციის დაბეგვრა 2023 წლის დეკემბერში, ფართების საკუთრებაში გადაცემის მომენტში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას, ვინაიდან თვითონ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ კორპუსი სრულად არ არის დასრულებული და იმ პერიოდის შემდგომ როცა მოხდა ოპერაციის დაბეგვრა გაწეულია 246 000 ლარის ხარჯი. თუმცა ეს ხარჯები ჩაითვალა არაარსებით ხარჯებად. გაუგებარია რის საფუძველზე ჩაითვალა არაარსებით ხარჯად სადარბაზოს კეთილმოწყობა, მოაჯირების დაყენება სადარბაზოში, ლიფტის მონტაჟის ხარჯები, საევაკუაციო გასასვლელის მოწყობა რომელიც პირდაპირი ვალდებულებაა სამშენებლო კომპანიის და კიდევ სხვა უამრავი ხარჯი რისი ვალდებულებაც ჰქონდა სამშენებლო კომპანიას და რომელი ხარჯების გაწევის გარეშეც მაცხოვრებელი უბრალოდ ვერ იცხოვრებს კორპუსში. ფიზიკურ პირ ---ს მიწის სანაცვლოდ ფართები გადაეცა არა უკვე აშენებულ კორპუსებში, როგორც შემოწმების აქტში და გადაწყვეტილებაშია მითითებული, არამედ აღნიშნული კორპუსები წარმოადგენდნენ მშენებარე კორპუსებს, ეს კორპუსები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და სრულად არ იყო დასრულებული სამშენებლო სამუშაოები. ითხოვს გაუქმდეს ----ზე მიწის სანაცვლოდ მიწოდებული ფართების საბაზრო ფასზე დარიცხული დღგ და შესაბამისი სანქცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-10 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის 5 გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივნის განცხადებით კორპუსი სრულად არ არის დასრულებული და იმ პერიოდის შემდგომ როცა მოხდა ოპერაციის დაბეგვრა გაწეულია 246 000 ლარის ხარჯი. თუმცა ეს ხარჯები ჩაითვალა არაარსებით ხარჯებად. გაუგებარია რის საფუძველზე ჩაითვალა არაარსებით ხარჯად სადარბაზოს კეთილმოწყობა, მოაჯირების დაყენება სადარბაზოში, ლიფტის მონტაჟის ხარჯები, საევაკუაციო გასასვლელის მოწყობა რომელიც პირდაპირი ვალდებულებაა სამშენებლო კომპანიის და კიდევ სხვა უამრავი ხარჯი რისი ვალდებულებაც ჰქონდა სამშენებლო კომპანიას და რომელი ხარჯების გაწევის გარეშეც მაცხოვრებელი უბრალოდ ვერ იცხოვრებს კორპუსში. მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირ ----ს მიწის სანაცვლოდ ფართები გადაეცა არა უკვე აშენებულ კორპუსებში, როგორც შემოწმების აქტში და გადაწყვეტილებაშია მითითებული, არამედ აღნიშნული კორპუსები წარმოადგენდნენ მშენებარე კორპუსებს, ეს კორპუსები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და სრულად არ იყო დასრულებული სამშენებლო სამუშაოები.

საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ავანსების ნაწილი გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არაა დეკლარირებული, კერძოდ 199 989 ლარი დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. 2025 წლის თებერვალში რეალიზებული ფართის (ს/კ---) ღირებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სრულად არ არის დაფარული, ხოლო აღნიშნული კორპუსი 2025 წლის აგვისტოში იქნა ექსპლუატაციაში მიღებული.

სარეალიზაციო ფასსა და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა 2025 წლის აგვისტოს თვეში 14 390 ლარი. 2023 წლის დეკემბერში ფ/პ ---გან (პ/ნ ----) ბარტერით მიიღო 606 მ2, ---ის ქუჩის მიმდებარედ (ს/კ ---). მიწის სანაცვლოდ შპს ---მა ფიზიკურ პირს გადასცა 2 ფართი საკუთარ აშენებულ კორპუსებში (ს/კ ---) და ასევე ერთი ბინა შეიძინა შპს ----სგან და ისიც გადასცა (ს/კ ---). 2023 წლის 5 დეკემბერს ნოტარიულად დადასტურებული გაცვლის ხელშეკერულების შესაბამისად მიწის საბაზრო ღირებულებას წარმოადგენს 175 700 დოლარს (473 389 ლარი). ასევე სახელმწიფოსაგან აუქციონის გზით შეიძინა 525 973 ლარად 600 მ2 იგივე მისამართზე და აღნიშნული მიწები 2025 წლის აპრილში გაყიდა შპს --- 2025 (ს/ნ ----) იმავე ღირებულებით, თუმცა გადახდილია დღეის მდგომარეობით 291 191 ლარი. გადამხდელს ბარტერის ფარგლებში ფიზიკურ პირზე გადაცემული ფართები არ აქვს დაბეგრილი.

შემოწმებით გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. 2023 წლის თებერვალში სს ---ს მიერ გამოწერილია ავანისის ანგარიშფაქტურა, რომელზეც საბოლოო საფ გამოწერილია 2023 წლის ივნისის თვეში. გადამხდელის მიერ არ არის განაშთული საბოლოო საფ-ავანსი ფაქტურით. ხდება ჩათვლის დუბლირება. საგადასახადო კოდექსის 160- 6 ე, 163-ე, 164-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. ასევე დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. გადასახადის გადამხდელის არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 72 508.50 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ-ში 69 454 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 3 054 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-589 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 37 162.53 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 , 22 ნაწილებით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებდა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა და საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ მიწოდებული ფართების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა, 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და პირველადი დოკუმენტების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ავანსების ნაწილი გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ არის დეკლარირებული, კერძოდ, 199 989 ლარის ოდენობით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2025 წლის თებერვალში რეალიზებული ფართის ღირებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სრულად არ არის დაფარული, ხოლო აღნიშნული კორპუსი 2025 წლის აგვისტოს თვეში მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.

სარეალიზაციო ფასსა და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა 2025 წლის აგვისტოს თვეში (14 390 ლარი). გადამხდელმა 2023 წლის დეკემბერში ბარტერით მიიღო 606 კვ.მ მიწა. მიწის სანაცვლოდ გადამხდელმა ფიზიკურ პირს გადასცა 2 ფართი საკუთარ აშენებულ კორპუსებში და ასევე, ერთი ბინა. 2023 წლის 5 დეკემბერს ნოტარიულად დადასტურებული გაცვლის ხელშეკრულების შესაბამისად მიწის საბაზრო ღირებულებას წარმოადგენს 175 700 აშშ დოლარი (473 389 ლარი). გადამხდელმა სახელმწიფოსგან აუქციონის გზით, 525 973 ლარად, შეიძინა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი იგივე მისამართზე და აღნიშნული მიწები 2025 წლის აპრილში გაყიდა იმავე ღირებულებით, თუმცა, დღეის მდგომარეობით გადახდილი აქვს 291 191 ლარი. გადამხდელს ბარტერის ფარგლებში ფიზიკურ პირზე გადაცემული ფართები არ აქვს დაბეგრილი. შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის განაშთული საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რაც იწვევს ჩათვლის დუბლირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 16; 18; 159 (1); 163; 164 (1); 269 (7).