ბრძანება N 26760
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26760
20 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134), განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №187885/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის №EL265750 და №EL265752 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 11 ოქტომბერს საექსპორტოდ შემოსული იქნა ერთ ტიკში განთავსებული 24 ტონა ვაშლის წვენის კონცენტრატით დატვირთული კონტეინერი ექსპედიტორის ლუქით, დალუქულ მდგომარეობაში. შემოსვლისას ტერმინალის ოპერატორმა დამატებით გადალუქა საბაჟო ლუქით. შედგა გადალუქვის აქტი, რის საფუძველზეც გაფორმდა ექსპორტის დეკლარაცია. 23 ოქტომბერს კონტეინერი უნდა გასულიყო გემზე დასატვირთად. გასვლისას ოპერატორმა შეამჩნია, რომ კონტეინერი საბაჟო ლუქით დალუქული იყო ჭანჭიკით დამაგრებულ ჩამკეტზე. მოხდა გადამოწმება მოიხსნებოდა თუ არა ჭანჭიკი, რათა არ დაშვებულიყო ტვირთთან შეღწევადი კონტეინერის გასვლა საბაჟო საწყობიდან. გადამოწმების დროს მოწყდა ჭანჭიკი და გახდა კონტეინერი შეღწევადი იმ გაგებით, რომ არც დეკლარაციაში და არც ელექტრონულ ვერსიაში არსად არ ეწერა თავდაპირველი ლუქი, რომელიც კონტეინერს გემზე ასვლის მომენტისთვის ედო და რეალურად მისი მოხსნის გარეშე შეუღწევადი გახდა კონტეინერი.
ტერმინალის წარმომადგენლებმა განაცხადა საბაჟო ორგანოში მომხდარის შესახებ. საბაჟო ორგანოს მხრიდან მოჰყვა რეაგირება კონტეინერი აიწონა, დასკანერდა, გადაილუქა საბაჟო ლუქით, დაკორექტირდა დეკლარაცია და ელექტრონული ჟურნალი. ყოველივე ამის შემდგომ გავიდა საბაჟო საწყობიდან გემზე დასატვირთად.
ოპერატორის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა ლუქის დადებასთან დაკავშირებით. თუმცა კონტეინერის საბაჟო საწყობში ყოფნის პერიოდში ტვირთთან შეღწევადობა არ დარღვეულა მასზე საბაჟო ლუქის გარდა ექსპედიტორის ლუქის არსებობის გამო. ოპერატორის განზრახვა არ იყო ლუქის შეგნებული დაზიანება. პირიქით გადამოწმდა ლუქის საკეტის მდგომარეობა, რომ შეღწევად კონტეინერს არ დაეტოვებინა ტერმინალის ტერიტორია და არ დარღვეულიყო სანებართვო პირობები. ტერმინალმა თავად განაცხადა აღნიშნულის შესახებ და ტვირთს არ დაუტოვებია საბაჟო საწყობის ტერიტორია.
აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს პატიებას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში, №---------- კონტეინერით განთავსებული იყო ექსპორტის პროცედურაში №---------- (----------) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი.
2024 წლის 23 ოქტომბერს შპს „----------“ წარმომადგენელმა საბაჟო ორგანოს მიმართა №---------- განცხადებით და აცნობა, რომ აღნიშნული კონტეინერის საბაჟო საწყობიდან გასვლის დროს, თანამშრომლის მიერ მოხდა ლუქის დაზიანება, კერძოდ, კონტეინერი დალუქული იყო ჭანჭიკით დამაგრებულ ჩამკეტზე, რომლის გადამოწმების დროს ჭანჭიკი მოწყდა, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება მოიხსნა და კონტეინერი გახდა შეღწევადი. გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა კონტეინერში განთავსებული საქონლის კამერალური შემოწმება და დადგინდა, რომ ტვირთი შეესაბამებოდა დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს, რის შემდეგ კონტეინერი დაილუქა №----------, №---------- საბაჟო ლუქებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობისა და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურების სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლისა და 176-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ 2024 წლის 24 ოქტომბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის №EL265752 და №EL265750 ოქმები და კომპანიას შეეფარდა ჯარიმები 500 და 2000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის №EL265752 და №EL26575 ოქმების მე-4 გრაფის („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) შევსებისას ექსპორტის პროცედურაში №---------- (----------) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული ---------- კონტეინერის შპს „----------“ საბაჟო საწყობიდან გასვლის დრო შეცდომით დაფიქსირდა, კერძოდ, ნაცვლად 2024 წლის 23 ოქტომბრისა მითითებულ იქნა 2024 წლის 23 ნოემბერი. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის №26464 ბრძანებით, აღნიშნულ ოქმებში გასწორდა ტექნიკური შეცდომები და მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) მითითებული თარიღი „2024 წლის 23 ნოემბერი“ შეიცვალა თარიღით „2024 წლის 23 ოქტომბერი“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №2) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა.
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სანებართვო პირობების შეუსრულებლობისა და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურების სამართალდარღვევის ფაქტებს. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის და 176-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს პატიებას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს მომჩივანის საბაჟო საწყობში, კონტეინერით განთავსებული იყო ექსპორტის პროცედურაში საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი.
2024 წლის 23 ოქტომბერს მომჩივანის წარმომადგენელმა საბაჟო ორგანოს მიმართა განცხადებით და აცნობა, რომ აღნიშნული კონტეინერის საბაჟო საწყობიდან გასვლის დროს, თანამშრომლის მიერ მოხდა ლუქის დაზიანება, კერძოდ, კონტეინერი დალუქული იყო ჭანჭიკით დამაგრებულ ჩამკეტზე, რომლის გადამოწმების დროს ჭანჭიკი მოწყდა, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება მოიხსნა და კონტეინერი გახდა შეღწევადი. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა კონტეინერში განთავსებული საქონლის კამერალური შემოწმება და დადგინდა, რომ ტვირთი შეესაბამებოდა დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს, რის შემდეგ კონტეინერი დაილუქა საბაჟო ლუქებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობისა და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურების სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და კომპანიას შეეფარდა ჯარიმები 500 და 2000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166; 176.