გადაწყვეტილება №21704/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 21704/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21704/2/2023

19 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21704/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დირექტორისგან ავტომობილის საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შეძენის ოპერაციის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2023 წლის №006-478 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30149 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 260 531.39 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 162 680

მოგების გადასახადი - 21 347

საშემოსავლო გადასახადი - 141 333

ჯარიმა - 81 340

საურავი - 16 511.39

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ავტომობილების რემონტი, მომსახურების გაწევა ძირითადად ხორციელდება იურიდიულ პირებზე.

იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის და დირექტორისგან შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14094 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 13.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის №24144 ბრძანება და 2.10.2023 წლის №006-478 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 29.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.12.2023 წლის №30149 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დირექტორზე გადახდილ თანხებსა და ავტომობილის საბაზრო ფასს შორის სხვაობა დააკვალიფიციროს ხელფასად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30149 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დირექტორისგან ავტომობილის საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შეძენის ოპერაციის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“. 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საწარმომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან (დირექტორისგან) შეიძინა ავტომობილი 323 180 ლარად, თანხა გადახდილია სალაროდან 2022 წლის მარტის და აპრილის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნული ავტომობილი დირექტორის მიერ შეძენილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, აუქციონის წესით 53 500 აშშ დოლარად (166 566 ლარად).

შემოწმების პროცესში გაანალიზდა ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიური ავტომობილების საბაზრო ღირებულება და დადგინდა, რომ გარიგების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება ავტომობილის საბაზრო ფასისგან. საწარმოს მიერ ავტომობილის შეძენის მომენტში საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 202 211 ლარის ოდენობით, რაც გაანგარიშდა ავტომობილების გაყიდვების ელექტრონული პორტალიდან მსგავსი/იდენტური საქონლის საშუალო საბაზრო ფასების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ ავტომობილის ღირებულებაზე გავლენას ახდენს როგორც აუქციონის ფასი, ისე თანმდევი კომერციული ხარჯები, აღდგენის ღირებულება, ავტომობილის კომპლექტაცია და სხვა. მსგავსი შეფასება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, ხოლო ყველა ხარჯის გათვალისწინებით, აუქციონის ფასის და აღდგენის ღირებულების მიხედვით, ავტომობილის ღირებულებამ შესაძლოა განბაჟების გარეშე 100 000$-ს გადააჭარბოს. საწარმომ კი უკვე განბაჟებული 95 000 $-ად შეიძინა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა ასევე არ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია ავტომანქანის ქარხნული ---------- კომპლექტაციის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთი და იგივე წლოვანების ავტომობილის ფასი კომპლექტაციის მიხედვით შესაძლოა 2-ჯერ და მეტად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის უკვე წარდგენილი მასალები და ძირითადი სავაჭრო პლატფორმების ლინკები (ავტომანქანის კომპლექტაციის ლინკის ჩათვლით), რომლებზე დაყრდნობითაც საკმარისად დასტურდება საწარმოს მიერ შესყიდვის ფასის 95 000$ (შესაბამისი კურსით ლარში 323 180 ლარი) საბაზროსთან შესაბამისობა. გადამხდელი მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარმოადგენს დამოუკიდებელი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშს.

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დირექტორზე გადახდილ თანხებსა და ავტომობილის საბაზრო ფასს შორის სხვაობა დააკვალიფიციროს ხელფასად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინფორმაცია თითქოს ავტომანქანა დირექტორის მიერ იქნა შეძენილი ----------ში არ შეესაბამება სინამდვილეს. გაუგებარია (არ არის წარდგენილი) რა წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს შემმოწმებელი აღნიშნულ ფაქტს. აგრეთვე მცდარია მის მიერ მითითებული ფასი 53 500$. ამრიგად, შემოწმების შედეგები ეფუძნება იმგვარ გარემოებებს, ფაქტებს, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შემმოწმებელი იყენებს ტერმინებს საბაზრო ფასს და საბაზრო ღირებულებას, როგორც ერთმანეთის შემცვლელს, რაც აგრეთვე არ არის კორექტული სამართლებრივი თვალსაზრისით.

ღირებულების ეს სახეები არ არის აუცილებელი რომ ერთმანეთის ტოლი იყოს. კანონმდებლობით მოთხოვნილია საბაზრო ფასის დადგენა, საბაზრო ფასის დადგენის წესი კი მოცემულია საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლში. საბაზრო ღირებულება კი მოცემული შეფასების საერთაშორისო სტანდარტებში და განსხვავებული წანამძღვრებით განსაზღვრული სიდიდეა. ამრიგად, შემმოწმებელი დარიცხვას აფუძნებს არგუმენტებს, რომელიც არ აქვს შესწავლილი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საბაზრო ფასის დადგენის თვალსაზრისით საერთოდ უშინაარსოა იმ გარემოების დადგენა, თუ რა ფასად შეისყიდა დირექტორმა ავტომობილი. ამგვარი მიდგომა ავტომობილის საბაზრო ფასის დასადგენად არ გამოდგება და უბრალო სპეკულაციას წარმოადგენს (გაყიდვამდე ვინ რა რამდენად იყიდა უადგილოა). დირექტორისთვის სულ რომ ეჩუქებინა ვინმეს, აღნიშნული ავტომობილი, კომპანიისათვის მიწოდების მომენტში მისი საბაზრო ფასი ნული ვერ გახდებოდა, ამრიგად დირექტორის მიერ ავტომობილის შესყიდვის ფასს არ აქვს მნიშვნელობა.

შემოწმების აქტიდან აშკარად ჩანს, რომ საგადასახადო აუდიტორი ვერ ერკვევა ღირებულების საკითხებში. ამასთან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით შეფასება უნდა განახორციელოს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულმა შემფასებელმა. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საბაზრო ფასის დადგენაც საშემფასებლო საქმიანობის სფეროს შეადგენს. შემმოწმებელი არ ურთავს აუდიტის აქტს რაიმე ანგარიშს, როგორც მის მიერ დადგენილი ღირებულების მტკიცებულებას. ავტო სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასი განისაზღვრება კომპეტენტური (სერთიფიცირებული) პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში საბაზრო კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, რაც არ არის აქტში წარმოდგენილი და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მშრალი მტკიცება, რომ „საწარმოს მიერ ავტომობილის შეძენის მომენტში საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 202 211 ლარის ოდენობით“, რაც მიახლოებით 59 000$-ს შეადგენს, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და მიუღებელია სამართლებრივი თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ღირებულებაზე გავლენას ახდენს როგორც აუქციონის ფასი, ისე თანმდევი კომერციული ხარჯები, აღდგენის ღირებულება და ავტომობილის კომპლექტაცია. აუქციონის ფასში შედის როგორც გაყიდვის ფასი (ე.წ. ბიდი), ასევე აუქციონის საკომისიოც, რომელიც მსგავს ფასიან მანქანებზე 4 000$-მედე ადის. ამას ემატება ----------ში შიდა ტრანსპორტირება, საზღვაო გადაზიდვა, საქართველოში შიდა ტრანსპორტირება, საპორტო მოსაკრებელი, დილერის საკომისიო, რომელიც ---------- შემთხვევაში 3 000$-ს აღწევს, დაზღვევა და სვა ხარჯები. ამას გარდა მსგავს საიტებზე მითითებულია დაზიანებული მანქანის აღდგენის ღირებულების დაანგარიშება ავტორიზებული დილერის მიერ (რომელიც შეიძლება 40 000$-ზე მეტიც შეიძლება იყოს), რომელითაც სადაზღვევო კომპანიები ხელმძღვანელობენ ზარალის ანაზღაურებისას და სადაზღვევო თანხა. ამრიგად, მსგავსი ანალოგებით სარგებლობის დროს ამგვარ ფაქტორებზეც უნდა განხორციელდეს კორექტირება. ამრიგად, მსგავსი შეფასება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს ყველა ხარჯის გათვალისწინებით ავტომობილის ღირებულება შესაძლოა თუ მსგავსი საიტებიდან მოძიებული ინფორმაციით იხელმძღვანელებს და ამ პრინციპით დაჯამდება ავტომანქანის აუქციონის ფასი და აღდგენის ღირებულება განბაჟების გარეშე 100 000$-ზე მეტი შეიძლება გამოვიდეს. საწარმომ კი უკვე განბაჟებული 95 000$-ად შეიძინა.

შემმოწმებელმა ასევე არ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია ავტომანქანის ქარხნული ---------- კომპლექტაციის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ვინაიდან ერთი და იგივე წლოვანების ავტომობილის ფასი კომპლექტაციის მიხედვით შესაძლოა 2-ჯერ და მეტად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის უკვე წარდგენილი მასალები და ძირითადი სავაჭრო პლატფორმების ლინკები (ავტომანქანის კომპლექტაციის ლინკის ჩათვლით), რომლებზე დაყრდნობითაც საკმარისად დასტურდება ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ფასის 95 000$ (შესაბამისი კურსით ლარში 323180 ლარი) საბაზროსთან შესაბამისობა. დავის პროცესში საჭიროების შემთხვევაში სუბიექტურობის გაქარვების მიზნით დამატებით წარმოადგენს დამოუკიდებელი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანხმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით, სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით:

ა) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დირექტორზე გადახდილ თანხებსა და ავტომობილის საბაზრო ფასს შორის სხვაობა დააკვალიფიციროს ხელფასად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის განმარტებით მომსახურების გაწევა ძირითადად ხორციელდება იურიდიულ პირებზე, ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით. საწარმო ერთ შემთხვევაში ყიდულობს და ყიდის მსუბუქ ავტომობილს. შემოწმების პროცესში წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2020 წლის დასაწყისში ფიქსირდება საწყისი საწესდებო კაპიტალი 650 000 ლარის ოდენობით, ასევე სხვადასხვა პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი (მაგ: 28.01.2023 წლის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენს 479 828 ლარს). გადამხდელმა სალაროს არაგონივრული ნაშთი დააკვალიფიცირა კაპიტალის შემცირებად და გაიტანა თანხა დაბეგვრის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალი შემცირებულია 648 700 ლარით. საწესდებო კაპიტალის ბუღალტრული საკრედიტო ნაშთის ნაწილობრივ დამაბალანსებლად, დებეტში დაფიქსირებულია ზარალი 394 750 ლარის ოდენობით, რომლის სისწორე/რეალობაც არ დგინდება შემოწმების შედეგად, რადგან საწარმო ყოველწლიურად მოგებაზე იყო წლიური მოგების დეკლარაციებით და შემდგომი პერიოდის სააღრიცხვო მონაცემების ანალიზით.

საგადასახადო შემოწმების ბრძანების გამოცემამდე აუდიტის დეპარტამენტში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების სატესტო რეჟიმში შესწავლა. აღნიშნულ ეტაპზე გადამხდელმა დამატებით ხელფასის სახით გასცა 83 364 ლარი (დაბეგრა სადავო თანხის მხოლოდ ნაწილი). საწარმოს ახსნა-განმარტების მიხედვით უფიქსირდება 11 დაქირავებული თანამშრომელი, გაცემული ხელფასი დეკლარირებულია მხოლოდ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდში, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობა დასტურდება უწყვეტად 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში. გადამხდელმა ვერ წარადგინა კაპიტალში თანხის ფორმირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზედაც დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოწმების შედეგად გაანალიზდა საწარმოს რეგისტრაციის დღიდან 1.01.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების წარდგენილი დეკლარაციები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც არ დგინდება 1.01.2020 წლისთვის საწყისი საწესდებო კაპიტალის არსებობის საჭიროება/მიზნობრიობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილ თანხებსა და გადამხდელის მიერ დამატებით დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა 565 336 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნაშთები წარმოქმნილი იყო 2020 წლამდე კომპანიას არ ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება. 2016 წლის წლიური მოგების დეკლარაციაში, რომელიც წარდგენილია 14.04.2017 წელს (დაზუსტებული დეკლარაცია), მითითებულია რომ კაპიტალი შეადგენს 101 042.89 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელმა გაანალიზა წინა წლის დეკლარაციები და ახსნა-განმარტებაში მიუთითა აღნიშნულ გარემოებაზე შემმოწმებელმა ამ გარემოებას მნიშვნელობა არ მიანიჭა. დარიცხვა აგებულია იმ მტკიცებაზე რომ კომპანიას ზარალი ვერ ექნებოდა, შემოწმების აქტში ამის მტკიცებულება წარდგენილი არ არის. 2016 წლიდან 2020 წლის დასაწყისამდე გასულია 3 წელი. კომპანიას რომელიც 2016 წლამდე ანაწილებდა პერმანენტულად დივიდენდს 2016 წლის შემდეგ აღარ გაუნაწილებია, რაც იმის ინდიკატორია, რომ კომპანიაში მოგება არ განერიდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში.

შემოწმების აქტში არ არის დასაბუთება და არგუმენტები, რაც საშუალებას მისცემდა გაეცა არგუმენტირებული პასუხი. ამრიგად დარიცხვა დაუსაბუთებელი და ეფუძნება ვარაუდებს და უნდა შემცირდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;

ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნაშთები წარმოქმნილი იყო 2020 წლამდე კომპანიას არ ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება. 2016 წლის წლიური მოგების დეკლარაციაში, რომელიც წარდგენილია 14.04.2017 წელს (დაზუსტებული დეკლარაცია), მითითებულია რომ კაპიტალი შეადგენს 101 042.89 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელმა გაანალიზა წინა წლის დეკლარაციები და ახსნა-განმარტებაში მიუთითა აღნიშნულ გარემოებაზე შემმოწმებელმა ამ გარემოებას მნიშვნელობა არ მიანიჭა. დარიცხვა აგებულია იმ მტკიცებაზე, რომ კომპანიას ზარალი ვერ ექნებოდა, შემოწმების აქტში ამის მტკიცებულება წარდგენილი არ არის.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელს უწყვეტად უფიქსირდება საქმიანობის განხორციელება, კერძოდ ავტომობილების რემონტი, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები. შემოწმების მიმდინარეობისას დეკლარაციების კონტროლის ეტაპზე შემოსავალსა და ხარჯს შორის დადგინდა სხვაობა და გადამხდელს ეთხოვა დაზუსტება. გადასახადის გადამხდელმა განახორციელა დაახლოებით 83 000 ლარის დაზუსტება და დაბეგვრა. რაც შეეხება, კაპიტალს ამ ნაწილში მომჩივანს ეთხოვა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც არ წარადგინა. საწარმოს ახსნა-განმარტების მიხედვით უფიქსირდება 11 დაქირავებული თანამშრომელი, გაცემული ხელფასი დეკლარირებულია მხოლოდ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდში. გადამხდელმა ვერ წარადგინა კაპიტალში თანხის ფორმირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გაანალიზდა საწარმოს რეგისტრაციის დღიდან 1.01.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების წარდგენილი დეკლარაციები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც არ დგინდება 1.01.2020 წლისთვის საწყისი საწესდებო კაპიტალის არსებობის საჭიროება/მიზნობრიობა. შედეგად შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილ თანხებსა და გადამხდელის მიერ დამატებით დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა 565 336 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დირექტორისგან ავტომობილის საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შეძენის ოპერაციის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. ადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“. 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საწარმომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან (დირექტორისგან) შეიძინა ავტომობილი 323 180 ლარად, თანხა გადახდილია სალაროდან 2022 წლის მარტის და აპრილის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნული ავტომობილი დირექტორის მიერ შეძენილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, აუქციონის წესით 53 500 აშშ დოლარად (166 566 ლარად). შემოწმების პროცესში გაანალიზდა ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიური ავტომობილების საბაზრო ღირებულება და დადგინდა, რომ გარიგების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება ავტომობილის საბაზრო ფასისგან. საწარმოს მიერ ავტომობილის შეძენის მომენტში საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 202 211 ლარის ოდენობით, რაც გაანგარიშდა ავტომობილების გაყიდვების ელექტრონული პორტალიდან მსგავსი/იდენტური საქონლის საშუალო საბაზრო ფასების მიხედვით.

2. გადამხდელის განმარტებით მომსახურების გაწევა ძირითადად ხორციელდება იურიდიულ პირებზე, ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით. საწარმო ერთ შემთხვევაში ყიდულობს და ყიდის მსუბუქ ავტომობილს. შემოწმების პროცესში წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2020 წლის დასაწყისში ფიქსირდება საწყისი საწესდებო კაპიტალი 650 000 ლარის ოდენობით, ასევე სხვადასხვა პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი (მაგ: 28.01.2023 წლის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენს 479 828 ლარს). გადამხდელმა სალაროს არაგონივრული ნაშთი დააკვალიფიცირა კაპიტალის შემცირებად და გაიტანა თანხა დაბეგვრის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალი შემცირებულია 648 700 ლარით. საწესდებო კაპიტალის ბუღალტრული საკრედიტო ნაშთის ნაწილობრივ დამაბალანსებლად, დებეტში დაფიქსირებულია ზარალი 394 750 ლარის ოდენობით, რომლის სისწორე/რეალობაც არ დგინდება შემოწმების შედეგად, რადგან საწარმო ყოველწლიურად მოგებაზე იყო წლიური მოგების დეკლარაციებით და შემდგომი პერიოდის სააღრიცხვო მონაცემების ანალიზით. საგადასახადო შემოწმების ბრძანების გამოცემამდე აუდიტის დეპარტამენტში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების სატესტო რეჟიმში შესწავლა. აღნიშნულ ეტაპზე გადამხდელმა დამატებით ხელფასის სახით გასცა 83 364 ლარი (დაბეგრა სადავო თანხის მხოლოდ ნაწილი). საწარმოს ახსნა-განმარტების მიხედვით უფიქსირდება 11 დაქირავებული თანამშრომელი, გაცემული ხელფასი დეკლარირებულია მხოლოდ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდში, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობა დასტურდება უწყვეტად 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში. გადამხდელმა ვერ წარადგინა კაპიტალში თანხის ფორმირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზედაც დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(4„აბ“); 101(1); 154(1„ა“); 279(1).