ბრძანება N 1906
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1906
06.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 25 აგვისტოს
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №74222/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №042-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ კომპანიას შავი ლითონის ჯართი შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციისგან. საწარმოდან შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით და გამოწერილია შესაბამისი დოკუმენტები (ჩგდ). მიუთითებს, რომ შემოწმებას ვერ წარუდგინა შესყიდვის დოკუმენტები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ფაქტების გამო დაიკარგა. თვლის, რომ ვინაიდან რეალიზებული საქონელი შეძენილია ფიზიკური პირებისგან, დარიცხვა უნდა განხორციელდეს 3%-იანი განაკვეთით. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადის ხელახლა გადაანგარიშებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3352 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 16 ივნისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 აპრილის №10160 ბრძანება და ამავე თარიღის №042-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 095 095 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 225 957 ლარი, ჯარიმა 612 978 ლარი, საურავი 256 160 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, საწარმოს არ აქვს აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმებით ჩაითვალა, რომ საწარმოს დებიტორ-კრედიტორების მიმართ მოთხოვნები და ვალდებულებები არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე მუხლების და მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, ასევე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის N1162 ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს შეძენილ საქონელთან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ იმავე საანგარიშო პერიოდში იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდების წლების ბოლოს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, საწარმოს არ აქვს აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმებით ჩაითვალა, რომ საწარმოს დებიტორ-კრედიტორების მიმართ მოთხოვნები და ვალდებულებები არ გააჩნია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდების წლების ბოლოს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფულადი სახსრების ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მართლზომიერად იქნა განხილული დირექტორზე გაცემულ ხელფასად
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოება
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3352 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 16 ივნისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 აპრილის №10160 ბრძანება და ამავე თარიღის №042-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61; 73; 101; 136; 154.