ბრძანება N 12696

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 10.06.2026
№ დოკუმენტი 12696
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12696

10 ივნისი 2026

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის.: "-------")

2026 წლის 20 იანვრის და 12 მაისის საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 თებერვლის, 12 მარტის, 30 აპრილის და 21 მაისის სხდომებზე (ოქმები: №15, №22, №34 და №41) განიხილა ი/მ "-------" -ის (ს/ნ "-------") 2026 წლის 20 იანვრის №100092/1/2026, №CA00412600771836 (რეგ. №7518/21) და 12 მაისის №CA00412608341534 (რეგ. №42646-21-14) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №056-104 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ფაქტის დადგენის გარეშე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. ასევე, არ ეთანხმება შემოწმებით მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას. გადამხდელი აგრეთვე, მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს სანქციის გაუქმებას. გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში ასევე წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი №------- ფაქტის კონსტატაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც აცხადებს, რომ გადამხდელი არ ახორციელებდა და არ ახორციელებს რაიმე მოპოვებით საქმიანობას ლიცენზიის შესაბამის ფართობზე. ფართობი წარმოადგენს გაუკაფავ, ბუნებრივი მცენარეული საფარით (ბუჩქნარით) დაფარულ ფერდობს, რომელზეც არ ფიქსირდება არც კარიერი, არც გადანაყარი, არც მძიმე ტექნიკის კვალი, არც აფეთქების კვალი, არც საწარმოო ნაგებობა, არც ბილიკი და არც ცივილიზაციის შესვლის რომელიმე სხვა ნიშანი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №17916 და 16 ოქტომბრის №21929 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №27910 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 400 316 ლარი, მათ შორის, გადასახადი 232 818 ლარი, ჯარიმა 93 452 ლარი და საურავი 74 046 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბაზალტის ქვის ჭრა, დამუშავება, მოპირკეთება. გადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 2018 წლის 18 აპრილიდან. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე იმყოფება ამავე წლის 17 დეკემბრიდან. მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესაბამისად: „გადამხდელს 2018 წლის ივლისის თვიდან 2025 წლის მარტის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე, წარმოდგენილი აქვს მცირე ბიზნენის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის თებერვლის თვიდან 2024 წლის თებერვლის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის 5 დეკლარაცია, რომელშიც ბუნებრივი რესურსების სახეობად მითითებულია - სხვა საშენი მასალები. ამასთან, 2018 წლის მაისის თვიდან გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც მიწოდებული საქონლის დასახელებაში ფიქსირდება - ბაზალტის ფილა, ბაზალტის ბარდიური, ბაზალტის ზალაკი. „სპეციალური დაბეგრვის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების თანახმად, აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება განეკუთვნება საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას. ვინაიდან, გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით (რომელშიც საქონლის დასახელებაში ფიქსირდება - ბაზალტი) ადგილი აქვს ლიცენზიის გამოყენებით სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ყოფნის პერიოდში აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტს, "-------"-ს (ს/ნ "-------") სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის დღიდან (09.12.2021წ) მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მე-80, 81-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. სხვაობის თანხა დაექევემდებარა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

აგრეთვე, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით დეკლარირებული თანხები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამტკიცებულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4), კერძოდ, საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზიის სახეა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი მიმდინარე გადასახდელებს არ იხდიან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბაზალტის ქვის ჭრა, დამუშავება, მოპირკეთება. გადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 2018 წლის 18 აპრილიდან. მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს 2018 წლის ივლისის თვიდან 2025 წლის მარტის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე, წარდგენილი აქვს მცირე ბიზნენის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის თებერვლის თვიდან 2024 წლის თებერვლის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის 5 დეკლარაცია, რომელშიც ბუნებრივი რესურსების სახეობად მითითებულია - სხვა საშენი მასალები. ამასთან, 2018 წლის მაისის თვიდან გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც მიწოდებული საქონლის დასახელებაში ფიქსირდება - ბაზალტის ფილა, ბაზალტის ბარდიური, ბაზალტის ზალაკი. ვინაიდან, გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ადგილი აქვს ლიცენზიის გამოყენებით სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ყოფნის პერიოდში აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტს, "-------"-ს (ს/ნ "-------") სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის დღიდან (09.12.2021წ) მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები და სხვაობის თანხა დაექევემდებარა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. აგრეთვე, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით დეკლარირებული თანხები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ არ მოუპოვებია სასარგებლო წიაღისეული და ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ მის მიერ მოპოვებულია სასარგებლო წიაღისეული ან გამოყენებულია წიაღით სარგებლობის უფლება. „ბაზალტის“ დასახელების ფიქსაცია სასაქონლო ზედნადებებში არ ნიშნავს წიაღისეულის მოპოვებას. აღნიშნული შეიძლება უკავშირდებოდეს შესყიდვას, გადამუშავებას, დამუშავებას, მოპირკეთებას და არა მოპოვებას. საგადასახადო შემოწმების აქტში გადამხდელის საქმიანობად მითითებულია „ბაზალტის ქვის ჭრა, დამუშავება, მოპირკეთება“, რაც თავისი ბუნებით შეიძლება სრულად განხორციელდეს შეძენილი ნედლეულით, ლიცენზირებადი მოპოვების გარეშე.

აკრძალული საქმიანობის დასადასტურებლად აუცილებელია მოპოვების ფაქტის დადგენა. გადამხდელი აცხადებს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის „გაუქმების“ თარიღი და სამართლებრივი აქტი გაურკვეველია/არ არის წარმოდგენილი, რაც არსებითი პროცედურული დარღვევაა. აღნიშნავს, რომ აქტს თან არ ერთვის ადმინისტრაციული აქტი/გადაწყვეტილება, რომლითაც მომსახურების დეპარტამენტმა მცირე ბიზნეისის სტატუსი გაუუქმა ლიცენზიის გაცემის დღიდან (09.12.2021). ასევე, არ არის წარმოდგენილი ჩაბარების/შეტყობინების მტკიცებულება (როდის და როგორ შეიტყო გადამხდელმა სტატუსის შეწყვეტის შესახებ). საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ 2018 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით წარდგენილია მცირე ბიზნესის დეკლარაციები, რაც ბადებს კითხვას: თუ სტატუსი 2021 წლის დეკემბრიდან იყო შეწყვეტილი, როგორ ხდებოდა მცირე ბიზნესის დეკლარაციების წარდგენა/მიღება დიდი ხნის განმავლობაში. ეს გარემოება მიუთითებს, რომ სტატუსი რეალურად არ იყო შეწყვეტილი იმ თარიღიდან, რომელსაც ორგანო უთითებს ან სტატუსის შეწყვეტა განხორციელდა დაუსაბუთებლად/ჩაუბარებლად, რის გამოც გადამხდელი მიიჩნევს, რომ იმოქმედა კეთილსინდისიერად და ლეგიტიმურად არსებული რეჟიმის ფარგლებში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით განხორციელებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს შეძენილი საქონელი. შესაბამისად, იმაზე მეტი საქონლის რაოდენობრივი რეალიზაცია, რაც შეძენებშია ასახული არ იკვეთება.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამიასად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა არის სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების გარემოდან ამოღება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებას იწვევს ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პირი ფაქტობრივად არ ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფლობის ფაქტი არ უნდა იქნას განხილული პირისათვის სტატუსის გაუქმების საფუძვლად, მიუხედავად იმისა, რომ პირი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკლრებლის გადამხდელს.

შესაბამისად, ვინაიდან განსახილვევლ შემთხვევაში დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება იმაზე მეტი საქონლის რაოდენობრივი რეალიზაცია, ვიდრე შეძენილი აქვს, ასევე, საგადასახადო შემოწმებით არ/ვერ დგინდება ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ წიაღის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტივობა (მაგ.: სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავება, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება და ა.შ.), შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულის განხილვა მცირე ბიზნესისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებად, აგრეთვე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება და მიღებული შემოსავლის საერთო წესით - 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელს აღუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსი. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტმა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელს აღუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ბ)დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ფაქტის დადგენის გარეშე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბაზალტის ქვის ჭრა, დამუშავება, მოპირკეთება. გადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 2018 წლის 18 აპრილიდან. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე იმყოფება ამავე წლის 17 დეკემბრიდან.გადამხდელს 2018 წლის ივლისის თვიდან 2025 წლის მარტის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე, წარმოდგენილი აქვს მცირე ბიზნენის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის თებერვლის თვიდან 2024 წლის თებერვლის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის 5 დეკლარაცია.ამასთან, 2018 წლის მაისის თვიდან გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც მიწოდებული საქონლის დასახელებები ფიქსირდება.აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება განეკუთვნება საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას. ვინაიდან, გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ადგილი აქვს ლიცენზიის გამოყენებით სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში ყოფნის პერიოდში აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტს,მომჩივანს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის დღიდან (09.12.2021წ) მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი.შესაბამისად,სსკ-ის 79-ე მე-80, 81-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. სხვაობის თანხა დაექევემდებარა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. აგრეთვე, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით დეკლარირებული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელს აღუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსი. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტმა მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

81,105,155.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია.