ბრძანება N 24446
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24446
05 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 8 აგვისტოს საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 და 30 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №83 და №90) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 8 აგვისტოს №97437/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან, 2015 წლის 2 ივლისის №081-140 და 2025 წლის 14 ივლისის №081- 191 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით. აცხადებს, რომ აუდიტორს შემოწმების/გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელისგან არ მოუთხოვია დოკუმენტაცია. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებელი შემოიფარგლა მხოლოდ ---- მდებარე 46 ობიექტით, რომლებსაც 2012 წლის შემდეგ აღარ აქვთ წარდგენილი დეკლარაციები და აღარ დაინტერესდა სხვა 500-ზე მეტი აზარტული თამაშების ოპერატორის საქმიანობით, რომლებიც შეიძლება პირდაპირ არ ყოფილიყო რელევანტური, მაგრამ გარკვეული დაშვებების გათვალისწინებით შესაძლოა გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელი ყოფილიყო. ასევე, აუდიტორმა არ გამოიკვლია ქ. ----ში, 2012 წლამდე მოქმედი ობიექტების შესახებ ინფორმაცია იყო თუ არა ჩატარებული მათი საგადასახადო შემოწმება 2008-2012 წლებში და ასევე წარდგენილი ჰქონდათ თუ არა ამავე პერიოდში დეკლარაციები. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნას თან არ ერთვის დასაბუთება, დოკუმენტაცია, ანალიზი, გაანგარიშება მ.შ. რა ფორმულები გამოიყენა აუდიტორმა. ასევე არ არის მითითებული ფისკალური მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია რა პერიოდს მოიცავს. გადამხდელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ თუ აუდიტორი დაეყრდნო სათამაშო აპარატების გაანგარიშებას, აქედან გამომდინარე შემცირდა მოგების გადასახადი და საწარმოში არ შესულა იმ რაოდენობის თანხები, რაც მოგების გადასახადით იყო დასაბეგრი, ესე იგი განხორციელდა ამ თანხების მოთამაშეებისათვის დაბრუნება, რაც ფიქსირებულად 12%-ით იბეგრებოდა 2011 წლამდე მოქმედი კოდექსით, ხოლო ახალი საგადასახადო კოდექსით მოთამაშეებზე დაბეგვრის საკითხი არ განიხილება სტანდარტულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ შემოწმების საგანი იყო მოგების გადასახადის დარიცხვის კანონიერება, საშემოსავლო გადასახადის ნაწილს გადაანგარიშება არ შეხებია და აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: „1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 3 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 ივლისის №081-191 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების პროცესში დამატებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე „აზარტული თამაშების საქმიანობები“ უფიქსირდება 600-მდე გადასახადის გადამხდელს. თითოეული გადასახადის გადამხდელის მონაცემების დამუშავების შედეგად, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ქ. ---ში, 46 გადასახადის გადამხდელი ფიქსირდება, რომლებიც ეწეოდნენ აზარტული თამაშის ოპერირებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 46 გადასახადის გადამხდელიდან დეკლარაციები 2012 წლის შემდეგ არცერთს არ აქვს ჩაბარებული და ფაქტიურად საქმიანობა გაჩერებული აქვთ. შესაბამისად, შემოწმების პროცესში მათგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაცია გამოთხოვილი ვერ იქნებოდა. გადასახადის გადამხდელისგან არც დავის პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მსვლელობისას გადაანგარიშების პროცესში გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებები და ანალიზი გაკეთებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით არსებულ მასალებზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ დოკუმენტაციაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის (2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) მოთხოვნები, კერძოდ: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით, რომელთა საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლისა და მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება.
ასევე დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ვინაიდან საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე და 61-ე მუხლებით (შესაბამისად 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 199-ე, 104-ე, 51-ე და 68-ე მუხლებით) და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა ხელთ არსებულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.
ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი), გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირება, მაგრამ შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20% განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ივლისის №081-191 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გაკეთებული ანალიზის შესაბამისად დადგინდა, რომ ქ. ---ში, ფიქსირდება 46 გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწეოდა აზარტული თამაშის ოპერირებას.
ამასთან, აღნიშნულ გადამხდელებს გაჩერებული აქვთ საქმიანობა. ამდენად, შემოწმების პროცესში მათგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის გამოთხოვა ვერ განხორციელდა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების/გადაანგარიშების ეტაპზეც არ მომხდარა დოკუმენტების წარდგენა, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე ანალიზი გაკეთებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით არსებულ მასალებზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ დოკუმენტაციაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით.
ასევე შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმება შემოიფარგლა მხოლოდ ქ. ---ში მდებარე კაზინოების მონაცემებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების/გადაანგარიშების პროცესში, შესაბამის პერიოდში ქ. თბილისში არსებული კაზინოების მონაცემებითაც გაკეთებულია ანალიზი, რაზეც 2015 წლის 30 ივნისის შედგენილია დასკვნა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 18 ნოემბრის №107795-21- 14 წერილით, შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამართველოდან გამოითხოვა 2010 წლიდან შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტების ელექტრონული ასლები, რომლებიც მოიცავდა წინა საგადასახადო პერიოდსაც. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმება კომპანიებში ჩატარებულია იგივე მეთოდით, რა მეთოდითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა დასკვნის შედგენის/ფორმირებისას.
კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.
ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის (ძვ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი) შესაბამისად, გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადი შემცირება, თუმცა შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20%-იანი განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ----) მიერ 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 და 2024 წლის 13 მარტის №5499 ბრძანებებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „----ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 8 აგვისტოს №97437/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ივლისის №081-191 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განხულველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;
ფაქტობრივი გარემოებები
რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების პროცესში დამატებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.შემოწმებამ იხელმძღვანელაიხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებებით, რომლებიც ეხება მსგავს შემთხვევებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპებს, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით სათამაშო აპარატების ფისკალური მეხსიერებებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი ოქმების დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემებით ერთი სათამაშო აპარატის დღიურმა შემოსავალმა (IN) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გარდა თბილისისა, საშუალოდ შეადგინა 210 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების დღიური გასავლების (OUT) მაჩვენებელმა - შემოსავლების 85%, მოთამაშეებზე გაცემულმა გადახდის წყაროსთან დასაბეგრმა მოგებამ - თითოეული სათამაშო აპარატის დღიური გასავლის 67%.
ზემოთხსენებული გარემოებების გათვალისწინებით,გაკეთებულ იქნა ანალიზი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით მოთამაშებზე გაცემული მოგებები ხარჯში იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირება, მაგრამ შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას 12-20% განაკვეთით, რაც სალდირებულად გამოიწვევს მეტი გადასახადის დარიცხვას და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას.
ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსკ-ის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან და №081-140 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განხულველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1; 298 (2); 301 (ზ).