ბრძანება N 15426
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15426
08 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2025 წლის 20 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 20 ივნისის №96363/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №030-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) მიწოდების აქციზით დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შეძენილია სხვის მიერ ექსპლუატირებული გადამუშავებული ბუნებრივი აირი, რაც უკვე დაბეგრილი უნდა იყოს აქციზით, ვინაიდან 2019 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, აქციზით ერთჯერადად იბეგრება ბუნებრივი აირი (იმპორტი, წარმოება, გადამუშავება). ამასთან, ბუნებრივ აირს კომპანია იძენს გაზრდილი ფასით 28-30 თეთრით, სადაც მომჩივნის მოსაზრებით, გაზრდილ ფასში მოიაზრება 20 თეთრი აქციზი და დანარჩენი გადამუშავების ღირებულება.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს. მიუთითებს, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს არ დაფიქსირებულა სამართალდარღვევა. ასევე, ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია მცირე და საშუალო კატეგორიის საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტით. ამასთან, შემოწმების აქტში მითითება, თითქოს სამეურნეო ოპერაცია არ არის სრულყოფილად ასახული არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დანართების სახით სრულად შეესაბამება კომპანიის დეკლარირებულ თანხებს. ასევე, სრულ თანხვედრაშია კომპანიის მიერ წარმოდგენილ წლიურ ბრუნვით უწყისებთან. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება არც ერთხელ არ დახარვეზებულა. არაპირდაპირი მეთოდით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ დაშვებულია შეცდომა და დასაბეგრი თანხა გაზრდილია 129 231 ლარით, რაც ჯამში 25 845 ლარით ზრდის საშემოსავლო გადასახადს.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შეეფარდოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა (10%).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 თებერვლის №3532 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 29 ივლისიდან 2025 წლს პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 მაისის №10954 ბრძანება და ამავე თარიღის №030–2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 672 489 ლარი, მათ შორის გადასახადი 967 979 ლარი, ჯარიმა 483 356 ლარი და საურავი 221 154 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1.გადამხდელი ახორციელებდა აქციზით დასაბეგრ ოპერაციებს. კერძოდ, ბუნებრივი აირის აირისებრ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას და წარმოდგენილი აქვს აქციზის ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიბეგრა საწარმოს მიერ განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციები, კერძოდ, ბუნებრივი აირის აირისებრ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა აქციზი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმებამ გადამხდელისგან გამოითხოვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, სრულყოფილად არ იყო აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასა და მოწოდებულ დოკუმენტაციას შორის დადგინდა რიგი უზუსტობები. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა საცალოდ და დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (წარმოდგენილი დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე). კერძოდ, გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დეკლარირებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ საქონლის (1 მ 3 ბუნებრივი აირის) სარეალიზაციო ფასი შეადგენდა 1.25 ლარს, ხოლო 2024 წლის მარტში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №238 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საკონტროლო შესყიდვისას 1 მ 3 ბუნებრივი აირის ღირებულება დაფიქსირებულია 1.55 ლარი. ამასთან, შემოწმებამ შეისწავლა იმავე ტერიტორიაზე, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან 2023-2024 წლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების შედეგები, რომელთა მიხედვითაც 1 მ 3 ბუნებრივი აირის ღირებულება დაფიქსირებულია 1.6 ლარი. შესაბამისად, შემოწმების მიერ 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე გავრცელდა ამავე საწარმოში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ბრუნვა გაიზარდა 705 498 ლარით,რაზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, შემოწმებამ შეისწავლა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 26 ივნისს, 13:00 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ: ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა აქციზით დასაბეგრ ოპერაციებს, კერძოდ, ბუნებრივი აირის აირისებრ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას, თუმცა წარმოდგენილი ჰქონდა აქციზის ნულოვანი დეკლარაციები.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, სრულყოფილად არ იყო აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასა და მოწოდებულ დოკუმენტაციას შორის დადგინდა რიგი უზუსტობები. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა საცალოდ და დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე საწარმოში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია პირის დაჯარიმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, მე-21 და მე-22 ნაწილების მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით ჯარიმა შეფარდებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აქციზით დაბეგვრას.
2.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს. მიუთითებს, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს არ დაფიქსირებულა სამართალდარღვევა.
3. გადამხდელი ითხოვს შეეფარდოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა (10%).
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელი ახორციელებდა აქციზით დასაბეგრ ოპერაციებს. კერძოდ, ბუნებრივი აირის აირისებრ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას და წარმოდგენილი აქვს აქციზის ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიბეგრა საწარმოს მიერ განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციები, კერძოდ, ბუნებრივი აირის აირისებრ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა აქციზი და ჯარიმა.
2. შემოწმებამ გადამხდელისგან გამოითხოვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები. წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, სრულყოფილად არ იყო აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები.ასევე, აღსანიშნავია, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა საცალოდ და დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ბრუნვა გაიზარდა 705 498 ლარით,რაზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, შემოწმებამ შეისწავლა ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით ჯარიმა შეფარდებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,164,183,184,185,269,270.