ბრძანება N 3755
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3755
28.02.2023
შპს „--------“ (ს/ნ--------)
(მის.: ----------------------)
2022 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ--------) 2022 წლის 30 ოქტომბრის №75834/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №041-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება -------ძის საწარმოს დაქირავებულ პირად განხილვას და მასზე გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ ---------სა და შპს „-------ს“ შორის გაფორმებული იყო 2020 წლის 30 იანვრის მომსახურების ხელშეკრულება. ანაზღაურება ხდებოდა შესაბამისი სამუშაოს შესრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნულ ხელშეკრულებაში შეთანხმებული მომსახურება სრულად შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ი/მ ------ (მცირე მეწარმე) თავად წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელს, აქედან გამომდინარე შპს „------ს“ არ ჰქონდა საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების ვალდებულება. ი/მ ------ არ ფიქსირდებოდა შპს „-------ს“ დაქირავებულ პირთა რეესტრში და არც დაქირავებით მუშაობა/მომსახურების გაწევის კითხვარში. მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და ჯარიმა/საურავის გაუქმებას. ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №20835 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება - ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 17 ოქტომბრის №26236 ბრძანება და ამავე თარიღის №041-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 90 960 ლარი, მათ შორის, გადასახადი 50 219 ლარი, ჯარიმა 25 210 ლარი, საურავი 15 531 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში შპს ------“ ავტოთვითმცლელით გადაზიდვის მომსახურებას უწევდა მხოლოდ შპს „------“-ს. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 2020 წლის 30 იანვრამდე მომჩივანს დაქირავებული ყავდა ი/მ -------, რომელიც შპს „-------დან“ შემოსავალს იღებდა ხელფასის სახით, ხოლო 2020 წლის 30 იანვარს ი/მ ------თან გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემკვეთის (მომჩივანი) დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შემსრულებლის (ი/მ------ს) მიერ ავტოთვითმცლელით მომსახურების გაწევა (ობიექტის ტერიტორიაზე წარმოების დამხმარე ნედლეულის გადაზიდვა). შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს პირადად. მომსახურების გაწევა მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯსაც (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). გაწეულ მომსახურებაზე ანაზღაურება განისაზღვრება ყოველთვიურად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო საზღაურის გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის მიღების დღეს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველი თებერვლიდან ი/მ ------ეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ამასთან, მცირე მეწარმე ------ს, 2020 წლის პირველი თებერვლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, უფიქსირდება მხოლოდ შპს „------ვის“ მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი, ჯამში 200 894 ლარი, რომელიც დაბეგრილია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და განაკვეთით, ხოლო მის მიერ 2020 წლის 18 მარტიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული მომსახურების გაწევიდან (დღგ-ით დასაბეგრი) მიღებული ჯამური შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარს. მცირე მეწარმე------ძე არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. არც შპს „------ს“ და არც მცირე მეწარმე ------ეს საკუთრებაში ავტოთვითმცლელები არ უფიქსირდება. შპს „------ს“ მიერ მცირე მეწარმე ------ზე 2020 წლის მარტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გადახდილი მომსახურების ანაზღაურება შეადგენს შპს „-------ას“ მიერ მომჩივანისთვის“ გადახდილი მომსახურების ანაზღაურების 73%-ს. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული კითხვარის (კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ) შევსებისას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ------ კლასიფიცირდა მომჩივანის მიერ დაქირავებულ პირად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, მცირე მეწარმე ------ ჩაითვალა შპს „-------ს“ მიერ დაქირავებულად, რის შედეგადაც, შპს „-------ს“ წარმოექმნა ------ზე გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 2020 წლის 30 იანვრამდე ი/მ ------ იყო დაქირავებული პირი, რომელიც შპს „------ან“ იღებდა ხელფასს. ი/მ ------თან 2020 წლის 30 იანვარს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „------ს“ დავალებით, ი/მ ახორციელებდა ავტოთვითმცლელით მომსახურების გაწევას. გაწეულ მომსახურებაზე ანაზღაურება ხდებოდა ყოველთვიურად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, იმავე დღეს. 2020 წლის პირველი თებერვლიდან ი/მ -----ეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და აღნიშნული თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე უფიქსირდება მხოლოდ შპს „---------თვის“ მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი, ჯამში 200 894 ლარი, ი/მ -----------ეს საკუთრებაში ავტოთვითმცლელები არ უფიქსირდება. ამასთან, მცირე მეწარმე -------- არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული კითხვარის (კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ) შევსებისას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ------ კლასიფიცირდა შპს „------ს“ მიერ დაქირავებულ პირად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ს“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების გამწევი ფიზიკური პირის დაქირავებულ პირად განხილვა და მასზე გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოება
შემოწმების შედეგად, მცირე მეწარმე ჩაითვალა მომჩივნის მიერ დაქირავებულად, რის შედეგადაც, მომჩივანს წარმოექმნა გადახდილი ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12; 73; 101; 154; 275.