დამფუძნებლისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბეგვრა N 0110

0110 დამფუძნებლისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბეგვრა 26.04.2022
№ დოკუმენტი 0110
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დამფუძნებლისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბეგვრა N 0110

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს 100 % წილის მფლობელი დამფუძნებლისგან (რომელიც ამავდროულად დაქირავებული პირია) შეძენილი აქვს შენობანაგებობა 900 000 ლარად. შენობანაგებობის ღირებულება საწარმოს სრულად აქვს გამოქვითული სსკ-ის 112-ე მუხლის მიხედვით.

· ექსპერტიზით დგინდება, რომ შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება შეადგენს 600 000 ლარს, ამასთან აღნიშნული შენობა-ნაგებობა დამფუძნებლის მიერ შეძენილია მიწოდებამდე 3 წლით ადრე 400 000 ლარად, და მის მიერ აქტივის გასხვისებამდე არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში.

· ფიზიკური პირის მიერ შენობანაგებობის მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ იქნა დაბეგრილი სსკის 82(1ვ)-ე მუხლის გათვალისწინებით.

· მიწოდების პერიოდის მიხედვით საწარმოს გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 400 000 ლარს.

შეფასება

· სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. სსკ-ის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში: თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე; სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა. სსკ-ის 130 მუხლის I ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

· ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, აღნიშნული მიწოდების ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულებით (600 000 ლარი).

· საწარმოს უნდა გამოექვითა შენობა ნაგებობის საბაზრო ფასი 600 000 ლარი, შესაბამისად 300 000 (900 000-600 000) ლარით გაზრდილია მიმდინარე წლის ერთობლივი შემოსავალიდან გამოსაქვითი ხარჯი.

· საწარმოს მიერ ზედმეტად გაცემული თანხა 300 000 ლარი ჩაითვლება დამფუძნებლის მიერ მიღებულ დივიდენდად და დაიბეგრება სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად.

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო (დივიდენდთან მიმართებაში) გადასახადები. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 6 აპრილისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.

აღნიშნული სახელმძღვანელო ვრცელდება პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.