გადაწყვეტილება №20131/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.10.2023
№ დოკუმენტი 20131/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20131/2/2023

11 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-- -- --“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-- -- --“-ს 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20131/2/2023).

 

დავის საგანი:

ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხების დაბრუნებაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის ID:11938456 შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12359 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 105 000 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხიდან, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, 105 000 ლარის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შედეგად.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის ID:------ შესაგებლით, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რადგან, ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016-2019 წლიდან, რაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

აღნიშნული შესაგებელი, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.06.2023 წლის №12359 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახდო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე, მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ პუნქტზე და ამავე თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, შპს „-- -- --“-ს ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016-2019 წლიდან, რაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ქ. თბილისში აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობა არ იქნა შეტანილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნუსხაში, რომლის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 ნაწილებით, უფლება უნდა მისცემოდა გათავისუფლებულიყო დღგისაგან ჩათვლის უფლებით. უძრავი ქონების მიწოდების დროს კომპანიამ, როგორც კეთილსინდისიერმა გადასახადის გადამხდელმა ბინების რეალიზაცია დაბეგრა დღგ-ით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას შორის წარიმართა სამართლებრივი დავა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით, კომპანიას უფლება მიეცა ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 ნაწილებით დადგენილი შეღავათით, რის საფუძველზეც კომპანიის მიერ დაზუსტდა დეკლარაციები და ბინების რეალიზაცია გათავისუფლებულ იქნა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შედეგად აღდგენილი იქნა ბიუჯეტში გადახდილი დღგ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებაზე. არ ეთანხმება ხსენებულ გადაწყვეტილებას და მასში ჩამოყალიბებულ პოზიციას ურის თქმის თაობაზე, ზედმეტობის წარმოშობის პერიოდის (2016- 2019 წწ.) ხანდაზმულობის საფუძვლით.

მიაჩნია, რომ მისი სამართლიანი მოთხოვნა არ იქნა გულდასმით შესწავლილი, კერძოდ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის წარმოქმნის საკითხი და ისტორია, ასევე უგულებელყოფილი იქნა საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 811 და 812 ნაწილის მოთხოვნები და მათში მითითებული ხანდაზმულობის ვადები, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს. კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის გადახდის შესახებ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2021-2022 წლების პერიოდში.

მომჩივანი ითხოვს მისი საჩივრის დაკმაყოფილებას და ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამავე თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების მიწოდების დროს კომპანიამ ბინების რეალიზაცია დაბეგრა დღგ-ით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიას შორის წარმართული სამართლებრივი დავა, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე, დასრულდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით, კომპანიას უფლება მიეცა ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 ნაწილებით დადგენილი შეღავათით, რის საფუძველზეც დაზუსტდა დეკლარაციები და ბინების რეალიზაცია გათავისუფლებულ იქნა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შედეგად აღდგენილ იქნა ბიუჯეტში გადახდილი დღგ. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნებაზე. მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ იქნა გულდასმით შესწავლილი, კერძოდ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის წარმოქმნის საკითხი და ისტორია, ასევე უგულებელყოფილი იქნა საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 811 და 812 ნაწილის მოთხოვნები და მათში მითითებული ხანდაზმულობის ვადები, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს. კომპანიის მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის გადახდის შესახებ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2021-2022 წლების პერიოდში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც მომჩივანი აღნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით, კომპანიას უფლება მიეცა ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 ნაწილებით დადგენილი შეღავათით და რომ კომპანიის მიერ დაზუსტდა დეკლარაციები, ხოლო აღნიშნულ გარემოებები რა გავლენას ახდენს მომჩივნის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურს არ აქვს ნამსჯელი.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12359 ბრძანება;

3. საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხების დაბრუნებაზე უარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხიდან, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, 105 000 ლარის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შედეგად.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლით, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რადგან, ბიუჯეტის მიმართ ზედმეტობა წარმოშობილია 2016-2019 წლიდან, რაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

აღნიშნული შესაგებელი, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №12359 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(8); 63(1); 65; 302(6); 309(79.80);

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი პუნქტი და 135 მუხლის „ბ“ პუნქტი;