გადაწყვეტილება №18591/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18591/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" 31.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18591/2/2022).
დავის საგანი:
დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30563 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 131 494,21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 73 539
დღგ - 34 834
საშემოსავლო გადასახადი- 38 705
ჯარიმა - 36 769.5
საურავი - 21 185.71
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 9 ოქტომბრის №34950 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 9 ოქტომბრის №34950 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 228 358 ლარი, რაზეც მომჩივანს 2020 წლის 14 დეკემბრის №CB111715 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 22 836 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი არ განიხილა აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასად რეალიზებულად და არ დაბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17484 ბრძანება და ამავე თარიღის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30563 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 და 28-ე ნაწილებზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა შესაბამისი გადასახადებით, რაც არ განუხორციელებია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დღიდან, ბუღალტრული საქმიანობის საწარმოებლად დაქირავებულ პირად დღემდე აყვანილი ჰყავდა ბუღალტერი.
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარატმენტის 2019 წლის 9 ოქტომბრის №34950 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის მიმართ ჩატარებული იქნა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა 3 ინვენტარიზაცია. 2020 წლის 9 სექტემბერს ჩაიბარა ოქმის პროექტი, რომელიც გადასცა ბუღალტერს გასაცნობად და შესასრულებლად შემდგომი რეაგირებისათვის. მან არ ჩააყენა საქმის კურსში ფასნამატთან დაკავშირებით (საქმის მასალებში დაფიქსირებულია ფასნამატი 1,26 %, ხოლო შედეგები გამოყვანილია 1,31%-ით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მათი რეალური ფასნამატი შეადგენდა 15 %-ს). 2020 წლის 16 სექტემბერს მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილ წერილობით პოზიციაში, მოითხოვა მხოლოდ დანართი №21-ის წარსადგენი ვადის გაგრძელება. ხოლო, რაც შეეხება მედიაციის საბჭოს სხდომაზე მის დასწრებას, არც მისთვის და არც მისი ბუღალტრისთვის არავის შეუტყობინებია, რათა მონაწილეობა მიეღო საკითხის განხილვაში, რადგან მათი იქ ყოფნით შესაძლოა ფასნამატის საკითხიც გამოკვეთილიყო, რომელიც ბუღალტერმა არ უთხრა.
მედიაციის საბჭოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა მომჩივნის მოთხოვნა, მაგრამ როგორც გაირკვა, ბუღალტერმა დანართი №21 ვერ წარადგინა (4 ზედნადების გარდა), რის გამოც მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები: №CB1117152 თანხით 22 835,80 ლარი და №CB1117155 თანხით 11 065,24 ლარი.
ვინაიდან, სრულყოფილად ვერ ერკვევა საბუღალტრო საქმიანობაში, მინდობილი იყო ბუღალტერს, მაგრამ მან საერთოდ არაფერი არ გააკეთა და რაც მთავარია არც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც ჩააბარა სამართალდარღვევის ოქმები არ უთქვამს თუ რა შედეგი მოყვებოდა გამოვლენილ დანაკლისს (მიწოდებად აღიარების მიზნით). ბუღალტრის პირდაპირი მოვალეობა იყო დეკლარაციით მოეხდინა დანაკლისი თანხის მიწოდებად აღიარება და დაებეგრა კანონის შესაბამისად, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რამაც გამოიწვია კამერალური შემოწმება და დამატებით თანხების დარიცხვა. ბუღალტრის შეცდომაა ასევე, რომ არ ჩააყენა საქმის კურსში სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული იყო, რომ ინვენტარიზაციით დარიცხული თანხები განისაზღვრებოდა მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული თანხებით. დოკუმენტაციის ჩაბარების დროს მონიტორინგის წარმომადგენლებმა ურჩიეს დაეწერა განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რაც სწორად მიიჩნია და 25.03.2021 წელს დაწერა განცხადება 10 000 ლარზე, მაგრამ ვალის მართვის დეპარტამენტიდან 8.04.2021 წელს მიიღო უარი.
სწორედ, ამის შემდგომ პერიოდს დაემთხვა საქართველოს მთავრობის ინიციატივა საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ და ახალი განცხადებით 2021 წლის 21 ივლისის №1241 განკარგულების საფუძველზე 2021 წლის 23 აგვისტოს №ა1632-21 გააფორმა აქტი „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ 10 614 ლარზე. აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა კანონით დადგენილ ვადაში, რაზედაც გამოცემული იქნა შემოსავლების სამსახურის 30.12.2021 წლის №41992 ბრძანება.
ეგონა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა "------" სერვის ცენტრში შემთხვევით გაიგო, რომ შეტყობინება იყო მოსული აუდიტის დეპარტამენტიდან კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტთან დაკავშირებით, რომელიც ბუღალტრის მიერ უკვე გახსნილი ყოფილა და ამის შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც გაიგო, რომ აუდიტის მიერ დარიცხული ჰქონდა 131 494,21 ლარი შოკში ჩავარდა. სულ რამდენიმე თვის უკან გადახდილი ჰქონდა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა 10 614 ლარი და ამას დაემატა კიდევ 131 494,21 ლარი. ბუღალტერს, რომ დაურეკა, თუ რატომ არ შეატყობინა ასეთი მნიშვნელოვანი შეტყობინება, უპასუხა რომ „ დაავიწყდა რომ დაერეკა“.
მიაჩნია, რომ აუდიტის მიერ არასწორადაა თანხები დარიცხული, ვინაიდან სანამ საგადასახადო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, უნდა გამოერკვია აღიარებული იყო თუ არა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი და არ უნდა გაეფორმებინა საგადასახადო შეთანხმება, ვინაიდან თუ აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრებოდა და თუნდაც იმ პერიოდში ჩაატარებდნენ შემოწმებას ან დეკლარაციით აღიარებინებდნენ ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილ დანაკლისს, მაშინ ამ პერიოდში მოყვებოდა მთლიანი საგადასახადო დავალიანება და საგადასახადო შეთანხმებით ერთიანად მოხდებოდა მისი დაფარვა, რაც ვალის მართვის დეპარტამენტს არ გაუკეთებია.
ფაქტიურად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა საკითხის სრულყოფილად შესწავლა შეთანხმების გასაფორმებლად, რამაც გამოიწვია აღნიშნული ინიციატივის ხელიდან გაშვება და 131 494.21 ლარის დარიცხვა, სადაც გადასახადი შეადგენს 73 539 ლარს, რისი გადახდის არანაირი საშუალება არ აქვს ვინაიდან შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და ითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №17484 ბრძანებისა და 5.07.2022 წლის №037-4 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი. შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისი მართლზომიერად ჩაითვალა მიწოდებად და მართებულად დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს, რაც სადავო დარიცხვის გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, ამასთან, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.