შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია N 2619
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია N 2619
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“-მა 2017 წლის აპრილის თვეში 60 000 ლარად შეიძინა შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის მიმართ არსებული 100 000 ლარიანი მოთხოვნა. თანხა გადახდილი იქნა მაისის თვეში. შპს „X“-მა 2017 წლის დეკემბრის თვეში უარი თქვა მოთხოვნაზე და 100 000 ლარი აპატია კომპანიას. საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ამასთან, სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით.
· საწარმო ვალდებული იყო, 2017 წლის მაისის თვეში მოთხოვნის უფლების შესაძენად გადახდილი თანხა 60 000 ლარი დაებეგრა მოგების გადასახადით და ბიუჯეტში გადაეხადა 10 588 ლარი (60 000/0,85*15%=10 588). 2017 წლის დეკემბრის თვეში, მაშინ როდესაც მოთხოვნაზე საწარმომ უარი თქვა, იგი ვალდებული იყო, მოგების გადასახადით დაებეგრა ნაპატიები მოთხოვნის შედეგად წარმოშობილი ზარალი 60 000 ლარი და ბიუჯეტში გადაეხადა 10 588 ლარი (60 000/0,85*15%=10 588).
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით