გადაწყვეტილება №18353/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.12.2022
№ დოკუმენტი 18353/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18353/2/2022

23.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------“ 2.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18353/2/2022).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილების (№15970/2/2022) აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №002-168 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 335 100 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 158 331

დღგ - 69 449

მოგების გადასახადი - 69 257

საშემოსავლო გადასახადი - 19 623

ქონების გადასახადი - 2

ჯარიმა - 83 526

საურავი - 93 243

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჩინეთიდან იმპორტირებული სპორტული საქონლით (მოტოციკლი, მოპედი, კვადროციკლი და სხვა) ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 18.12.2017 წლიდან 1.07.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 24 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 18 დეკემბერს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტერიას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:

- საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, განხორციელდა საქონლის დაყოფა კატეგორიების მიხედვით და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, არადოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის მიზნებისთვის, გამოყენებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2019 წლის №25953 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები (ამასთან, რეალიზაციაში არ იქნა ჩართული ის საქონელი, რომელიც ჩაითვალა დანაკლისად). აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

- განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, ფულადი სახსრების შემოსავალში აღებულ იქნა მიღებული ყველა თანხა, ხოლო გასავალში გათვალისწინებულ იქნა გაწეული ყველა ფულადი ხარჯი, რაც დაკორექტირდა სალაროში და საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთით, ხოლო აღნიშნულის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადახდის წყაროსთან. შედეგად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სულ 200 ლარი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2020 წლის №21464 ბრძანება და №002-181 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №166 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლისა და დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნა გაფრთხილება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №166 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის პირველი ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები შემცირდა 78 555 ლარით, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2021 წლის №35781 ბრძანება და 17.11.2021 წლის №002-333 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2022 წლის №1211 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (№15970/2/2022) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილების (№15970/2/2022) აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რაზეც შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №002-168 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია ხსენებული ნაწილის რომელი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრა შემმოწმებელმა საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით, როდესაც საქონლის მოძრაობის გაშიფვრა შესაძლებელია. შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ორგანოსთვის მიწოდებული იქნა სრული დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დეტალური გაანგარიშების გაკეთება. ითხოვს საგადასახადო ვალდებულების თანხები გადაანგარიშდეს შესაბამისი საბანკო ამონაწერებით და სალარო აპარატის მონაცემებით დადგენილი შემოსავლების საფუძველზე. აღნიშნული მასალები მიწოდებული იქნება აუდიტორებისათვის და გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით უნდა განხორციელდეს შესაბამისი გადაანგარიშებები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად უნდა გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები.

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

- უპირველეს ყოვლისა, 2022 წლის 30 ივნისს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემულ №15970/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს მიეცა 2 დავალება:

1) გადამხდელის მონაწილეობით მომხდარიყო გასაჩივრებული საკითხების ხელახალი შესწავლა და 2) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით მომხდარიყო შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება, რაც სრულად უგულებელყოფილ იქნა.

გადასახადის გადამხდელთან ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე მოხდა დასკვნის შედგენა, რითაც დაირღვა მათი კანონიერი ინტერესები. გაუგებარია, რატომ გახდა აუდიტის დეპარტამენტთან კომუნიკაცია შეუძლებელი, ან აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის დამყარება ასეთი უმნიშვნელო, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას;

- შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 29 ივლისის №25953 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 26.9%-იანი ფასნამატი, აუდიტის დეპარტამენტი გაანგარიშებისთვის იყენებს „დოკუმენტურ“ ფასნამატს, რომლითაც გამოდის, რომ იმპორტირებულია დაახლოებით 380 000 ლარის საქონელი, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო ნაშთი შეადგენს დაახლოებით 80 000 ლარს, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს დაახლოებით 300 000 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 370 000 ლარს, რაც ფაქტიურად ემთხვევა ინვენტარიზაციის მიერ დადგენილ შედეგებს დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით. შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, 300 000 ლარის სასაქონლო ნაშთიდან მიღებულ იქნა 935 000 ლარის შემოსავალი და მათ შორის, გათვალისწინებული არ არის ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი დანაკლისი, რომელიც ასევე შეადგენს დაახლოებით 55 000 ლარს, ფაქტიურად დადგენილი ფასნამატი შეადგენს 330% ( 1 000 000 შემოსავალი / 300 000 რპთ), რაც სრულიად აბსურდულია.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშების მეთოდი, შემოსავლები დათვლილი იქნეს პირდაპირი მეთოდით და ამის საფუძვლად აღებული იქნეს ამავე ობიექტზე, შემოსავლების სამსახურის მეორე სტრუქტურული ერთეულის - მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიება - ინვენტარიზაცია, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიების შედეგების უგულებელყოფა ეჭვქვეშ აყენებს თვითონ შემოსავლების სამსახურის მიმართ ნდობას, რაც სრულიად მიუღებელია;

- დავების სხვადასხვა ეტაპზე წარდგენილ საჩივარზე დამატებით წარდგენილია შემოსავლების სამსახურის 16.10.2015 წლის №38397 ბრძანება სადაც აღნიშნულია, რომ ანალოგიურ საჩივართან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაში ასახულ ფასნამატსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფასნამატის მონაცემებს შორის უმცირესი მაჩვენებლით (გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატის ფარგლებში) და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), რომელიც თავის მხრივ ატარებს პრეცედენტულ ხასიათს. ხოლო, 2022 წლის 30 ივნისის №15970/2/2022 გადაწყვეტილებით, დავების საბჭომ ფაქტიურად გაიზიარა გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რაც აისახა გადაწყვეტილებაშიც, რადგან ინვენტარიზაციის ფასნამატი მათ შემთხვევაში დოკუმენტურზე ნაკლები იყო, გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნეს ინვენტარიზაციის ფასნამატი.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე, აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის 30 ივნისის №15970/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს მიეცა 2 დავალება:

1. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მომხდარიყო საკითხის ხელახალი შესწავლა;

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

ამ ორი პუნქტიდან არცერთის აღსრულება არ განახორციელა აუდიტის დეპარტამენტმა, რითაც დაირღვა გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესები. თუკი აუდიტის დეპარტამენტი ვერ ახერხებს ინვენტარიზაციის მასალების დაკავშირებას, შემოსავლების სამსახურის მეორე სტრუქტურული ერთეულის მიერ, კერძოდ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 29 ივლისის №25953 ბრძანებით დანიშნული ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრული იქნა გადასახადის გადამხდელის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 26.9%, რასაც ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტი, მაგრამ გაუგებარია ჩანაწერი, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა ან ვერ იპოვა სათანადო საფუძველი ეხელმძღვანელა მონიტორინგის დეპარტამენტით დადგენილი შედეგებით. ეს მიანიშნებს კოორდინაციის ან არ ქონაზე შემოსავლების სამსახურის ამ ორ საქვეუწყებო დაწესებულებას შოროს და ამ დროს ზემოაღნიშნული ორივე უწყება შემოსავლების სამსახურის დაქვემდებარებაშია, ან აუდიტის დეპარტამენტი სუბიექტურია გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებულ გადაანგარიშებაში.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნულის და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას, ასევე პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადების სახით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (№15970/2/2022) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხების არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და რომ სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. მაგრამ, არ ირკვევა, კონკრეტულად რა სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო არ მოხდა გადაანგარიშება, ამასთან, როგორც ირკვევა, სადავო საკითხის განხილვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების არ გადაანგარიშების თაობაზე, აღნიშნავს, რომ საბჭოს 30.06.2022 წლის №15970/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს მიეცა 2 დავალება: გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გასაჩივრებული საკითხების ხელახალი შესწავლა და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება რაც სრულად უგულებელყოფილ იქნა. არცერთი დავალება არ იქნა აღსრულებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ და გადასახადის გადამხდელთან ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე მოხდა დასკვნის შედგენა, რაც ეწინააღმდეგება საბჭოს გადაწყვეტილებას. საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნეს ინვენტარიზაციის ფასნამატი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრული იქნა გადასახადის გადამხდელის ფასნამატი 26.9%-ის ოდენობით, რასაც ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტი, მაგრამ გაუგებარია ჩანაწერი, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა ან ვერ იპოვა სათანადო საფუძველი ეხელმძღვანელა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი შედეგებით. ამასთან ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინა დავის ეტაპზე, საბჭოზე წარადგინეს მათი პოზიცია და მოსმენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაც, ითხოვდნენ ანალოგიურ საჩივართან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილების გათვალისწინებას, რომლის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაში ასახულ ფასნამატსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფასნამატის მონაცემებს შორის უმცირესი მაჩვენებლით და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ხოლო, 2022 წლის 30 ივნისის №15970/2/2022 გადაწყვეტილებით, საბჭო ფაქტიურად დაეთანხმა მათ პოზიციას, ყოველ შემთხვევაში ასე აღიქვეს ხსენებული გადაწყვეტილება, რომელშიც ჩაიწერა, რომ შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოყენებულიყო ინვენტარიზაციის ფასნამატი, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებაში ჩაწერილ სიტყვებზე დაფუძნებით „სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში“ აუდიტის დეპარტამენტი არ ახდენს გადაანგარიშებას. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ უნდა მიეცეს ლავირების საფუძველი და პირდაპირ მიეცეს დავალება, რომ გამოიყენოს ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, რომელიც დადგენილია არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალათ სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადაანგარიშების განხორციელება, რადგან ვერ მოიძებნა სათანადო საფუძველი, შემოწმებით დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა, ხოლო რადგან სათანადო საფუძველი ვერ მოიძებნა, გადასახადის გადამხდელის ჩართულობაც არ მოხდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებაზე (№15970/2/2022), რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). ამგვარად, აღნიშნული გადაწყვეტილება თავის თავში მოიცავს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას შემცირების გზით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (№15970/2/2022) არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დავების საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N002- 168 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებას, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №15970/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის 30.06.2022 წლის №15970/2/2022 გადაწყვეტილების შესრულება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების არ გადაანგარიშების თაობაზე, აღნიშნავს, რომ საბჭოს 30.06.2022 წლის №15970/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს მიეცა 2 დავალება: გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გასაჩივრებული საკითხების ხელახალი შესწავლა და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება

მომჩივნი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N002- 168 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილების (№15970/2/2022) აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რაზეც შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №002-168 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (№15970/2/2022) არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დავების საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის N002-168 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებას, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის №15970/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 306 (2);